უოტერგეიტის სკანდალი – 40 წლის შემდეგ

უოტერგეიტის სკანდალი 40 წლის შემდეგ

უოტერგეიტის ცნობილი სკანდალის შემდეგ უკვე 40 წელი გავიდა. ამისდა მიუხედავად, უოტერგეიტი ამერიკის ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ პოლიტიკურ სკანდალად რჩება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სკანდალის შედეგად აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გადადგა – ასეთი რამ ამერიკის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ მოხდა. გარდა ამისა, საქმეში დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 30-მდე ადამიანს, მათგან 19 პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ხელახლა არჩევის კომიტეტის წევრი იყო.

უოტერგეიტმა ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებას წარუშლელი დაღი დაასვა. ამ სკანდალის შემდეგ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პოლიტიკურ სკანდალს “გეიტ” ბოლოსართს დაურთავენ ხოლმე. უოტერგეიტს ამერიკულ პოლიტიკაში “ახალი სტანდარტების” დამკვიდრებაში დიდი წვლილი მიუძღვის – შეიცვალა მედიაში მთავრობის საქმიანობის გაშუქებისადმი მიდგომა, შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება და ნდობა მთავრობისადმი, შეიქმნა ახალი ინსტიტუტები, მაგალითად, სპეციალური პროკურორის ინსტიტუტი და სხვ. შეიძლება ეს ხმამაღლა იყოს ნათქვამი, მაგრამ ამერიკაში “უოტერგეიტის შედეგად ტყუილის თქმა უფრო ძვირი ჯდება”. და კიდევ ერთი, უოტერგეიტმა მეოთხე ხელისუფლების რეალური ძალა და მნიშვნელობა გამოააშკარავა.

და მაინც, რა მოხდა 1972 წლის 17 ივნისს?

რატომ “უოტერგეიტი”?

1

“უოტერგეიტ” – 1972-1974 წლებში მომხდარი პოლიტიკური სკანდალების მთელი კომპლექსის კრებითი ტერმინია. ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ვირჯინია ავენიუს 2600-ში უოტერგეიტის სასტუმრო მდებარეობს. უოტერგეიტის კომპლექსი ყოველთვის მრავალ ოფისსაც მასპინძლობდა, მათ შორის, 1972 წელს დემოკრატების ნაციონალურ კომიტეტსაც. 1972 წლის 17 ივნისს სწორედ უოტერგეიტის შენობაში მდებარე დემოკრატების ოფისი 5 უცნობმა გატეხა. აქედან დაიწყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური სკანდალი, რომელიც “უოტერგეიტის” სახელწოდებით არის ცნობილი.

დღეს უოტერგეიტი უკვე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სინონიმია. გარდა ამისა, ეს ტერმინი მთელ რიგ დანაშაულებებთან მიმართებაშიც გამოიყენება: პოლიტიკური ქურდობა, მექრთამეობა, ფულის გამოძალვა, სატელეფონო საუბრების მოსმენა, შეთქმულება, სასამართლო ობსტრუქცია, მტკიცებულებების განადგურება, გადასახადების დამალვა, საარჩევნო კამპანიის დროს დაფინანსების არალეგალური წყაროების გამოყენება, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო რესურსების არალეგალური გამოყენება.

უოტერგეიტის კონტექსტი

1

უოტერგეიტის მთავარი შედეგი ის იყო, რომ ამერიკელებმა ხელისუფლებისადმი ნდობა დაკარგეს. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ უოტერგეიტის სკანდალი განცალკევებული მოვლენა არ ყოფილა და 60-იანი წლების ბოლოს დაწყებული პროცესის მხოლოდ კულმინაციურ მომენტს წარმოადგენდა. ამერიკის პოლიტიკის “ოქროს ხანა” კენედის სიკვდილთან ერთად (1963 წელი) დასრულდა და მას შემდეგ მოსახლეობის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ თანდათან იცვლება.

