„წავიქეცი, გონება დავკარგე, ფეხზე გადამიარა“

„რესპუბლიკური პარტიის“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლელა ებრალიძე ფოთის მერის ყოფილ მრჩეველ შორენა მირცხულავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

როგორც ლელა ებრალიძემ „ინფო 9“-ს განუცხადა, შემთხვევა დღეს, ფოთში მოხდა.

„ახლობელს ვესაუბრებოდი, როდესაც გზის მეორე მხარეს, უკნიდან მანქანა გაჩერდა. აღმოჩნდა, რომ მანქანა შორენა მირცხულავამ გააჩერა. ილანძღებოდა, ახსენებდა ჩემს შვილს, ცხოვრებას, შეეხო ყველაფერ პირადულს. მობილურით გადაღება დავიწყე, ახლოს იმდენად მივედი, რამდენადაც მობილურს მისი შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩაეწერა. ახლოს რომ მივედი, ხელში მეცა, გამომგლიჯა მანქანიდან ტელეფონი, ხელი მკრა და მანქანა დაძრა. წავიქეცი, გონება დავკარგე, ფეხზე გადამიარა“, – განაცხადა ლელა ებრალიძემ.

მისივე თქმით, მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება და ამჟამად, კლინიკაშია მოთავსებული.

„ჩემი მობილური გატაცებულია. მირცხულავა მიმალვაშია. პოლიცია გამოვიძახე და უკვე დამკითხეს“, – აღნიშნა ებრალიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი მომხდარი ინციდენტის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს.

„მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს შორენა მირცხულავა „ფეისბუქით“ მაყენებდა შეურაცხყოფას. პოლიტიკურია, რამდენადაც ის დასაქმებული იყო ირაკლი ხახუბიას შტაბში, პიარსამსახურში. მანამდე კი, ფოთის მერის მრჩეველი იყო, რომელთანაც პოლიტიკური ოპონირება მაკავშირებს“, – აღნიშნა ლელა ებრალიძემ „ინფო 9“-სთან საუბარში.

Comments
Loading...