ტრაგედიები “გაგვიტრუხდა” – „ადამიანი, რომელიც ჩვენს თვალწინ მოკლეს, შემდეგ დაწვეს… ბევრი იღლიცინეს“…

ეს ღლიცინი ყველაფერი იყო ჩემთვის, ყველა უბედურებისა და დაავადებული საზოგადოებისდიაგნოზი, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ბლოგერი გიორგი კიკონიშვილი, ტრანსექსუალის მკვლელობას იხსენებს და დღევანდელ რეალობასა და „გატრუხებულ“ ტრაგედიებზე საუბრობს.

გიორგი კიკონიშვილი: „რამდენიმე საათის წინ მთავრობის კანცელარიასთან, ჩვენს თვალწინ თავის მოკვლა სცადა სისტემისგან ყველა კუთხით გათელილმა მოქალაქემ. ეს ამბავი მალევე მარტივ ნიუსებად დაიშალა, წინასწარგანჭვრეტადი სათაურებით, გავაკეთეთ განცხადება, დავაშეარეთ და დავმწუხრდით.

დავმწუხრდით არა მხოლოდ იმის გამო, რაც მოხდა, არამედ იმის გამოც, რამდენად ადვილად გადავაგორეთ ჩვენს თვალწინ წუთების წინ განხორციელებული თვითმკვლელობის მცდელობა.

სამივე ხელისუფლებისა და მედიის ბრუტალური “რეალითი შოუების” დამსახურებით ადამიანებს ტრაგედიები იმდენად “გაგვიტრუხდა”, რომ ზოგჯერ არათუ შოკში ჩავარდნა, აღშფოთებაც კი გვიჭირს ხოლმე. ეს პირადად ჩემთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც გავიგე ამბავი საბი ბერიანისა, ადამიანისა რომელიც ორიოდე წლის წინ ჩვენს თვალწინ მოკლეს, შემდეგ დაწვეს და შემდეგ ამაზე ბევრი იღლიცინა გახარებულმა ბრბომ.

პირადად ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე კატასტროფული დიაგნოზი ჩვენი საზოგადოებისა. არა იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს, არა იმიტომ, რომ ტრანსსექსუალი მოკლეს, იმიტომაც კი არა, რომ მოკლეს და შემდეგ დაწვეს. (ასეთი მკვლელობები არაერთი გვინახავს, ომებიც, სამოქალაქო ომებიც, ვისღა გააკვირვებ?)… არამედ იმიტომ, რომ შემდეგ ამაზე ნახევარი საზოგადოება ღლიცინებდა – საკუთარი უდანაშაულო მოქალაქის სიკვდილზე.

ეს ღლიცინი ყველაფერი იყო ჩემთვის, ყველა უბედურების დიაგნოზი, დაავადებული საზოგადოების დიაგნოზი, რომელსაც ისიც კი ვერ გაცნობიერებია, რომ იქ, სადაც უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე ღლიცინებ, ეს სიკვდილი ადვილად, თავისუფლად იწყებს თარეშს და კაცმა არ იცის, ვის მიადგება.

საბის ტრაგედიის შემდეგ ერთადერთი შეკითხვა მიტრიალებდა თავში: “რაღა უნდა მოხდეს, რომ გამიკვირდეს?” და ეს კითხვა, რომელიც უკვე ჭირივით მძულს, გონებიდან არ ამომდის.

ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ტრაგედიები, რომელზეც ვფიქრობთ, რომ იმის იქით აღარაფერი გაგვაკვირვებს. ვსხედვართ ასე, გატრუხებული ემოციებით და ვწერთ განცხადებებს. ამ წერა-წერაში კი, ვისურვებდი ეს კითხვა ამგვარად შემოგვეტრიალებინა: აუცილებელია კი, გაკვირვებამდე მივიდეთ?

რა მარტივია კითხვაზე პასუხი, არა, არაა აუცილებელი, მაგრამ რა ძნელია ამის რეალობაში განხორციელება ისე, რომ თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეების გარშემო არა ათი, ოცი, ოცდაათი, ან ასი, ან ორიათასი, არამედ მთელი საზოგადოება შემოიკრიბო, იმისთვის, რომ მერე ესე ტრაგედიაგატრუხებულები აღარ ვისხდეთ.

წყარო: newposts.

Comments
Loading...