მეშახტეების დაკრძალვას პრემიერი დაესწრება

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალავას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაუდასტურა.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მეშახტეებს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ. ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტაში სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპნენ.

მეშახტეები შახტაში 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ. მათი პოვნა შახტაში სამაშველო სამსახურების მიერ 14-საათინი სამძებრო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ნაპოვნი ცხედრები, ძლიერი დაზიანებებით, ქუთაისის პროზექტურში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება.

Comments
Loading...