“უკნიდან მიეპარა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა” – სალოსი ბერი თუ საზოგადოებისთვის სახიფათო აკვიატების მქონე ადამიანი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც თბილისის ერთ-ერთი უბნის მოსახლეობა სასულიერო პირებს მიმართავს და სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება, ზესტაფონის ქუჩის მობინადრებს, რომელთა ინფორმაციითაც, ერთ-ერთ მაცხოვრებელს თავს დაესხა ნიკოლოზ (ნარიმან) მაკარაშვილი, რომელიც მათივე თქმით, სასულიერო პირობას იბრალებს და ადამიანებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

ამონარიდი სოციალური ქსელით გავრცელებული წერილიდან, რომელიც “ფეისბუკის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა თეა პაიჭაძემ გაავრცელა:

“გთხოვთ ეს პოსტი გადაუგზავნოთ მოძღვრებს!
2016 წლის 19 ოქტომბერს ზესტაფონის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი მეზობლებს დაესხა თავს. ჯერ მიუტანა მათ წერილები, სადაც სთხოვდა საცხოვრებელი დაეტოვებინათ, რადგან 100 მილიონი ამერიკული დოლარის ვალის არ გადახდის გამო მათი საკუთრება უკვე მის მფლობელობაში გადავიდა, შემდეგ ერთ-ერთი მარტოდ მცხოვრები ქალბატონი ბინაში სცემა… ცოტა ხნის შემდეგ, ლიფტის კარები აჭედა ქსოვილებით, უკნიდან მიეპარა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა თერთმეტი შვილის მამას, მის მეზობლად მცხოვრებ მამუკა რეხვიაშვილს. ამით არ დაკმაყოფილდა, დანითა და ხანჯლით შეიარაღებული მის მოსაკლავადაც გაიწია და პატრული რომ არ ყოფილიყო, რა შედეგი დადგებოდა არავინ უწყის. მისი განიარაღების დროს პატრულს უშვერი სიტყვებით აგინებდა “მდუმარებაში” მყოფი “წმინდა ბერი” და კვლავ ითხოვდა მეზობლებს ბინები დაეტოვებინათ და მისთვის დაეთმოთ.

მამუკა რეხვიაშვილი გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, დაადეს ნაკერები და დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყოველივე ეს ხდებოდა მცირეწლოვანი ბავშვებისა და მეთორმეტე ბავშვზე ფეხმძიმე ჩემი დის თვალწინ.

უნდა აღინიშნოს რომ ბერი ნიკოლოზი პერიოდულად წერს წერილებს, რომლებიც გამოკრულია სადარბაზოში. ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ მას აქვს აკვიატება, რომ თითქოს იგი საბანკო საქმიანობას აწარმოებს და ამის გამო სახელმწიფო ბანკმა მას გამოუცხადა ომი…

დაზარალებულები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ე.წ. “მრევლი” რომელიც თვეების განმავლობაში დღე და ღამ იკრიბება სადარბაზოსა და ეზოში ამ კონფლიქტის დროს ნიკოლოზის მხარეს იჭერს და არცერთი არ ეცადა მის შეჩერებას, უფრო მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ დაზარალებულებს დახშული აქვთ სულიერი თვალები და ვერ ხედავენ იმ “მადლს”, რაც მათ მოევლინათ, რომ ნიკოლოზ-ნარიმანის საქციელი უნდა დაინახონ სხვა კუთხით. ასევე ისინი ხშირად ახსენებენ სალოს ანდრიას, რომელმაც მოკლა ბავშვი და შემდეგ გააცოცხლა და ამით მისგან განდევნა ბოროტება.

…ჩემი სიძის მოთხოვნაზე, გაესახლებინათ ეს საშიში ადამიანი მათი კორპუსიდან, პატრულის პასუხი იყო, რომ იგი ბერია და ამიტომ ერიდებიან ამ საქმეში ჩარევას. გაქირავებული ბინის მეპატრონემ უარი თქვა მის გასახლებაზე, კარგი შემოსავლის დაკარგვის გამო…” – წერია მიმართვაში.

“კვირის პალიტრა” დაზარალებულ მამუკა რეხვიაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ როგორც მისმა ახლობლებმა გვითხრეს, ის ახლახან გამოწერეს ღუდუშაურის კლინიკიდან და ამ ეტაპაზე თავს შეუძლოდ გრძნობს.

საქართველოს საპატრიარქომ ამასთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა განცხადება. მას უცვლელად გთავაზობთ:

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: “მხსნელი”, “გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

რამდენიმე სასულიერო პირი, ამ ფაქტს თავისი სოციალური ქსელის გვერდზე გამოეხმაურა. მათი თქმით, ასეთი შემთხვევეის დროს, პატრული გულგრილი არ უნდა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევებში არსებობს საფრთხე.

