ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაზე სასჯელი მკაცრდება

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.

ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი არსებული რედაქციით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაზე ან შენახვაზე ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ითვალისწინებს.
“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა – სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.

ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა გააცნო.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/ტარების რეგულაციების დაზუსტებას და კანონმდებლობის ნაწილობრივ გამკაცრებას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მთლიანი დანაშაულის 5% სწორედ იარაღის უკანონოდ ტარება/შენახვის პირობებში იქნა ჩადენილი და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე პრევენციული ღონისძიებების გატარება გაძნელებულია.

კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი მოიწონა და მხარი დაუჭირა მის პლენარულ სხდომაზე გატანს.

Comments
Loading...