წამება და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი – რა დოკუმენტზე მუშაობს ბესელიას კომიტეტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილის, გია ვოლსკის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ექსპერტების მონაწილეობით დოკუმენტი ჩამოყალიბდა, რომელიც 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენებების ნაკრებს წარმოადგენს.

როგორც მან “პრაიმტაიმის” პრესკლუბში განაცხადა, ასევე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტულად წამების თემებთან დაკავშირებით.

“წამების ბრალდებით ასზე მეტი ადამიანია გასამართლებული. ვფიქრობ, ამას კიდევ კონკრეტული საქმეები დაემატება, რომელმაც შეიძლება რაღაც წიაღსვლების აუცილებლობა გამოიწვიოს. გამოძიების აუცილებლობა დააყენოს და შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს და პირებს მიადგეს ეს თემა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის განხორციელებული კონტრშეტევა. საიდან მოდის ეს კონტრშეტევა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ დეპუტატს, მათ შორის, მეც, მანანა კობახიძეს, ეკა ბესელიას, ყველას, 150-ვე დეპუტატს, არათუ უფლება გვაქვს, ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში, თუკი საკითხი ეხება საჩივარს უსამართლობის შესახებ, თუნდაც, ეს ერთი შეხედვით უსაფუძვლო იყოს, შესაბამის ორგანოს ამ საკითხის დეტალური შესწავლის მოთხოვნით მივმართოთ. მათ შორის, მივმართოთ შეწყალების სახელმწიფო კომისიასაც. ეს არის ფაქტი და ამის უარყოფა ან რაღაც შესაძლო გარიგებების ამასთან დაკავშირება, ვფიქრობ, რომ არათუ უსაფუძვლო, უზნეოც არის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Leave A Reply

Your email address will not be published.