ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება. ამის შესახებ მდინარაძემ “კურიერში” ისაუბრა.
მდინარაძის თქმით, ყველაზე ლეგიტიმური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩართულიყვნენ საკანონმდებლო პროცესში, რაც შესაბამის დებულებაშიც მითითებულია.
“ვიტოვებთ იმედს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც წყენით უნდა ისაუბრო, რომელზეც ემოციური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დემოკრატიის გაცილებით მაღალი ხარისხი. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიღებს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას და ჩაერთვება კომისიის მუშაობაში,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ 12 დეკემბერს განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, “საქართველოს პარლამენტის მხრიდან შეთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს და წარდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და ლეგიტიმაციას”.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა იყო. კომისიას, რომელიც 9 დეკემბერს შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, უცხოელი პარტნიორები და ვენეციის კომისია.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო სახალხო და საპარლამენტო განხილვები გაიმართება.