დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ციხეში იჯდა.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფლანგმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
„ეს ერთი კვირა, რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და გულწრფელად თუ რაიმე შესაძლებლობა იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებულიყო, მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი პარტიის ერთიანობისთვის. ეს პარტია მიხეილ სააკაშვილს არ შეუქმნია. დიახ, მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე იყო, მაგრამ ეს პარტია ძალიან ბევრმა თავისუფალმა და ძლიერმა ადამიანმა შექმნა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის, პარტიის გენერალური მდივანი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის ყოფილმა მერმა სიტყვით გამოსვლაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა.
„მიხეილ სააკაშვილი, დღეს საკუთარი თავის პრობლემაა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერი და პრეზიდენტი, ლელა ქებურიას, რომელიც 2013 წლიდან მოვიდა პარტიაში და კორცხელის ინციდენტის „მუტრუკებს“ გადაეფარა, „პრაობის კაჩავს“ დაუწყებს, ლიდერობის ღირსი არ არის.
ყველა პოლიტიკოსი, ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს. 2012 წლიდან ჩვენ ჩამოვვარდით დიდი კვარცხლბეკიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც ყოველთვის სწორია. 2012 წლის შემდეგ, პარტიის ერთიანობის შესანარჩუნებლად დავიწყეთ ბრძოლა. ეს ერთადერთი პარტიაა, სადაც ვიყავი და რომლის გამოც, ციხეში ვიჯექი“, – აღნიშნა თბილისის ყოფილმა მერმა.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.