ტრამპის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მოლაპარაკებაზე ჩასვლა მთხოვა (ვიდეო)

დღეს  დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. გუშინ კი ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი გახლდათ, რომელმაც სახელი  იმით გაითქვა, რომ    ინოვაციურ პროექტებს ნერგავდა. მილიარდები სწორედ ამან მოუტანა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 2012 წელს იგი ქართველ გამომგონებლის ერთ-ერთი პროექტით დაინტერესდა, რომელიც საქართველოს გარდა ამერიკაშიც იყო დაპატენტებული.
ტრამპის საქართველოში ვიზიტის დროს, მისი წარმომადგენელი  ქართველ გამომგონებელს თემურ მაისურაძეს დაუკავშირდა და ბათუმში ჩაბრძანება სთხოვა.
პირველად ამის შესახებ თემურ  მაისურაძემ „ქრონიკა+“-ში განაცხადა. ამჯერად კი იგი MediaCity.ge-თან საუბრობს.
თემურ მაისურაძე:
– 2012 წელი იყო „ეროვნული ფორუმის“ წევრი ვიყავი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და შევდიოდი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.  გახსოვთ ალბათ,  ტრამპი  მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა. ჩემს შესახებ ტრამპს ინფორმაცია  ჰქონდა აშშ-ში დარეგისტრირებული ჩვენი პატენტიდან და თავისი წარმომადგენლის საშუალებით ცდილობდა ჩემს ჩაყვანას ბათუმში. სამწუხაროდ,  იმ მომენტში ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა.   ეს ყოვლად  გაუგებარი იქნებოდა პირველ რიგში პოლიტიკური თვალსაზრისით. ძალიან ვიწრო წრემ იცოდა ამის შესახებ. თან იმ დროს გვქონდა კარგი წინანადება გერმანიიდან. ეს იყო 16 მილიონიანი პროექტი. 12 მილიონ დოლარს  გერმანია აფინანსებდა. 4 მილიონის პარტნიორიც იყო ამ დროისთვის  ქართული მხრიდან. ასე რომ, უარი ვუთხარი ტრამპის წარმომადგენელს. მომთხოვეს რომ  ჩავსულიყავი ბათუმში, სადაც იმ მომენტში ბატონი ტრამპი იმყოფებოდა. უნდა შევხვედროდი ერთ-ერთ გამოგონებაზე.
– ტრამპისგან გზავნილის ტექსტი როგორი იყო?
– ძალიან გთხოვთ, ჩამობრძანდეთ ბათუმში. კონკრეტული წინადადება გვაქვს თქვენს ერთ-ერთ გამოგონებასთან დაკავშირებით. ქალმა დამირეკა და ქართულად მელაპარაკა. მე ვუთხარი უარი, რომ ეს პროექტი უკვე რეალიზებული მქონდა და არ შემეძლო სხვა პარტნიორთან თანამშრომლობის დაწყება.
– ეს პროექტი ძალაში ისევ არის?
– ეს პროექტი ძალაშია, სანამ  ჩვენი მხრიდან არ ვნახავთ პარტნიორს, რომელიც 4 მილიონ დოლარს ჩადებს. 2012 წელს ჩვენმა მხარემ, რომელიც 4 მილიონ დოლარს დებდა,  ბოლო მომენტში, მოითხოვა პატენტის მფლობელობის 50%. ეს იყო სრულიად გაუგებარი, იმიტომ რომ თუ გერმანელები დებდნენ 12 მილიონს და პატენტში შემოსვლა არანაირად არ მოუთხოვიათ, გაუგებარი იყო, ამ პიროვნებამ რაში მოითხოვა 50%. წილები ასე იყო გადანაწებული: მე და ჩემს ძმას  25%, ქართულ მხარეს 25% და გერმანულ მხარეს 50%, მაგრამ აქ პატენტმფლობელები ისევ ჩვენ ვრჩებოდით. ანუ ქართველი პარტნიორი  ისედაც იღებდა ამ საქმიდან უზარმაზარ მოგებას. ზუსტად იმდენივეს, რამდენიც ამ შემთხვევაში მე და ჩემი ძმა. ეს ქარხანა რომ ამუშავებულიყო, ასობით მილიონებზე და მილიარდებზე გავიდოდა, იმდენად დიდი იქნება მოთხოვნა  მსოფლიოში ამ მინებზე. მაგრამ, მოულოდნელად მან მოითხოვა გარანტია,  რომელიც პატენტის მფლობელობას გულისხმობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ  ჩვენ, გამოგონების ავტორები, პატენტს ერთპიროვნულად ვეღარ განვკარგავდით. ამიტომ შეწყდა  პროექტი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ მოლაპარაკება გერმანიასთან  – იქ სანდო პარტნიორი გვყავს.
– რატომ დაინტერესდა თქვენი გამოგონებით ტრამპი?
