ცოტნე გამსახურდია: ნარმანიას თავხედობამ და უტიფრობამ აღმაშფოთა

ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერის დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლისას მისმა „უტიფრობამ“ აღაშფოთა, როდესაც მერმა განაცხადა, რომ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებას ელოდება.

ცოტნე გამსახურდიამ დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა. სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა.

„მე მერის თავხედობამ და უტიფრობამ აღმაშფოთა, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება. რაში ვუხდით ფულს, თუ არ არის ვალდებული 500 მეტრში გავიდეს ტერიტორიაზე და თავად შეამოწმოს, რა ხდება. ბატონი დავითი სადღეგრძელოებს ყვებოდა. მე არ ვარ არც „ქოციონალი“ და არც „ნაციონალი“, მე ჩემი შვილების ბედი მაღელვებს“, – განაცხადა გამსახურდიამ.

ამასთან, მისი თქმით, თუ მიეცა სიტყვით გამოსვლის საშუალება, ის თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკრებულოს წევრები თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მოხსენებას ისმენენ, ხმაური იყო.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ასევე, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა, მერს კითხვების დასმა დაუწყეს. რამდენიმეწუთიანი ჩოჩქოლის შემდეგ, საკრებულოს დამსწრე რამდენიმე პირი საკრებულოს დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

Comments
Loading...