ილია ჭიღლაძე, დეკანოზი:

– ეს არის ბანანის ქვეყანა… ვიღაც თვითმარქვია “წმინდანს”, ერეტიკოსსა და პოტენციურ მკვლელს, პატრული ხელს არ ჰკიდებს, არადა, ის არის საზოგადოების საფრთხის შემცველია… შსს გონზე უნდა მოვიდეს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამ ამაზრზენ ფაქტზე.

ზაქარია ბერიძე, მღვდელ-მონაზონი:
– ეს კაცი, თავის მრევლიანად არის ორგანიზებული სექტა. ასეთ შემთხვევებში, სამართალდამცველები უნდა იყვნენ ადეკვატური.

ასევე ირკვევა, რომ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში, სადაც მე-11 კლასელმა დარეკა და სასულიერო პირებს “აიდი” ბარათის აღებასთან დაკავშირებით რჩევა ჰკითხა, ერთი მათგანი, მოზარდს სწორედ ამ მამა ნიკოლოზთან დაკავშირებას ურჩევს და ეუბნება, რომ როგორც ის ეტყვის, ისე მოიქცეს.

ჩვენ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილის მრევლის წევრებსაც დავუკავშირდით. მათი თქმით, ბერი ნოკოლოზი სალოსის გზას შეუდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდახან შესაძლოა ისეთი რამეები ჩაიდინოს, რაც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი და ამოუხსნელი იყოს.

ლევანი:
– მიმაჩნია, რომ ორივე მხარე აზვიადებს, ქალბატონები, როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერს უფრო ემოციურად გადმოსცემენ, როგორც დაზარალებულის, ასევე, ბერის ნიკოლოზის მრევლი, რომელთაც მართლაც ძალიან უყვართ ის… ის ბერი გაბრიელის სულიერი შვილია, რაღაც დროის განმავლობაში, მდუმარებაში იყო, ახლა სალოსობს. ეს გზა ამ ბოლო დროს აირჩია, მანამდე ჩვეულებრივად ცხოვრობდა.

შემდეგ კი, ჯვარი დადო და ასე განაგრძო სვლა, ვიმედოვნებ, უფლისკენ… ვინც მამა გაბრიელი ცხოვრება იცის და მას მხოლოდ ხატებიდან არ იცნობს, ისიც ეცოდინება, რომ ასეთი, როგორც ერში ამბობენ, სასულიერო პირისთვის შეუსაბამო ქმედებები მასაც ჰქონდა. მაგალითად, მაშინ, როდესაც სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი სწირავდა, ის იქ ხმაურით შევარდა. ასევე, ხმაურით და უხეშად მიუმართავს ტაძარში მყოფებისთვისაც, მაგრამ შემდეგ ხვდებოდა მრევლი, რომ ამ ქმედების მიღმა სხვა, იმ მომენტში ადამიანური გონებისთვის შეუცნობელი და ამოუხსნელი რამ იმალებოდა. ასეთი რადიკალურ გამოხდომების ერთ-ერთი მიზანია საზოგადოების გამოფხიზლება, თუმცა, არის ისეთი რამ, რისი მიხვედრაც ყველას არ შეუძლია, რწმენაში უნდა იყო და ყველაფერს სხვანაირად უნდა შეხედო…

– თქვენ მასთან მუდმივი ურთერთობა გაქვთ?

– დიახ, თუმცა, რაღაც არაადეკვატური არაფერი შემიმჩნევია. როგორც წავიკითხე, მას მეზობლად მცხოვრები მამაკაცისთვის თავი გაუხეთქია, თუმცა არ ვიცით, რა მოხდა მანამდე. დიახ, მესმის, რომ ბერისგან საზოგადოება მეტ სიმშვიდეს მოითხოვს, მაგრამ ითქვა, რომ ამ კაცმა ბერს დედა შეაგინა… გარდა ამისა, არის ისეთი რაღაცები, რაც ჩვენი გონებისთვის ამოუხსნელია.
ზოგს შესაძლოა, ეგონოს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ასე ბევრს ეგონა ბერ გაბრიელზეც, თუმცა, შემდეგ ხომ ყველა მიხვდა, რა მადლის მატარებელი იყო და ყველამ გულით შეიყვარა, ამიტომ, იქნებ სჯობია, არ ვიყოთ ასეთი მკაცრები ერთმანეთის შეფასებისას. მას საკმაოდ ახლოს ვიცნობ და ვერ ვიტყვი, რომ მისი ქმედება მიზანმიმართული ბოროტებაა ან ანგარება.

– საპატრიარქოს განცხადებით, მას თითქმის 20 წელია შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება.

– შესაძლოა, მაგრამ თუ გახსოვთ, ბერი გაბრიელის გარშემოც იყო ატეხილი აჟიოტაჟი, იმის შესახებ ის ღვთის გლახა თუ ჭეშმარიტი უფლის მოყვარული…

დავუკავშირდით შს სამინისტროსაც, საიდანაც გვაცნობეს, რომ ადგილზე იმყოფებოდა შესაბამისი სამსახური, ჩატარდა ექსპერტიზა და გამოძიება, 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ნიშნავს.

წყარო: კვირის პალიტრა

Comments
Loading...