ცემეს თუ არა გიორგი მდინარაძე პოლიციელებმა განყოფილებაში, ამას პროკურატურა გაარკვევს

ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე განხორციელებული ძალადობის გამო, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის ცალკეული თანაშრომლების მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. აღნიშნულ ფაქტს საკმაოდ მწვავე რეაგირება მოჰყვა ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან. ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინიციატივით მოხდა ადვოკატთა შეკრება და საგაფიცვო კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილების მიღება. ხატიაშვილის თქმით, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, თუ გამოძიება დროულად და ობიექტურად არ წარიმართა.

როგორც ცნობილი გახდა, დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე _ ირაკლი შოთაძე და ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს, დავით ასათიანს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა იყო ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ამა წლის 8 ნოემბერს, პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რაზეც საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. ირაკლი შოთაძემ და მიხეილ შაყულაშვილმა ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. დაზარალებულმა გ.მდინარაძემ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული საქმე იქნება უმოკლეს დროში გამოძიებული და დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

Comments
Loading...