ტოომას ჰენდრიკ ილვესი: მედვედევმა ჯერ კიდევ 2008 წელს გვითხრა, ყირიმს “დავიბრუნებთო”

ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გაითვალისწინა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ “უკრაინა არ არის ქვეყანა”.

“აიპრესის” კორესპონდენტის ცნობით, აღნიშნული განცხადებები მან რიგის კონფერენციაზე სტუმრობისას გააკეთა.

როგორც ილვესმა აღნიშნა, ევროკავშირმა რუსეთთან მიმართებაში ყველა სფეროში თავდაცვის მიმართულება უნდა გააძლიეროს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საჭირო ნაბიჯები არ იდგმება.

“ამბობენ, მოიგებს ის, ვინც დაარტყამს პირველიო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ(ევროკავშირმა – რედ.) ვინმეს უნდა დავარტყათ. იმას, ვისაც სურს მოგება, უნდა ჰქონდეს კარგი თავდაცვა და მე ამ კუთხით ვერ ვხედავ შესაბამის პროგრესს. ჩვენ არ ვაკვირდებით იმას, რასაც ამბობენ რუსეთიდან, რასაც ამბობენ ამ ქვეყნის ლიდერები.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, უკრაინა არ არის ქვეყანაო, მან მაშინ თქვა, რომ ჩვენ მივეცით მათ ყირიმი და დავიბრუნებთ მაშინ, როცა მოგვინდებაო. ამიტომ ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ გზავნილებს რუსეთიდან. ამავე წელს, მედვედევის მხრიდან იყო ასევე შემოთავაზება ყირიმთან დაკავშირებით კონდომინიმუმის დაწესების შესახებ, ერთობლივი განკარგვა სურდათ, თუმცა ყურადღება ამაზე არავინ გაამახვილა”,- განაცხადა ილვესმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო კონფერენცია “რიგა 2015” გაიხსნა. კონფერენცია “რიგა 2015” საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. კონფერენციაზე 400 ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და სამხედრო პირი მონაწილეობს. რიგაში კონფერენცია პირველად 2006 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.