წულუკიანი: სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგში მოწმედ დაუდგა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოწმე სტრასბურგის სასამართლოში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილია. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ ევროპული სასამართლოსგან ორი დღის წინ შეიტყო.

„სტრასბურგში სამართლებრივი არგუმენტებით მივდივართ, რომლებსაც სპეკულაციებთან და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, მეორე მხარე, ვანო მერაბიშვილის მხარეც ემზადება ამ პროცესისთვის. მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ და ჰყავთ მოწმეც, რომლის შესახებაც ორი დღის წინ სტრასბურგის სასამართლოდან გვაცნობეს. ასე შევიტყვეთ, რომ სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგში მოწმედ დაუდგა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მთავრობა ევროპულ სასამართლოში სამართლებრივი დებატებისა და ბრძოლისთვის არის განწყობილი.

„გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიდის. ეს არის პატიმრობის პირობები, ეს არის საკნიდან გაყვანის თეორია და ბრალდებული ამბობს, რომ გამოძიება მაინც და მაინც სანდოდ შეიძლება ვერ ჩაითვალოს. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი არ არის. ჩვენ ვართ ის მხარე, რომელიც სამართლებრივი დებატისა და ბრძოლისთვის არის განწყობილი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით ოთხი წლის წინ მიმართა.

საქართველოს მთავრობა, როგორც მხარე ევროპულ სასამართლოში არგუმენტებით 8 მარტს წარსდგება.

გასულ წელს სტრასბურგის სასამართლომ ბრალდებულ ვანო მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მისი პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან უკანონოდ გაყვანას უკავშირდებოდა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე საქართველოში გამოძიება 22 თებერვალს დასრულდა და ოფიციალური ცნობით, საკნიდან მერაბიშვილის გაყვანა არ დადასტურდა.

Comments
Loading...