უგულავა ყოფილ თანაგუნდელებს: ვინც თვლის, რომ ხართ ნული, დარჩით იქ

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე პასუხისმგებლობას იმ ადამიანს აკისრებს, ვინც პარტია შექმნა.

საგანგებო ბრიფინგზე გიგი უგულავამ პარტიის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა.

„მიხეილ სააკაშვილი, ვისთანაც 2002 წლიდან თუ 1999 წლიდან მოვდივარ, ზუგდიდის საუბრის შემდეგ დამთავრდა. ასეთი საუბრის შემდეგ, ერთი პროცენტიც კი რომ მჯეროდეს, იმ 99% კითხვებს გვერდზე გადავდებდი, მაგრამ მანვე არ დატოვა ის ერთი პროცენტი შანსიც კი. ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა“, – განაცხადა გიგი უგულავა.

მისივე თქმით, გული სტკივა, რომ ზოგიერთ თანამებრძოლს დღეს სხვაგან ხედავს.

„აღარ არის ენის მოჩლექვის დრო. ჩვენ რეალურ საქმეებს უნდა მივხედოთ. არ ვაპირებ წარსულზე საუბარს, თუმცა მადლობას ვეუბნები მიხეილ სააკაშვილს იმ უფლებების გამო, რაც მან მე – გიგი უგულავას მომცა. პოლიტიკა არა ლიდერების და ერთმანეთის მსახურება, არამედ ხალხის მსახურებაა. ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ვინც დღეს ნულიდან ვიწყებთ. ის, ვინც თვლის, რომ ხართ ნული, დარჩით იქ“, – მიმართა უგულავამ ყოფილ თანაგუნდელებს.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული წევრები საქმიანობას „ევროპულ საქართველოში“ განაგრძობენ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.

Comments
Loading...