1958-1964 წლებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით, ამერიკის მოსახლეობის 1/2 მთავრობას ნდობას უცხადებდა, 1966 წელს – 65 პროცენტს, 1968 წელს – 61 პროცენტს, 1970 წელს – 53 პროცენტს, 1974 წელს ანუ უოტერგეიტის შემდეგ – 36 პროცენტს. რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად ეკონომიკური ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი. 1984 წლის გამოკითხვით – რეიგანის მმართველობის პერიოდია და ქვეყანა ეკონომიკურ ბუმს განიცდის – მოსახლების ნდობის მაჩვენებელი 44 პროცენტამდე ადის. თუმცა, უკვე 1997 წლის გამოკითხვებით, მაჩვენებელი 32 პროცენტამდე ეცემა, ეს მაშინ, როცა აშშ არის ერთადერთი სუპერძალა, ეკონომიკა აღმავლობას განიცდის, დამნაშავეობა კი კლებულობს.

რა იყო წლების მანძილზე მოსახლეობის ნდობის ასე მკვეთრად შეცვლის მიზეზი? მიზეზი ერთი არ ყოფილა და აქ მოვლენებისა და ფაქტორების მთელი კომპლექსი უნდა გავითვალისწინოთ.

1960-იანი წლების ბოლო აშშ-ში დიდი პოლიტიკური და სოციალური ძვრების პერიოდია. პრეზიდენტ ჯონსონის რეპუტაცია ვიეტნამის ომის შედეგად შეილახა. ჯონსონი აცხადებს, რომ 1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს. ამ პერიოდშივე ყალიბდება შავკანიანთა უფლებების დაცვის და აგრეთვე ომის წინააღმდეგ მოძრაობები, საუნივერსიტეტო კამპუსები კი მეამბოხურმა სულისკვეთებამ მოიცვა.

1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი რიჩარდ ნიქსონი ამერიკის 37-ე პრეზიდენტი ხდება. ნიქსონის წინასაარჩევნო დაპირებათაგან მთავარი ვიეტნამში ომის დამთავრება იყო. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ნიქსონის პრეზიდენტობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა – ნიქსონმა ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და საბჭოთა კავშირთან “დეიტანტი” ანუ დაძაბულობის განმუხტვა მოახერხა. რომ არა უოტერგეიტი, ნიქსონი ამერიკის ისტორიაში შევიდოდა როგორც პრეზიდენტი, რომელიც “ჩინეთში ჩავიდა”, მაგრამ მისი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა.

რა მოვლენები უსწრებდა წინ ნიქსონის გადადგომას?

1

1971 წელს ამერიკულ გაზეთებში “ვაშინგტონ პოსტსა” და “ნიუ-იორკ ტაიმსში” იბეჭდება ე.წ. “პენტაგონის ქაღალდები”, თავდაცვის დეპარტამენტის საიდუმლო მასალები, რომლებიც ვიეტნამის ომში ამერიკელების ჩარევას ეხებოდა. გაზეთის ინფორმატორი თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი დენიელ ელსბერგი აღმოჩნდა. ნიქსონი უზენაეს სასამართლოს მიმართავს და პუბლიკაციის საკითხი “ნიუ-იორკ ტაიმსის” სასარგებლოდ წყდება. ამ დროიდან იწყება ნიქსონის ბრძოლა მისი კრიტიკოსებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. 1972 წლის არჩევნების წინ ნიქსონი შელახული რეპუტაციის აღდგენასა და ოპონენტების პოლიტიკურად განადგურებას ცდილობს. უოტერგეიტი, ფაქტობრივად, ამ მომენტიდან დაიწყო.

