უახლოეს მომავალში ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტი შემუშავდება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მაჰირ უნალს შეხვდა.

როგორც „ინფო 9“-ს კულტურის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდენენ.

თანამშრომლობის ახალი ფორმა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო კავშირთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ქართველი და თურქი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. უახლოეს მომავალში უწყებებს შორის კულტურის სფეროში აქამდე არარსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, თურქ კოლეგასთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ფართო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

„გარდა ამისა, შევთანხმდით კონკრეტული სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმუშავებენ. ეს არ იქნება ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური დეკლარირება, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტულ ობიექტებთან მიმართებაში. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაზეც უკვე დღეს შევთანხმდით, გახლავთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის ერთობლივი შემუშავება. უახლოეს მომავალში ამ პროექტს, სწორედ რომ ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მომზადებულს, სატენდეროდ გაიტანს თურქული მხარე, რათა გამაგრებითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, – განაცხადა გიორგაძემ.

მხარეებს შორის გამართული შეხვედრა ასევე, დადებითად შეაფასა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა.

„ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე. შევთანხმდით ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრობა და ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. უახლოეს გეგმებში შედის დღევანდელი შეხვედრის შედეგების კიდევ უფრო გაღრმავება და უკვე საქართველოში დღეს დასახულ კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობა”, – აღნიშნა მაჰირ უნალმა.

შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა.

მაჰირ უნალი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა.

Comments
Loading...