თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მოუწოდებს, პრესმდივნობასა და კონკრეტული თარიღების დაკონკრეტებას თავი დაანებოს.
ამის შესახებ უგულავამ მელიას იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ფლანგი პარტიას რამდენიმე დღეში დატოვებს.
უგულავას თქმით, დღის წესრიგში ქვეყნის პრობლემების მოგვარება დგას.
„მე საერთოდ არ ვარ ჩართული და საერთოდ არ მაინტერსებს არანაირი ქონების საკითხები. ნინო კალანდაძემ ისაუბროს მზითევზე, მე კი ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ პარტიას აქვს. როდესაც რესურსი აღარ არის, მაშინ უმჯობესია ყოველგვარი მზითევის გარეშე, სუფთა ხელებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მზითევის და ჩიხტიკოპების გატანება არა მგონია ვინმეს სჭირდებოდეს“, – განაცხადა უგულავამ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, რამდენიმე დღეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ის გუნდი, რომელიც მასთანაა დაპირისპირებული, პარტიას დატოვებს.