ნიქსონის ინიციატივით ჩამოყალიბდა თეთრი სახლის საიდუმლო სპეციალური საგამოძიებო ერთეული, ე.წ. “პლამბერების” (ინგლისურად პლამბერი წყალგაყვანილობის სპეციალისტს, ზეინკალს ნიშნავს) ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის პოლიტიკურ ოპონენტთა პირადი ცხოვრების გამოძიებას იწყებს. საუბარი იყო იმაზეც კი, რომ ნიქსონს აქვს შედგენილი “შავი სია”, რომელშიც მრავალი დემოკრატის სახელი იყო შესული. სწორედ “პლამბერები” შეიჭრნენ ელსბერგის ფსიქიატრის ოფისში მაკომპრომეტირებელი საბუთების ხელში ჩაგდების მიზნით. ამავე პერიოდში ნიქსონმა პოლიტიკურ ოპონენტებთან გამკლავების კიდევ ერთ საშუალებას მიაგნო – თეთრი სახლის ოვალურ დარბაზსა და კიდევ რამდენიმე ოთახში ჩამწერი მოწყობილობები დაამონტაჟეს. ეს 1972 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ ღონისძიებათა ჯაჭვის ერთ-ერთი, შესაძლოა, უმთავრესი რგოლი იყო, რადგან დემოკრატების წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებისა და მათი დისკრედიტაციის საშუალება იყო. გარდა ამისა, მოსასმენი მოწყობილობები უოტერგეიტის სასტუმროში, დემოკრატების ნაციონალური კომიტეტის ოფისშიც დაამონტაჟეს. დემოკრატების ოფისის მოსმენა და ოფისში შეღწევა რესპუბლიკელთა დიდი გეგმის “მარგალიტი” იყო (ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილის შეფასება).

1972 წლის 17 ივნისს დემოკრატების ოფისში შესული პირები გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) აგენტის გორდონ ლიდის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. გორდონ ლიდი ჯაშუშური ოპერაციების დაგეგმვის დიდოსტატი იყო და მათი განხორციელებისთვის მრავალფეროვან ხერხებს იყენებდა: მეძავები, სატელეფონო საუბრების მოსმენა, ადამიანთა გატაცება, ოპონენტთა მაკომპრომეტირებელი ფოტოების შეგროვება და სხვ. უოტერგეიტში მოსმენისა და შეღწევის ოპერაციას “პლამბერების” წევრი ჰოვარდ ჰანტი ხელმძღვანელობდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ჰანტი ელსბერგის ფსიქიატრთან შეღწევის ოპერაციის მთავარი ორგანიზატორიც იყო (სხვათა შორის, კენედის მკვლელობასთან (1963 წელი) ჰანტის შესაძლო კავშირზეც საუბრობდნენ). კავშირი უოტერგეიტის შემთხვევასა და პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას შორის ნაწილობრივ ჰანტის წყალობით დადგინდა. საქმე ის არის, რომ გამოძიებამ ჰანტის ტელეფონის ნომერი უოტერგეიტში შეღწეულთაგან ერთ-ერთის სატელეფონო წიგნში აღმოაჩინა.

დემოკრატთა ოფისში შეღწეულთაგან ოთხნი გადასახლებული კუბელების მაიამის სათვისტომოს წევრები იყვნენ და გამოძიების პერიოდში მათ “კუბელების” სახელით მოიხსენიებდნენ. თუმცა, მათგან ერთი კუბური წარმოშობის არ ყოფილა. ჯგუფის მეხუთე წევრი ჯეიმს მაკკორდი ნიქსონის საარჩევნო კომიტეტში უსაფრთხოების საკითხებს განაგებდა.

დღემდე დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ რას ეძებდნენ დემოკრატების ოფისში შესული პირები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი აპირებდნენ სამი კვირით ადრე დაყენებული ტელეფონის მოსასმენი მოწყობილობის შეკეთებას (სავარაუდოდ, გაფუჭდა). გარდა ამისა, ისინი საბუთებში რაღაცას ეძებდნენ და ფოტოებიც გადაიღეს. მათი გეგმა უოტერგეიტის სასტუმროს დარაჯმა ჩაშალა – მან დაინახა, რომ დემოკრატების ოფისის კარზე ლუქი მოხსნილი იყო და პოლიციას გამოუძახა. ოპერაციის მსვლელობას თვალყურს ადევნებდა გზის მეორე მხარეს ჰოვარდ ჯონსონის სასტუმროს 723-ე ნომრის აივანზე მყოფი “პლამბერების” ჯგუფის რამდენიმე წევრი.

