ცესკო – 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 25.3% შეადგინა

15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 25.3% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 15:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 626 954-მა ამომრჩეველმა.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა 43% გამოცხადდა.

ასევე, 50 ოლქს შორის, მაღალი აქტივობა არის ლანჩხუთი/ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა 38.7% და ბაღდათი/ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც 36.3% მივიდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 14% მივიდა. ასევე, დაბალი აქტივობაა მე-9 ოლქში, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 16.8%-მა.
„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და დააფიქსიროს არჩევანი”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...