წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გარდაბანში ხმების 70,15 % მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ყველა უბნის მიხედვით წარადგინა.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა ხმების 29,85% (6,851 ამომრჩეველი) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა – 70,15 % (16,104 ამომრჩეველი).

ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა – 64-ვე საარჩევნო უბნიდან დროულად მიიღო საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები.

„უკვე გასულ ღამეს ჩვენ საზოგადოებას წინასწარი შედეგები 37 უბნის მიხედვით გავაცანით. აქვე აღვნიშნავ, რომ ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების პროცედურამ, ასევე ოქმებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის საარჩევნო უბნებიდან ოლქში ჩაბარების პროცესმა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მან ასევე ისაუბრა ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარ მაჩვენებელზე, რამაც 28 იანვრის საღამოს 8:00 სთ-თვის, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (71,748) 33, 13% შეადგინა; შედარებისთვის – 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობა 36, 37 % იყო.

საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ მედიას პროცედურული ხარვეზების შესახებაც გააცნო ინფორმაცია.

„აქვე აღვნიშნავ, რომ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა გარკვეული პროცედურული ხარვეზები, რასაც ზეგავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის მიმდინარეობაზე და ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში შეფერხებების გარეშე შეეძლოთ საკუთარი ნების გამოხატვა.

გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 13 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითხებს ეხება და რომლებსაც კომისია კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს“, – განაცხადა ბრიფინგის ბოლოს ცესკოს სპიკერმა.

Comments
Loading...