ოდესმე მოგიკრავთ თვალი ციდან დაშვებული სინათლის სვეტებისთვის? ამ საოცარ მოვლენაზე დაკვირვება ცივ ზამთარში შეგიძლიათ, როცა მიწასთან ახლოს ყინულის კრისტალები ლივლივებენ. რა თქმა უნდა, სვეტი ფიზიკურად არსადაა განლაგებული, მას პაწაწინა კრისტალებისგან არეკლილი სინათლის სხივები ქმნიან.

სინათლის სვეტების წარმოქმნის მექანიზმი

ფოტო: WIKIMEDIA

სინათლის წყარო შეიძლება იყოს მზე, მთვარე, ან სულაც – ქალაქის განათება. ხელოვნური გზით წარმოქმნილი სინათლის სვეტები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ბუნებრივი. ის კრისტალები, რომლებიც სინათლის სვეტებს წარმოქმნიან, როგორც წესი, დამკვირვებლისა და სინათლის შორის მდებარეობენ. თუ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, სვეტების დანახვა ქუჩის განათებების გარშემო რამდენიმე მეტრშიც კი შეგიძლიათ.

On.ge ესაუბრა ასტროფოტოგრაფ დიმიტრი გოდერძიშვილს:

მოგვიყევი, როდის შეამჩნიე სინათლის სვეტები?

წამოსვლის წინა დღეს, როცა ყველაფერი ჩალაგებული მქონდა: კამერა, შტატივი და აღჭურვილობა. ღამის 2-ის ნახევარზე რატომღაც გარეთ ტემპერატურით დავინტერესდი. რომ გავედი გარეთ, ტემპერატურა ვიღას ახსოვდა. საოცარი სანახაობა დამხვდა. მანამდე APOD-ის საიტზე მქონდა ნანახი მსგავსი მოვლენა და მივხვდი, რომ ეს ნამდვილად “ის” იყო.

როცა გაიაზრე, რასთან გქონდა საქმე, რა გააკეთე პირველი?

მაშინვე შევვარდი სახლში. ვიცოდი, ცოტა ხანი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. კამერა და შტატივი გამოვიტანე, ძალიან თბილად ჩავიცვი და სახლის უკან ტყისკენ გავიქეცი (კარგი ხედია იქიდან). წელამდე თოვლში და -15 გრადუსში ვიარე დიდხანს შესაფერისი ადგილის საპოვნელად. დიდთოვლობის გამო რამდენჯერმე გავიჭედე კიდეც და კამერაც კი ჩამივარდა თოვლში. დიდი შანსი იყო, რომ კამერა გაფუჭებულიყო. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

რამე განსაკუთრებული აპარატი ან გადაღების ტექნიკა უნდა სვეტების დაფიქსირებას?

არაფერი ისეთი, 5-წამიანი ექსპოზიციებია, თვალითაც ძალიან მკვეთრად ჩანდა. ფოტოსგან განსხვავებით, რეალობაში ეს სვეტები ციმციმებს.

როგორც წეღან ახსენე, APOD-ზე გქონდა ნანახი ეს ფოტო. ხომ არ გაგიგზავნიათ APOD-ზე ან სხვა ასტროფოტოკონკურსში ეს ფოტო?

დიახ, APOD-ზეც გავაგზავნე და EUAPOD-ზეც. დიდი იმედი მაქვს, გამოხმაურება მოჰყვება.

აუღია თუ არა რამე პრიზი შენს რომელიმე ფოტოს?

ჩემმა რამდენიმე ფოტომ სამოყვარული ასტრონომიული დღის ფოტოს (AAPOD) პრიზი აიღო.

დიმიტრი გოდერძიშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტია. მისი ჰობია ასტროფოტოგრაფიაა.

ახლა კი დავტკბეთ საქართველოში პირველად აღბეჭდილი მოვლენის საოცარი კადრებით:

ფოტო: DIMITRI GODERDZISHVILI

ფოტო: DIMITRI GODERDZISHVILI

ფოტო: DIMITRI GODERDZISHVILI

ON.GE