გამოძიებამ სწრაფად დაადგინა მათი შესაძლო კავშირი პრეზიდენტის ხელახლა არჩევის კომიტეტთან შეღწეულთა ჯიბეებში აღმოჩენილი ტკიცინა 100-დოლარიანი კუპიურების მეშვეობით. თუმცა, თეთრი სახლი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის ხელახლა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მიტჩელი უოტერგეიტის შენობაში შეღწეულ პირებთან რაიმე კავშირს უარყოფდნენ. დემოკრატთა ოფისში შეღწევას ნიქსონმა “მესამეხარისხოვანი ქურდობის” კვალიფიკაცია მისცა. ამავე დროს, ნიქსონი ხვდება, რომ მოვლენები მისთვის სახიფათოდ ვითარდება და საქმის მსვლელობაში პირადად იწყებს ჩარევას.

ამ კავშირის დადგენაში ოფიციალურ გამოძიებას “ვაშინგტონ პოსტის” კორესპონდენტთა ჟურნალისტური გამოძიებაც დაეხმარა. უოტერგეიტის საქმეში “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტების ჩარევა დემოკარტთა ოფისში შეღწევიდან მეორე დღესვე დაიწყო. მას შემდეგ, რაც “ვაშინგტონ პოსტის” კორესპონდენტმა ვუდვორდმა გაიგო, რომ მაკკორდი დაკითხვის დროს ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოს (ცსს) ახსენებს, იგი მიხვდა, რომ ეს უბრალო შეღწევა არ უნდა ყოფილიყო. ასე ჩაეყარა საფუძველი ვუდვორდისა და ბერნსტინის გამოძიებას, რომელმაც მათ “პულიცერის პრემია” მოუტანა.

1972 წლის 17 ივნისს “ვაშინგტონ პოსტის” პირველ გვერდზე ქვეყნდება ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნსტინის პირველი სტატია უოტერგეიტზე. უკვე ერთ თვეში კი იბეჭდება სტატია, რომელშიც ჟურნალისტური გამოძიების ავტორები საუბრობენ დემოკრატთა ოფისში შეღწევის შესაძლო კავშირზე პრეზიდენტის ხელახლა არჩევის კომიტეტთან. პრეზიდენტს ამ პუბლიკაციაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა – ნიქსონი გაზეთს ეკონომიკური სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით დაემუქრა. ნიქსონი ღიად უცხადებს ომს “ვაშინგტონ პოსტს”: “პოსტს ძალიან საშინელი, საშინელი პრობლემები ექნება. მათ ტელეარხი აქვთ და ლიცენზიის განახლება დასჭირდებათ. თამაში საშინლად უხეში წესებით წარიმართება”.

კიდევ ორ კვირაში “ვაშინგტონ პოსტის” პირველ გვერდზე იბეჭდება ვუდვოდ-ბერნსტინის ახალი, სენსაციური პუბლიკაცია – ჟურნალისტები, სანდო წყაროზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გამოძიების კომიტეტში არსებობს საიდუმლო ფონდი (350,000 დოლარი), რომელსაც 5 კაცი აკონტროლებს. მათგან ერთი იუსტიციის მინისტრი ჯონ მიტჩელია. ეს ფონდი გამოიყენებოდა დემოკრატების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების დასაფინანსებლად. ბერნსტინი პირადად უკავშირდება მიტჩელს და ეუბნება, რომ ასეთი ინფორმაცია აქვს და ის გაზეთში დაიბეჭდება. მიტჩელი აღშფოთებას ვერ მალავს და სტატიის დაბეჭვდის შემთხვევაში “ვაშინგტონ პოსტის” გამომცემელს ქეთრინ გრეჰემს ემუქრება. ქეთრინ გრეჰემი და აღმასრულებელი რედაქტორი ბრედლი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სტატია უნდა დაიბეჭდოს.

ამის შემდეგ ადმინისტრაცია “ვაშინგტონ პოსტს” ბოიკოტს უცხადებს – მათ სატელეფონო ზარებზე არ უპასუხებენ, მათ შეხვედრებს არ ესწრებიან და სხვ. ნიქსონი პირადადაც კი ჩერთო ამ კამპანიაში. იგი წერილს უგზავნის თეთრი სახლის კადრების უფროსს (რომელიც ნიქსონის “მეკარის” მეტსახელით არის ცნობილი) ბობ ჰელდემანს: “არავითარ შემთხვევაში “ვაშინგტონ პოსტიდან” არავის შეხვდეთ და მათ ზარებს არ უპასუხოთ. მოეპყარით “ვაშინგტონ პოსტს” ძალიან ცივად – მის ყველა თანამშრომელს ასე უნდა მოექცეთ”.

