წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე მოწმის დაკითხვის ახალი წესი წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მოწმეების ნებაყოფლობითი გამოკითხვისა და საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლის წინაშე დაკითხვის ახალ სტანდარტებს აწესებს. მისი თქმით, ახალი სტანდარტი სამართალდამცავების დანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობებს არ შეასუსტებს, ხოლო ადამინიას უფლებების დაცვას უფრო გაამყარებს.
„მრავალთვიანი მუშაობისა და საჯარო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა ის კომპრომისული ვარიანტი, რომლის წარდგენაც დღეს მთავრობის სხდომაზე შევძელით. ამ მოდელის დადებით მხარედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამართალდამცველებს არ შეუსუსტდებათ დანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობები, რაც უსაფრთხოების დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ მეტად აქტუალურია; მაგრამ, ამავე დროს, მათ დაუდგინდებათ ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, რაც მოწმის პარტნიორად და მის დანაშაულის გახსნის მონაწილედ ქცევას გულისხმობს. ეს მოდელი, ასევე, მაქსიმალურად იცავს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა პროექტზე მუშაობისას და, რასაკვირველია, კონსულტაციების ყველა მონაწილე ბოლომდე კმაყოფილი არ არის. მაგრამ, ვთვლი, რომ აუცილებელია, რეფორმების გზაზე საჯარო კონსულტაციებისა და კომპრომისების გზით ვიაროთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა ის, რისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულებისას.

Comments
Loading...