წმინდა სინოდი: მივმართავთ სასულიერო პირებს და მრევლს

წმინდა სინოდის განცხადებით, ბოლო დროს მედიასაშუალებებში ცილისმწამებლური სტატიები გამოქვეყნდა, რომლებიც მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი უარყოფითი განწყობა გამოიწვია.

ამის შესახებ ნათქვამია 22 დეკემბერს გამართული წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„როგორც ადრე, ბოლო დროსაც, მასმედიის საშუალებებით საეკლესიო საკითხებზე არაერთი ცილისმწამებლური სტატია გამოქვეყნდა, რომელთაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. ამას დაემატა სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული შეფასებები და ურთიერთბრალდებები, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი უარყოფითი განწყობა და გულისტკივილი გამოიწვია.
ისტორიის მანძილზე არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორი მწვავე დებატები იმართებოდა ამა თუ იმ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს თემები ეხებოდა არა პირად ურთიერთობებს, არამედ დოგმატურ-სარწმუნოებრივ პრობლემებს.

სარწმუნოებრივ საკითხებზე მწვავე კამათი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთი თემებიც და სხვა საკითხებიც, პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, რადგან მოქალაქეები რეალურად არსებულ ვითარებას ნაკლებად იცნობენ და ეს მათთვის შეიძლება გახდეს დაბრკოლების საგანი და ცოდვის მიზეზი.
იმ ძალებს კი, რომლებიც ეკლესიის საზიანოდ შეგნებულად მოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობა საჯარო სივრცეში გაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს.

ამიტომაც მივმართავთ სასულიერო პირებს და მრევლს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, – აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

Leave A Reply

Your email address will not be published.