უგულავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე: ვიღებთ რევოლუციას, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობებს და ბიზნესს საერთოდ დაანგრევს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, ის მიმართვა გაასაჯაროვოს, რომელიც მოსამართლეებმა მის სახელზე დაწერეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უგულავამ განაცხადა, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ისრების გადატანის მცდელობაა სახეზე.

მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, სიტუაცია მართლაც საგანგაშოა, რადგან დანაშაული დანაშაულს ემატება და ეს სპირალურ ხასიათს იღებს.

„საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ხმამაღლა ეთქვა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. იმას ბევრი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ზეწოლა. ამ საქმის ანატომია ძალიან მარტივია, თუ 14 იანვარს მოსამართლეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართეს, ის ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ამ საგანგაშო ფაქტის შესახებ ეცნობებინა. ის, რომ მან საქმე პროკურატურას გადაუგზავნა, ეს გამოსავალი არ არის, ეს საქმის მიჩუმათებისა და ზეწოლის განმახორციელებელი ორგანოებისთვის დროის მიცემაა, რომ მათ ახალი ფალსიფიკაცია შეთითხნონ.

იმის ნაცვლად, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავის კომპეტენციის ფარგლებში რეპუტაციულ დაცვას აწარმოებდეს, მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომ მან პროკურატურას ეს საჩივარი გაუგზავნა. მინდა, თითოეულმა ადამიანმა ცხადად დაინახოს, ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც მას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ერქვას, მისი სამართლებრივი და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია იქნება დაახლოებით ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი”, – აცხადებს უგულავა.

უგულავას ბიზნესმენებსაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, ეს მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გადაწყვეტილება არ არის, მას დამანგრეველი ეფექტი ქართული ბიზნესისთვის და ზოგადად სამოქალაქო ურთიერთობისთვის ექნება.

„ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ნებისმიერი ბიზნესმენი თავს დაცულად ვეღარ იგრძნობს, რადგან ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება მოხდეს რევიზია ნებისმიერი უკანაკნელი 10-15 წლის განმავლობაში ტრანსაქციის ორ კერძო სუბიექტს შორის. მათ შორის, სახელმწიფო უკვე არაფერ შუაში აღარ იქნება. სამოქალაქო ურთიერთობებში რევოლუციას ვიღებთ, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობებს და ბიზნესს საერთოდ დაანგრევს. სასწორზე მხოლოდ სიტყვის თავისუფლება არ არის, რომელიც არასამთვრობოებს, ჟურნალისტებს და საზოგადოების მცირე ნაწილს შეიძლება ანაღვლებდეს, ეს ფართო პრობლემაა და იმ ჩიხში შევალთ, რომლიდანაც გამოსავალს ხელისუფლება ვეღარ იპოვის. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ „რუსთავი 2“ წითელი ხაზია და თუ მისი დახშობა მოხდება, ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ვიზეიმეთ, შეიძლება ერთ დღეს მისი გაუქმება მოხდეს”, – განაცხადა უგულავამ.

Comments
Loading...