“მეგობრობა ეარლიჩმანთან და ჰელდემანთან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა”, წერს ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტი. საქმე ის არის, რომ 1972 წლის 23 ივნისს ნიქსონსა და ბობ ჰელდემანს შორის შედგა საუბარი, რომელიც ნიქსონისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ჰელდემანი ნიქსონს სთავაზობს, გფბ-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ეს საუბარი ოვალურ დარბაზში ნიქსონისვე ბრძანებით დამონტაჟებულმა ჩამწერმა მოწყობილობამ დააფიქსირა. ასე დაიწყო ამ ისტორიაში დანაშაულის დაფარვა. შემდგომში სწორედ ეს ფირი გახდა ის ბოლო წვეთი, რომელმაც ნიქსონის წინააღმდეგ არა მარტო დემოკრატები, არამედ უკვე რესპუბლიკელებიც აამხედრა.

1972 წლის ოქტომბერში “ვაშინგტონ პოსტში” იბეჭდება სტატია, რომელშიც უოტერგეიტში შეღწევა გრანდიოზული პოლიტიკური ჯაშუშობისა და საბოტაჟის ეროვნული მასშტაბის კამპანიის მხოლოდ ერთ შემადგენელ ნაწილად არის მიჩნეული. ეს კამპანია პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას ემსახურებოდა და თეთრი სახლისა და ხელახლა არჩევის კომიტეტიდან იმართებოდა.

“ვაშინგტონ პოსტზე” ადმინისტრაციისა და საზოგადოების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, ჟურნალისტები ჯიუტად აგრძელებდნენ გამოძიებას. აღსანიშნავია, რომ გაზეთის მკითხველები ჟურნალისტებს არაპროფესიონალიზმსა და პატრიოტული გრძნობის უქონლობაში ადანაშაულებდნენ, ანუ ამერიკას არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ 1972 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში ნიქსონი 61 პროცენტით ყველა შტატში იმარჯვებს, მასაჩუსეთსის შტატისა და კოლუმბიის ოლქის გარდა. უოტერგეიტს არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია.

“ვაშინგტონ პოსტის” წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა მალე ნაყოფი გამოიღო – კომპანია ფინანსურ პრობლემებს განიცდის. მას მოუხდა ბრძოლა მაიმიში ორი ტელეარხისთვის ლიცენზიის განახლებაზე. ადმინისტრაციის ან, ყოველ შემთხვევაში, მისი ქვეშევრდომების ჩარევა მათი ტელეარხებისთვის ლიცენზიების მიღებისას დაბრკოლებების შექმნაში აშკარა იყო, რადგან 30 ტელეკომპანიიდან პრობლემა მხოლოდ “ვაშინგტონ პოსტის” არხებს შეექმნა. კომპანიის აქციების ღირებულება 38 დოლარიდან 16-17 დოლარამდე დაეცა, რითაც კომპანიის ღირებულება განახევრდა. ადმინისტრაციასთან ბრძოლას “ვაშინგტონ პოსტი” ჯერჯერობით აგებდა. ქეთრინ გრეჰემი ამ პერიოდს იხსენებს: “ვაშინგტონ პოსტის” არსებობა ბეწვზე ეკიდა”. თუმცა, ჟურნალისტური გამოძიება მაინც გრძელდებოდა.

1973 წლის იანვარში უოტერგეიტის საქმის სასამართლო პროცესი დაიწყო. ჰანტმა და “კუბელებმა” თავი დამნაშავედ ცნეს შეთქმულებაში, დემოკრატების ოფისში შეღწევასა და სატელეფონო საუბრების მოსმენაში. ლიდს და მაკკორდს იგივე ბრალდება წაუყენეს.

