წლის ბოლოს ჩვენ გვექნება პოზიტიური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით

ევროკავშირში, საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან ოპტიმისტური განწყობაა და ბრიუსელში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ წლის ბოლოს, მაღალი ალბათობით, ჩვენ გვექნება პოზიტიური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ყველა სახელმწიფო უწყებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რათა ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით ყველა ვალდებულება შესრულებულიყო.

„დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია; ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს, მანამდე რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობდა. მოლდოვამ ეს გაცილებით ადრე დაიწყო და მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში და შემდეგ 28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს, შესაძლოა, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდეს, რადგან გასათვალისწინებულია ევროპაში არსებული ვითარება, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი შესრულებულია.
„ერთადერთი, ვინც ბრიუსელში – ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს ევროკავშირში დაუდასტურეს, რომ გაოცებულები არიან. მათ პირდაპირ უთხრეს, თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? პასუხი კი იყო, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. რა უნდა დავარქვათ ამას, თუ არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის მტრობა?!”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...