„ტრამპის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე საკმაოდ მკაფიო გზავნილები მივიღეთ “

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები მიიღო. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ საკმაოდ მყარი გარანტიები მივიღეთ,  ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა და საუბარი გვქონდა ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე: ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა ამერიკისგან, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც შემდგომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით გაგრძელდა. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ საკმაოდ მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.

Comments
Loading...