წერილი მამას…

” რომელ კლასში ვიყავი არ მახსოვს, თუმცა ზუსტად მახსოვს როგორ ვინახავდი დილით, სკოლაში წასვლის წინ მოცემულ ფულს 10 ნოემბრისთვის მამიკოსთვის საჩუქარი რომ მეყიდა, მახსოვს როგორ გამიხარდა შესვენებებზე მშიერი დარჩენის ფასად შეგროვებული თანხა “წვერის საპარსი ქაფისთვის ” საკმარისი რომ აღმოჩნდა და როგორ ველოდებოდი 12 საათს რომ მენახა მამიკოს რეაქცია ჩემს, ჩემით ნაყიდ, საჩუქარზე…
ყველა გოგოს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მამას, თუმცა მგონია რომ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ადამიანი იყო და ეს განსაკუთრებული სიყვარული რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ ყოველდღე ძლიერდება, კითხვაზე “დედა უფრო გიყვარს თუ მამა?!” თუ ბავშვების უმეტესობის პასუხი “ორივეა” მე დაუფიქრებლად შემეძლო მეპასუხა “მამა!”, ალბათ გრძნობდა ამ ყველაფერს და ამიტომ ვატარებდი “ზავაცკოი შვილის” სტატუსს…
არვიცი ბავშვებს რა ასაკიდან ამახსოვრდებათ ცხოვრების დეტალები, თუმცა საკმაოდ პატარა ასაკში რაფაელოებით განებივრებული გოგოსთვის ძალიან მტკივნეული რომ იყო მამის პირველი ხმამაღალი სიტყვა და მთელი დღე გაუჩერებლად რომ ტიროდა ოთახში ჩაკეტილი, კარის სახელურს მიშტერებული და ელოდებოდა მამას ესეც ზუსტად მახსოვს…
მახსენდება როგორ ვიჯექი დღის ბოლოს საბავშვო ბაღში მარტო დარჩენილი მანამ, სანამ მასწავლებელი არ დაურეკავდა და შეახსენებდა მამას რომ უნდა წავეყვანე სახლში…
მახსოვს ჯადოსნური სიტყვები -“ჩემო პუტკუნა მამიკო, შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ”, რომლების დახმარებითაც მამას ყველა “არას”, “კი” ცვლიდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ არ მოქმედებდა ჯადოსნობა მაშინ, როცა ვთხოვდი რომ მეგობართან დავრჩენილიყავი ღამით, მანამ სანამ, უკვე დიდს არ მითხრა ” არ გეგონოს რომ არ გენდობი და იმიტომ არ გტოვებ მეგობრებთა,ნ უბრალოდ მინდა რომ ჩემთან დიდხანს იყოო”…
ჩემი ბავშვობის მოგონებების ფილმში მამას მთავარი როლი აქვს, უთოს გამოყენების პირველმა მცდელობამ მამიკოს ახალი პერანგი შეიწირა, ქორწილში წასვლის წინ, თუმცა ამ ფაქტზე მხოლოდ გაიცინა, ალბათ იცოდა რამხელა ბედნიერებით და მზრუნველობით ვაუთოვებდი მის პერანგს და რომ ეს წარუმატებლობა ჩემი ცხოვრების წარუმატებლობის სიაში ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება…
ამ ყველაფერს არ გავიხსენებდი რომ არა ბევრჯერ მოსმენილი სიტყვები ” საწყალი ბავშვები” , როცა პირველად გავიგე ეს ფრაზა მაშინ გავიფიქრე რომ ოდესმე ყველას ვეტყოდი რომ მე და ჩემი და-ძმა საწყლები არა, ბედნიერები და ამაყები ვართ რომ გიორგი ჯაყელი მამაჩვენია! მამა ყველასთვის სამაგალითო იყო და დღემდე ასეა, ყველა ვინც მას იცნობდა დიდი სიყვარულით და ტკივილით იხსენებს, არ მეგულება ადამიანი რომელიც მასზე ცუდს იტყვის და რომლისთვისაც რაღაც კარგით არ ექნება თავი დამახსოვრებული .. და დღეს, როცა მამიკო 51 წლის უნდა გამხდარიყო გადავწყვიტე ყველასთვის მეთქვა ეს – ნუ შეგეცოდებით, პირიქით, ჩემი აზრით ჩემნაირი ბედნიერი გოგო ცოტაა!, მერე რა თუ მენატრება მამას კალთაში ჯდომა და მის ხუმრობებზე სიცილი, მერე რა თუ არასდროს დამავიწყდება როგორ დავდიოდით ერთად მანქანით, როგორ მიყვებოდა მთელი გზა მისი ან ბაბუებისა და ბებიების ახალგაზრდობის ამბებს, როგორ მეშლებოდა ნერვები კითხვაზე “პატარა რომ იყავი რამხელა იყავი” და როგორ მიყვარდა მასთან ჩახუტებულს ძილი, მერე რა თუ ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს, რომ მხოლოდ იმიტომ რომ მეჩქარებოდა და მეზარებოდა, ვერ შევუსრულე ბოლო თხოვნა და არ გავუკეთე ცივი ყავის…
მე მაინც ბედნიერი ვარ, რადგან გავიცანი ჩემხელა ბიჭები, რომლების პატივისცემაც მაშინვე მოვიპოვე როგორცკი ჩემი გვარი და მამას სახელი ვთქვი და ახლა მხოლოდ ამ პატივისცემის ღირსეულად შენარჩუნებაა ჩემი მოვალეობა !
ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი რომ სხვა გოგოებზე მეტი მომეთხოვება, მამაჩემი ხომ გიორგი ჯაყელია!
ბედნიერი ვარ რომ მამიკოს მაგალითზე ვისწავლე როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი, კარგი ქმარი და საამაყო მამა!
და ყველაზე მეტად იმიტომ ვარ ბედნიერი რომ, მივხვდი მთელი ცხოვრება რომ მეგროვებინა ფული იმაზე უკეთესს ვერაფერს ვაჩუქებდი მამას როგორი საჩუქარიც წელს გავუკეთ – მე ჩემს საყვარელ, პუტკუნა მამიკოს გრძნობები და გული ვაჩუქე!! და ამით დავრწმუნდი რომ ყველა მატერიალურ “სისულელეზე” მაღლა ადამიანობა დგას!
“სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი – აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს…” გ.დოჩანაშვილი
დაბადების დღეს გილოცავ მამიკო! ვეცდები ამ ყველაფრისთვის მადლობა ჩემი საქციელით გადაგიხადო და ისეთი გოგო, ქალი, დედა და ცოლი ვიყო შენ რომ გეკადრება ! <3 P.S. გაუფრთხილდით მშობლებს სანამ გყავთ, ყოველ დილით გაღვიძებისთანავე უთხარით როგორ გიყვართ, მადლობა მოუხადეთ ყველაფრისთვის და ბევრი აკოცეთ და ისე არ დაიდზინოთ რომ არ გაუმეოროთ ის ყველაფერი რაც დილით უთხარით, მაშინაც კი თუ ძალიან გაბრაზებულები ხართ მათზე <3" წერს ”საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის” დამფუძნებელი ქეთევან ჯაყელი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...