წამლების გაუთავებელმა გაძვირებამ ექიმებიც შეაშფოთა

გაძვირებული მედიკამენტები არა მარტო პაციენტებისთვის იქცა დიდ თავსატეხად, არამედ ექიმებისთვისაც. ბოლო დროს წამლები ძალიან გაძვირდა და ამ უარყოფით ტენდენციამ მედიკოსებიც კი შეაშფოთა. არასამთავრობო სექტორი კი მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს იწყებს.

კლინიკა „ბაიები“-ს ექიმი ნათია დემეტრაძე უკმაყოფილებას გამოთქვამს გაძვირებულ პრეპარატებთან დაკავშირებით. ამ ფაქტთან დაკავშირებით პაციენტების დამოკიდებულებაც უფრო და უფრო ნეგატიური ხდება. დემეტრაძეს იმედი აქვს, რომ ეს რთული სიტუაცია დასტაბილურდება.

„მედიკამენტების ფასები დღეს კატასტროფულია. პაციენტების უკმაყოფილებაც იზრდება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მართლაც ძალიან რთული მდგომარეობაა. ადამიანები ვეღარ ყიდულობენ წამლებს. განსაკუთრებით რთულია ვითარება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული დაავადებები. მათთვის პრეპარატის შეწყვეტა შეიძლება სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდეს.

სიტუაცია იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. აუცილებელია, რომ მიღებულ იქნას რამე ზომები და დასტაბილურდეს ფასები. სხვა შემთხვევაში მძიმე შედეგებია მოსალოდნელი. ბაზარზე მომრავლდა ჯენერიკული მედიკამენტები, მათ შორის, ინდურიც. მიწევს მათი გამოყენებაც. მათი მეშვეობით შედეგი დგება, მაგრამ ისინი არც ისეთი ეფექტურია, როგორც ორიგინალები.

მიუხედავად ამისა, იმ სიტუაციაში, როდესაც წამლის ფესები კატასტროფულადაა გაზრდილი, ჯენერიკები ერთ-ერთ გამოსავალს წარმოადგენს. ამ ფონზე კი აუცილებელია ქვეყანაში გამკაცრდეს მედიკამენტების ხარისხის კონტროლი“, – აცხადებს დემეტრაძე.

მან მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზეც.

„ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა გაუადვილებთ პაციენტებს მდგომარეობას, მათ ზუსტად ეცოდინებათ თუ ვის უნდა მიაკითხონ ჯანმრთელობის გაუარესების დროს. ასევე არ მოუწევთ არამიზნობრივი ვიზიტები ექიმთან ან ლოდინი. პაციენტების დიდი ნაწილი, როდესაც აწუხებთ ტკივილი მუცლის ღრუში, ან რამე სხვა სნეულება, ვერ ხვდება თუ რომელ ვიწრო სპეცილისტს მიმართოს. ეს იწვევს დისკომფორტსა და თანხების ზედმეტად ხარჯვას. ზემოთაღნიშნული რეფორმა კი გამოსავალია ამ მდგომარეობიდან“, – აღნიშნავს დემეტრაძე „ჯიბისისთან“ საუბრისას.

მედიკამენტების გაძვირება ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ განსაკუთრებით მტკივნეული გახდა მოსახლეობისთვის. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ 2 წელიწადში შემცირებული ფასები ახლა გაცილებით არის გაზრდილი. მომხმარებლების უკმაყოფილება კი დღითიდღე იზრდება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი დაიწყო. ორგანიზაციამ შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი, სახელად „ფანასკერტელის ინდექსი“, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ფასებზე დაკვირვების შედეგად ცნობილი გახდეს თუ როგორ იცვლება ფასი მედიკამენტების ბაზარზე.

„ფაქტია, რომ ამ სფეროს დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 1,5 მლნ-ს აჭარბებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევრისთვის მედიკამენტებზე არსებული ფასი მძიმე ტვირთია.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვფლობდეთ რეალურ ინფორმაციას, იზრდება თუ მცირდება ფასები ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე და რა პროცესები და ფაქტორები იწვევს ამ ცვლილებებს. „ფანასკერტელის ინდექსი“ სწორედ ამის საშუალებას იძლევა“, – განმარტავენ აფბა-ში.

ორგანიზაციის მიერ შესწავლის ფინალურ ფაზაშია, ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი 200 დასახელების მედიკამენტი, რომლის საფუძველზეც დაიანგარიშება ინდექსი. აფბა აცხადებს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტების შემდეგ „ფანასკერტელის ინდექსის“ ციფრობრივ და პროცენტულ გამოხატულებას უახლოეს მომავალში წარმოადგენს. „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლდება.

წყარო:for.ge
ბექა დანელია

Comments
Loading...