1

1973 წელს მაკკორდი მოსამართლე სირიკას უგზავნის წერილს, რომელშიც არ აცხადებს, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ. ეს “ვაშინგტონ პოსტის” ტრიუმფის დასაწყისი იყო, რადგან მაკკორდის წერილით მათი პუბლიკაციები დასტურდებოდა. 30 აპრილს ნიქსონი სატელევიზიო გამოსვლაში აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას კისრულობს მისი ქვეშევრდომების კავშირზე უოტერგეიტის საქმესთან. მეორე დღეს კი მისმა პრეს-მდივანმა საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე “ვაშინგტონ პოსტს” საჯაროდ მოუხადა ბოდიში. ერთ კვირაში გაზეთს უოტერგეიტის საქმის გაშუქებისთვის “პულიცერის პრემია” მიანიჭეს.

1973 წლის 21 მარტს ნიქსონთან მიდის თეთრი სახლის ადვოკატი ჯონ დინი და ჰანტის მოთხოვნას გადასცემს. ჰანტმა მოითხოვა შეწყალების პირობა და 1 მლნ. დოლარი, რათა “პლამბერებმა” ხმა არ ამოიღონ და არ დადასტურდეს ნიქსონის ხელახლა არჩევის კომიტეტთან მათი კავშირი. დინმა აუწყა პრეზიდენტს: “ჩვენ შანტაჟს გვიწყობენ”. ნიქსონის პასუხი: “თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მილიონი დოლარი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნაღდი ფული. მე ვიცი, სად შეიძლება ამ ფულის შოვნა”.

ამ დროისთვის სენატმა დაიწყო გამოძიება (სენატის უოტერგეიტის კომიტეტი 1973 წლის თებერვალში იქმნება), იუსტიციის სამინისტრო კი თეთრი სახლისა და პრეზიდენტის ხელახლა არჩევის კომიტეტის წარმომადგენლების დაკითხვას აწარმოებს. შეთქმულების ობობა ნელ-ნელა იხსნებოდა: დინი და მაგრუდერი (თეთრი სახლის კომუნიკაციის დირექტორის მოადგილე და ჰელდემანის მოადგილე) ჩვენებებს იძლევიან. ნიქსონი იბარებს ჰელდემანსა და ეარლიჩმანს (თანაშემწე შიდა საქმეებში და “პლამბერების” ჯგუფის ხელმძღვანელი) და მათ გადადგომას უბრძანებს. გარდა ამისა, გადადგა იუსტიციის მინისტრი კლაინდინსტი. ამ პერიოდში დინი გამოძიებასთან თანამშრომლობას იწყებს და უკვე 25 ივნისს ჩვენებებს იძლევა სენატის უოტერგეიტის კომიტეტში. მისმა ჩვენებებმა დაადასტურა თეთრი სახლის კავშირი უოტერგეიტის საქმესთან. უფრო მეტიც, იგი აცხადებას, რომ ნიქსონი უოტერგეიტის შემთხვევის შემდეგ რამდენიმე დღეში პირადად იწყებს მონაწილეობის მიღებას დანაშაულის დაფარვაში.

ნიქსონის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ასისტენტის ალექსანდერ ბატერფილდის 1973 წლის 16 ივლისის განცხადებამ. სენატის უოტერგეიტის კომიტეტს იგი აწვდის ინფორმაციას საიდუმლო ავტომატური ჩამწერი სისტემის არსებობის შესახებ, რომელიც ნიქსონის ბრძანებით 2 წლის წინ თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში, პრეზიდენტის კაბინეტში, ლინკოლნის სასტუმრო ოთახსა და კემპ-დევიდში, პრეზიდენტის კაბინეტში დაამონტაჟეს, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში ნიქსონის ყველა საუბარი ფირზე იყო ჩაწერილი. ნიქსონი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ფირები გამოძიებას ხელში არ ჩაუვარდეს. ერთ-ერთ ფირზე ნიქსონის საუბარია ჩაწერილი: “მე მინდა, რომ თქვენ ამას წინ აღუდგეთ, თუნდაც, წამოაყენონ მეხუთე შესწორების დარღვევის ბრალდება, დაფარვა ან ნებისმიერი სხვა რამ”.

