ცნობილი ადამიანები, რომლებიც შიდსის დაავადებას ებრძოდნენ

ზოგიერთი მათგანი ცნობილი სპორტსმენი იყო. სხვები – კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები და მწერლები. ერთი კი ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ერთადერთი რამ, რაც ყველა მათგანს აერთიანებდა, შიდსი იყო. დაავადება, რომელიც დაახლოებით, 30 წლის წინ აღმოაჩინეს პირველად, თუმცა, ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თანამედროვე კლასიფიკაციით, აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას, ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით “შიდსი” – აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები, ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება. გაეროს შიდსის პროგრამის 2006 წლის მონაცემებით, ყოველდღიურად მსოფლიოში 15-24 წლის ასაკის 6000-ზე მეტი ახალგაზრდა ინფიცირდება ვირუსით.საქართველოში რეგისტრირებული 1156-ზე მეტი შემთხვევის უკან იმალება დაახლოებით 3500 არარეგისტრირებული შემთხვევა. გთავაზობთ ცნობილი ადამიანების სიას, რომელთაც შიდსი ჰქონდათ:ფრედი მერკური – მისმა ძლიერმა ვოკალმა 70-იან წლებში “ქუინს” მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, ხოლო თვითონ მომღერალმა ყველა დროის საუკეთესო როკ-მუსიკოსების სიაში საპატიო ადგილი დაიკავა. მისი მუსიკა ჩვენს დროშიც არ კარგავს აქტუალობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩაწერის შემდეგ, რამდენიმე დეკადაა გასული. მერკურის შიდსის დიაგნოზი 1987 წელს დაუსვეს. 1991 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ დაავადებას ებრძოდა. განცხადებიდან მეორე დღეს, 1991 წლის 24 ნოემბერს იგი შიდსის ფონზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ენტონი პერკინსი

– კინოსა და თეატრის მსახიობი, რომელიც მაყურებელს ყოველთვის დაამახსოვრდება ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქოში” ნორმან ბეიტსის როლით. პერკისნმა საკუთარი დაავადების შესახებ 1990 წელს შეიტყო. იგი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეუღლე ბერი ბერენსონი 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა. ბერი AA-11 რეისით, ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. აიზეკ აზიმოვი – ამერიკელი მწერალი, რომელიც ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობებით გახდა ცნობილი. ის 500-ზე მეტი თხზულების ავტორია. მისი ინფიცირების შესახებ გარდაცვალებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. დაავადებასთან დაკავშირებული სტიგმის გამო, რომელიც იმ დროის საზოგადოებაში იყო გამეფებული, აზიმოვის ოჯახმა გადაწყვიტა, დაემალა მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი. 1997 წელს, სიკვდილის შემდეგ, იგი სამეცნიერო ფანტასტიკის და ფანტაზიის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2009 წელს მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მარსზე.ჯია მარი კარანჯი – 1970-80-იანი წლების მოდის სამყაროს ერთ-ერთი პირველი სუპერვარსკვლავი, რომელიც Vogue-სა და Cosmopolitan-ის ყდებს ამშვენებდა და ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: Armani, Christian Dior, Versace და ა.შ. ჯია ერთ-ერთი პირველი ცნობილი ამერიკელი ქალია, რომლის გარდაცვალების მიზეზად დასახელებული იყო შიდსი. ცნობილია მოდელის ნარკოტიკული დამოკიდებულების შესახებაც. ჯია 1986 წელს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯია კარანჯის ისტორია სცენარის საფუძვლად დაედო ბიოგრაფიულ ფილმს “ჯია”, რომლის მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.რობერტ რიდი – 1970-იანი წლების კულტურული კერპი, რომელიც პირველად ტელე-ეკრანებზე სატელევიზიო სერიალებით გამოჩნდა, თუმცა, პოპულარობა მაილ ბრეიდის როლის შესრულებით მოიპოვა ფილმში The Brady Bunch. გარდა ამისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: Wonder Woman, Hawaii 5-0, and Charlie’s Angels. რიდი 1992 წელს კოლორექტალური კიბოთი და შიდსით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, დაავადების შესახებ და, რომ ის გეი იყო. არტურ ეში – ამერიკელი ჩოგბურთელი, უიმბლდონის პირველი და ერთადერთი შავკანიანი ჩემპიონი. ის არა მხოლოდ საკუთარი თამაშით, არამედ სამოქალაქო უფლებების დაცვით იყო ცნობილი. კეთილი ნების ელჩად მუშაობის გარდა, ის შავკანიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად იბრძოდა. 1969 წელს მას უარი უთხრეს სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირის ვიზაზე, რადგან ამ ქვეყანაში აპარტეიდი იყო გამეფებული. ამის შემდეგ არტურმა მოითხოვა, გაეძევებინათ სამხრეთ აფრიკა ATP-ისა და დევისის თასიდან. საბოლოოდ, ჩოგბურთელმა თავისი ბრძოლით მაშინდელი რეჟიმის პრობლემების მიმართ სერიოზული ინტერესი გააღვივა. ეში აწყობდა საპროტესტო აქციებს და რამდენჯერმე ამ აქციებში მონაწილეობისთვის მცირე ხნით საპყრობილეში მოხვდა. ეშმა დაავადების შესახებ 1988 წელს შეიტყო. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მალავდა თავის ავადმყოფობას. ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 1992 წელს გამოაცხადა. ეს მოხდა მუსიკალური ჯგუფის – Queen-ის ვოკალისტის, ფრედი მერკურის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ. არტურმა დააარსა შიდსთან ბრძოლის საკუთარი ფონდი. ჩოგბურთელი 1993 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა და მას რამდენიმე თვე დააკლდა თავის 50 წლის იუბილემდე.რაიან ვაითი – 13 წლის თინეიჯერი ინდიანას შტატიდან, რომელსაც 1984 წელს შიდსის დიაგნოზი დაუსვეს. უაითი დაბადებიდან იტანჯებოდა ჰემოფილიით და დონორის სისხლზე დამზადებულ პრეპარატებს იღებდა, რის შედეგად დაინფიცირდა. მიუხედავად ექიმების განცხადებისა, რისკის არარსებობის შესახებ, მასწავლებლები და მშობლები რაიანის სკოლიდან გაძევებას მოითხოვდნენ. ხანგრძლივმა იურიდიულმა ბრძოლამ სკოლის სისტემასთან და აღნიშნული კონფლიქტის ხშირმა გაშუქებამ, რაიანს პოპულარობა მოუტანა და იგი შიდსთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. 1990 წლამდე, ანუ სიკვდილამდე, მოზარდი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა აქციებსა და ღონისძიებებში და დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების შეცვლის საქმეში, აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით. რაიანის სახელს ატარებს აშშ-ის ფედერალური პროგრამა, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს შიდსთან ბრძოლაში უწევს დახმარებას.

Comments
Loading...