ციხეში პატიმარმა ახალი სპორტული თამაში, ,,ტანბურთი” გამოიგონა

მუხროვანის ამბოხის მონაწილეობისთვის ბრალდებით გასამართლებულმა ყოფილმა პატიმარმა, გია ღვალაძემ, ახალი სპორტული თამაში სამარტოო საკანში 9 თვიანი პატიმრობის დროს გამოიგონა.
საკუთარი გამოგონების დაპატენტებისთვის მან ინტელექტუალური საკუთრების ცენტრს უკვე მიმართა. აღნიშნული საკითხი აღნიშნულ ცენტრში დარგის ექსპერტმა, მამუკა სამადაშვილმა, უნდა შეისწავლოს. როგორც ცენტრში საინფორმაციო სააგენტოს Business Time- ს განუცხადეს, პასუხი ექსპერტის მიერ ანალიზის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 6 თვეში გახდება ცნობილი.
გამომგონებელი, გია ღვალაძე, Business Time-ს დეტალურად განუმარტავს გამოგონების სიახლეებს.მისი თქმით, ახალი, ნოვაციური სპორტული თამაში, “ტანბურთი” („ბოდიბოლი“), ექვსკუთხა მოედანზე, „ჰექსტაგონზე“ ითამაშება, პარამეტრებით: 130-100მ სიგრძეში და 70-50მ/60-40მ სიგანეზე. ბურთი ხელით იკერება, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით შესაბამისი თარგი არ არსებობს. ბურთი, ე.წ., “დაექვსკუთხედებულ სფეროს” წარმოადგენს. ის მოსახერხებელია როგორც ფეხ(ებ)ით, ასევე ხელ(ებ)ით თამაშისათვის. ხოლო კარი ანუ „ოვალი“ 4 მ. სიმაღლის მქონე, 4 მეტრით დაშორებულ 2(ორ) ძელზე 45 გრადუსით დახრილ ე.წ. „ოვალს“ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ის ბადით არის აღჭურვილი.
„ნოვაციის „ხერხემალი“ საიდუმლო აღარ არის: ბურთით თამაში ხელებითა და ფეხებით პარალელურ რეჟიმში გახლავთ ნებადართული „ფირმის“ ერთი უწყინარი საიდუმლოს გათვალისწინებით: კიდურების მონაცვლება მხოლოდ ბურთზე თავით „ნეიტრალური დარტყმის“ შემდეგაა ნებადართული”, – გვიხსნის იდეის ავტორი გია ღვალაძე.
გია ღვალაძე იმედოვნებს,რომ მალე ქართული სპორტის ეს ნოვაციური სახეობა საერთაშორისო აღიარებას და ცნობადობას მოუტანს საქართველოს.
„ჩემი მიზანია, მსოფლიო გაეცნოს ჩემს ქართულ “პროდუქტს”, რომელიც ნოუჰაუ გახლავთ და რომელიც ერთა შორის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობისა და ურთიერთგაგების მომტანი იქნება. გარდა ამისა, როდესაც სპორტის ეს სახეობა საერთაშორისოდ იქნება აღიარებული, ქვეყანა ამით სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. გარდა ამისა, ხილულ მომავალში „ბოდიბოლი“ ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდება და პირველი მსოფლიო ჩემპიონატიც საქართველოში ჩატარდება. თუ რას ნიშნავს ქვეყნისათვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა და ისიც, პირველისა, სასაუბრო არ არის,” – ამბობს იდეის ავტორი, გია ღვალაძე.
საინფორმაციო სააგენტოსთან გია ღვალაძე სამომავლო გეგმებზეც დეტალურად საუბრობს.
„უნდა დავაარსოთ საქართველოს “ბოდიბოლის“ (ტანბურთის) ეროვნული ფედერაცია” მასში შემავალი 12 რეგიონალური ლიგით, რომელთაგანაც 2 აფხაზეთისა და ალანიის იქნება. მათ შევთავაზებთ, რომ მხოლოდ ვერტიკალზე დაგვექვემდებარონ. ჰქონდეთ “ფედერაციის” დროშა და ლოგო, შეგვითანხმონ საკუთარი ეროვნული ჩემპიონატების “ბადე”, ხოლო სხვა დანარჩენ საკითხში იყვნენ დამოუკიდებლები, იმის ჩათვლით, რომ ნებისმიერი ფინანსური სარგებელი (“სარგებელი” ათეულობით მილიონი იქნება) ადგილზევე დაიტოვონ”, – აღნიშნავს ღვალაძე.
ამასთან, გია ღვალაძე ხელისუფლების უყურადღებობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართვას, თუმცა მათი მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.
„მივმართე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, ბატონ შალვა ლიპარტელიანს, რომელმაც ჩემი გამოგონების საკითხი მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გიორგი გოგოლაძესთან წარადგინა. მათ განმიცხადეს, რომ ნოვაციას მიესალმებიან, მაგრამ იმისათვის, რომ სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარება მიმეღო, პირველი, ე.წ., სატესტო შეხვედრა საკუთარი ძალებით უნდა მომეწყო. სატესტო შეხვედრა კი, ჩემი გამოთვლებით, 12 000 დოლარი ჯდება. ჩასატარებელია მოთამაშეებისა და მსაჯების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, გასაკეთებელია „ოვალის“ რამდენიმე კონსტრუქცია, დასამზადებელია ათეულობით სპეციალური ბურთი (მითუმეტეს, რომ „თამაშის წესებით“ „კარში“ გატანილი ყველა ბურთი მასში თამაშის ბოლომდე რჩება, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ყველა ეს ბურთი გულშემატკივრის მიმართულებით „იგზავნება“), სპეციალური სასტვენი, რომელსაც „ბოდიბოლში“ ბუკი ეწოდება. დასამზადებელია ასევე რეზინის გლუვძირიანი, მოცურებისაგან „შიპებით“ აღჭურვილი სპორტული ფეხსაცმელი და სპეციალური უნიფორმა. ასევე სამუხლეები და სამკლაურები, მუზარადი, ანუ ჩაჩქანი და ა.შ., რაც ჯამში 12 000 დილარს შეადგენს,” – განმარტავს გია ღვალაძე და აქვე დასძენს, რომ არაერთხელ სცადა ბიზნესის სფეროს დაინტერესება იდეის დასაფინანსებლად, თუმცა დღემდე მისი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

წყარო: bt.ge

Comments
Loading...