ციხელაშვილი: დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა, განსაკუთრებით მკაცრ რეაგირებას დაიმსახურებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი დესტაბილიზაციის მცდელობაა.

ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერი ასეთი მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ რეაგირებას დაიმსახურებს.

„ზოგადად, დროული გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება იმისთვის, რომ დროული გამოძიება მოხდეს. გაკეთდა ძალიან პრინციპული, მკვეთრი განცხადებები, რომ ასეთი ფაქტები სრულიად მიუღებელია. ეს არის დაუშვებელი და არ არის მხოლოდ მძიმე კონკრეტული ფაქტი. დესტაბილიზაციის ნებისმიერი ასეთი მცდელობა, კანონის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით მკაცრ რეაგირებას დაიმსახურებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად გივი თარგამაძე იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Comments
Loading...