საქართველოს სარკინოგზო დერეფნისთვის თურქმენული ტვირთების გადაზიდვა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამის შესახებ “პირველს” საქართველოს ექსპრემიერმა თენგიზ სიგუამ უთხრა.
სიგუა აცხადებს, რომ ის ყოველთვის მომხრე იყო თურქმენული ტვირთის ტრანზიტი საქართველოს რკინიგზის გავლით მომხდარიყო.
“ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ტვირთების გადაზიდვა განახლებულიყო. ეს არის ახალი შემოსავალი, თურქმენები ყოველთვის კარგად იხდიდნენ, როცა მათ ტვირთებს ვატარებდით, ამიტომ ვთვლი, რომ აღდგენა სწორი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, იზრდება ქვეყნის შემოსავალი”, – განაცხადა სიგუამ.
შვიდწლიანი ინტერვალის შემდეგ, თურქმენული ტვირთი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, სახელმწიფოებს შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე 4,5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება.
მიღწეული შეთანხმების შედეგად ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად 60 მლნ ლარით შეივსება, გაიზრდება ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტერმინალებსა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.
2007-2008 წლებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, აღნიშნული ტვირთის გადამამისამართება მახაჩყალის მიმართულებით ნოვოროსისკის პორტში მოხდა.
2013 წლიდან, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფენში დაბრუნების თაობაზე. 2015 წლის პირველი წარმატებული საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია “კასპიან ტრანზიტის” მეშვეობით, საქართველოს ტეროტორიაზე 1,3 ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა.