უკრაინაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ.

მეზღვაურები რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე გემ River Pride-ზე იმყოფებიან, სადაც მათი თქმით, სასმელი წყალი და საკვებიც კი არ აქვთ.

როგორც „ინფო 9“-ს მალხაზ მელაძემ განუცხადა, ორი თვეა, გემზე სამუშაოდ იმყოფებიან და ხელფასი ჯერ არ აუღიათ.

„დახმარებას ვითხოვთ. გვინდა სახლში წავიდეთ. შუა ზღვაში ვართ. ძალიან ცუდი პირობები გვაქვს. დასალევი წყალი არაა, საჭმელი არაა. სასიცოცხლო პირობებს რაც შეესაბამება, არაფერი არაა. როგორ გაძლებს ადამიანი. ხელფასიც ორი თვეა, არ აგვიღია. გემის დატოვება და სახლში წამოსვლა გვინდა, მაგრამ ვერანაირად ვახერხებთ“, – განუცხადა „ინფო 9“-ს მალხაზ მელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად გემი უკრაინაში დგას.

როგორც „ინფო 9“-ს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოში განუცხადეს, სააგენტო მეზღვაურებს უკვე დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, მეზღვაურებს პრობლემები ხელფასთან დაკავშირებით აქვთ და შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

სააგენტოს ინფორმაციითვე, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდეს და საგარეო უწყება უკრაინის საკონსულოს უკვე დაუკავშირდა.

Comments
Loading...