– ეს არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მინა, რომელიც მზის ენერგიით იკვებება და პულტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაამუქოთ ან გააღიავოთ რამდენზეც  გნებავთ. თუ მას დააყენებთ ავტომატურ რეჟიმზე, მაშინ რამდენჯერაც მზე ამოვა და მოაჭერს მინაზე,   გამუქდება მინა. დაბინდებისას კი, მზე რომ ჩასვლას დაიწყებს, მინა თვითონ  დაიწყებს გაღიავებას. შედარებისთვის, ვისაც სახლში დაბურული მინები აქვს, იმას საათანხევრით ადრე უწევს დილით  ნათურის  ჩართვა და საღამოთი ანალოგიურად. ამ შემთხვევაში ამისგან  დაზღვეულები ხართ. ამ მინით თქვენ შეგიძლიათ როგორც ე.წ. ვირტუალური ფარდა „გაწიოთ“ ანუ „ჩამოაფაროთ“.
– მსოფლიოში ამის ანალოგი თუ არსებობს?
– არსებობს მხოლოდ სენტგობეინის მინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს გამოყენებული თავის რეზიდენციაში და  რომლის ღირებულება შეადგენს 1500 დოლარს ერთი კვადრატულ მეტრზე.  სენტგობეინის მინა ელექტროენერგიაზეა მიერთებული და  მოიხმარს 110 ვოლტ  ელექტროენერგიას და 70 ვატს. ანუ დღეს რომ მსოფლიოში დაიწყოს სენტგობეინის მინების  ინტენსიური გამოყენება, ამას დასჭირდება დედამიწაზე კიდევ ორი იმდენი ელეტროსადგურის აშენება. გარდა ამისა, სენტგობეინს აქვს  მხოლოდ ორი პოზიცია, დააწვები რძესავით  გახდება, დააწვები და გამჭვირვალეა. ასე რომ, ჩვენსას ანალოგი არ გააჩნია. პირველი იმიტომ, რომ ელექტრო კვებას არ მოითხოვს. მეორე –  ღირებულება თავისი მოგებით და ყველაფრით იქნება მაქსიმუმ 250 დოლარი კვ.მ-ზე. თანაც აქვს  ორი კი არა, ყველა პოზიცია (აბსოლუტური გაუმჭვირვალობიდან სრულ გამჭვირვალობამდე). გარდა ამისა, ჩვენი მინა ირეკლავს 70%-ს ინფრაწითელ სხივებს.
– ტრამპს უარი უთხარით, კიდევ ვინმე დაინტერესდა თქვენი პროექტით?
– ჩემი ძმა ცდილობდა მის რეალიზებას.  ორჯერ იყო ისრაელში წასული, მათ შორის ახლახანს.  შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მათ აქვთ ცოტა უცნაური პირობა. ებრაელები ამბობენ, რომ  დიდ თანხას ვერ ჩავდებთ, მაგრამ  ორასი ათასი დოლარის ფარგლებში დავამზადებთ დიდ მინას, მაგალითად ორი მეტრი ერთ მეტრზე. ეს მინა შემდეგ გავიტანოთ გამოფენებზე, მივიღოთ დაკვეთები და დაკვეთებს რომ მოვაგროვებთ, მერე ჩავდოთ დიდი ფულიო.  არც ეს არის ცუდი ვარიანტი. 250-300 ათასი დოლარი ჩადო იმაში, რომ დარწმუნდე რაღაცაში, გაიტანო და მოძებნო დამკვეთები, ესეც პოზიციაა. ცუდი პირველ რიგში არის ის, რომ საქართველოში არ კეთდება, მაგრამ არც ეს არის პრობლემა. შესაძლებელია დავეთანხმოთ კიდეც, მაგრამ დავკარგავთ გერმანელ პარტნიორებს.
– გერმანელების შემთხვევაშიც ხომ არ კეთდებოდა საქართველოში?
–  გერმანელები მოდიოდნენ ამაზე, ებრაელები არ მოდიან. გერმანელები ამბობდნენ, რომ  პირველი ქარხანა გაკეთდება ჩვენთან ჰერბერშტატში. მეორე ქარხანა კი  გავხსნათ თქვენთანო. ებრაელები კი ამბობენ ასეთ რაღაცას, ჩვენ თუ დავიწყეთ ამის გაკეთება, დავიწყებთ იქ, სადაც გადავწყვეტთ ერთად და რადგანაც მე ვარ თავიდანვე ფულის ჩამდები ამაში, მინდა მეტი ხმის უფლება მმართველობაშიო.
– ისე, ბატონო თეიმურ, სხვა ქვეყანაში თქვენ მილიონერი იქნებოდით?
– აქ რომ იყოს წარმოება, არავის შევაწუხებდი. სამშობლო ის ადგილია, სადაც ადამიანი ყველაზე ღირსეულად გრძნობს თავს.
თემურ მაისურაძე: „ტრამპის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მოლაპარაკებაზე ჩასვლა მთხოვა“
წყარო:mediacity.ge
Comments
Loading...