ნიქსონი ცდილობს, გაუმკლავდეს ყველა იმ პირს, ვინც მისი გეგმების გამოაშკარავებას ცდილობს. კერძოდ, 1973 წლის 20 ოქტომბერს მან თანამდებობიდან გაათავისუფლა სპეციალური პროკურორი არჩიბალდ კოქსი, რომელიც ფირების გადმოცემას მოითხოვდა. ეს დღე უოტერგეიტის ისტორიაში “შაბათი ღამის ხოცვა-ჟლეტის” სახელით არის ცნობილი. ნიქსონმა კოქსის გათავისუფლება იუსტიციის მინისტრს რიჩარდსონს დაავალა. რიჩარდსონმა უარი განაცხადა დავალების შესრულებაზე და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგივე ბედი ეწია მის მოადგილეს. თუმცა, ამით არაფერი შეცვლილა, რადგან მოსამართლე ჯონ სირიკამ მოითხოვა, აუდიოფირები სასამართლოსთვის გადაეცათ. საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის.

1974 წლის მარტში სენატის სასამართლოს კომიტეტი ნიქსონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის განხილვას იწყებს. 27 ივლისს სასამართლო კომიტეტმა კენჭი უყარა (27-11) იმპიჩმენტის სასამართლო ობსტრუქციის მუხლს. თავდაპირველად, საკომიტეტო მოსმენების დროს, პრეზიდენტის იმპიჩმენტს უმეტესად დემოკრატები უჭერდნენ მხარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს ნიქსონმა კომიტეტს ჰელდენმანთან 18-წუთიანი საუბრის ფირი გადასცა (მას “მხრჩოლავ თოფს” უწოდებენ) აშკარა გახდა, რომ პრეზიდენტს სენატში რესპუბლიკელების იმედიც აღარ უნდა ჰქონოდა. 7 აგვისტოს ნიქსონი ხვდება 3 რესპუბლიკელ კონგრესმენს, რომლებიც არწმუნებენ, რომ ის იმპიჩმენტს ვერ აიცილებს.

1974 წლის 9 აგვისტოს ნიქსონმა განაცხადა გადადგომის შესახებ, რითაც იმპიჩმენტი თავიდან აიცილა. ამერიკა შოკირებული იყო. მანამდე ის შეხვდა ადმინისტრაციის წევრებს და მათ თავისი გადაწყვეტილების შესახებ აუწყა. ერთ-ერთი იმ პირთაგან, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, იხსენებს, რომ პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, “დაემხო, ატირდა და, იძულებული გახდა, ოთახიდან გასულიყო. ჩვენც დავემხეთ და ავტირდით”.

თეთრი სახლიდან ნიქსონი მიდის კალიფორნიაში, სადაც ოთხ წელიწადს რჩება. 1974 წლის 8 სექტემბერს პრეზიდენტმა ფორდმა ნიქსონი შეიწყალა და თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ “ქვეყანამ საკმარისი ტანჯვა გადაიტანა”.

ნიქსონის წინააღმდეგ იმპიჩმენტი სამი მუხლისგან შედგებოდა:

სასამართლო ობსტრუქცია – ნიქსონი პირადად და თავისი ქვეშევრდომების მეშვეობით ჩაერია დემოკრატების ოფისში შეღწევის საქმეში, რათა გამოძიებისთვის ხელი შეეშალა, საქმეში გარეული პირები და არაკანონიერი ქმედებები დაეფარა; სასამართლო კომიტეტში მხოლოდ ამ მუხლს უყარეს კენჭი.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენება – მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაარღვია და სასამართლო და აღმასრულებელი შტოების ორგანოები პირადი მიზნებისთვის კანონსაწინააღმდეგოდ გამოიყენა.

სასამართლო უწყებების უგულებელყოფა – წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის მტკიცებულებების (ფირები და სხვა დოკუმენტები) წარმოდგენის მოთხოვნა პრეზიდენტმა ოთხჯერ უგულებელყო.

ვინ იყო

“ღრმა ყელი”?

1

“ვაშინგტონ პოსტის” წყარო ცნობილია “ღრმა ყელის” სახელით. ეს მეტსახელი ინფორმატორს “ვაშინგტონ პოსტის” თანამშრომელმა ჰოვარდ საიმონსმა შეარქვა. “ღრმა ყელი” 70-იან წლებში ერთ-ერთი პოპულარული პორნოფილმის სახელწოდებაა. ამერიკის პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში “ღრმა ყელის” ვინაობა ყველაზე კარგად შენახული საიდუმლოა. 30 წლის შემდეგაც მისი ვინაობა ცნობილია მხოლოდ 4 ადამიანისთვის – ბობ ვუდვორდისთვის, კარლ ბერსტინისთვის, ბენ ბრედლისთვის და თვითონ “ღრმა ყელისთვის”.

ვუდვორდმა 1972 წელს განაცხადა, რომ ინფორმატორის ვინაობას არ გაამხელს, რადგან მას ანონიმურ წყაროდ დარჩენა სურს. და ეს დაპირება შეასრულა კიდეც. თუმცა, წლების განმავლობაში ზოგიერთი დეტალი მაინც დაზუსტდა. ვუდვორდისა და ბერნსტინის აღწერით, მას აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ეს არის პიროვნება, რომელსაც “მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან შემთხვევებში შეიძლება დაუკავშირდე”. “ღრმა ყელი” მწეველია და სვამს “სკოჩს”. “მან იცოდა თავისი სისუსტეები და თამამად აღიარებდა შეცდომებს. იგი უიმედოდ განუკურნებელი ჭორიკანა იყო. იგი შეიძლება ყოფილიყო შფოთისთავი, ზედმეტი დაელია, იყო მატყუარა. გრძნობების დამალვა უჭირდა, თავისი თანამდებობისთვის იდეალური კანდიდატურა არ გახლდათ”.

“ღრმა ყელის” ვინაობა 30 წლის შემდეგაც ბურუსით არის მოცული. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, “ღრმა ყელი” გფბ-ს თანამშრომელი იყო. 1992 წლის მაისში “ატლანტიკ მანსლიში” დაიბეჭდა “ვაშინგტონ პოსტის” ყოფილი კორესპონდენტის ჯეიმს მანის სტატია. მანი იხსენებს, რომ ვუდვორდი ხშირად საუბრობდა “მეგობარზე გფბ-ში”. თანაც, გფბ-სთვის ხელმისაწვდომი იყო თეთრი სახლისა და პრეზიდენტის ხელახლა არჩევის კომიტეტის ინფორმაცია. გფბ-ს მოტივი, შესაძლოა, თეთრი სახლის მხრიდან კრიტიკისა და ბიუროს საქმიანობაში ჩარევისგან თავდაცვა ყოფილიყო. მანი 4 შესაძლო კანდიდატს ასახელებს. მათგან ერთ-ერთი, პატრიკ გრეი, 1972 წელს გფბ-ს დირექტორი იყო. დემოკრატების ოფისში მისი დანიშვნიდან ერთ თვეში შეაღწიეს. არსებობს მოსაზრება, რომ იგი არა მარტო ერგება “ღრმა ყელის” ვუდვორდ-ბერნსტინისეულ აღწერილობას, არამედ ეჭვმიტანილთაგან ერთადერთი იყო, ვინც დროის იმ მონაკვეთში შეიძლება შეხვედროდა ვუდვორდს.

ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოს (ცსს) საკუთარი ვერსია აქვს – “ღრმა ყელი” სამმართველოს თანამშრომელი იყო. ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან იგივე ინფორმაცია ცსს-თვისაც ხელმისაწვდომი იყო. სამმართველო ორ შესაძლო კანდიდატს ასახელებს. კორდ მეიერი ჯონსონისა და ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში ცსს-ს დირექტორის ჰოლმსის თანაშემწე იყო. 1973 წელს, მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა ნიქსონის მოთხოვნაზე ცენტრალური სამმართველოს გფბ-ს მიერ წარმოებული გამოძიების შეფერხებისთვის გამოყენებაზე, მეიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, მეიერი იყო ინტელექტუალი, სტაჟიანი სამხედრო, მსმელი და მწეველი, რაც “ღრმა ყელის” არსებულ აღწერილობას ემთხვევა. თანაც, იგი, ისევე როგორც ვუდვორდი, იელში სწავლობდა და, შესაძლოა, მეგობრებიც იყვნენ.

ცენტრალური სამმართველოს მეორე კანდიდატი 1973-76 წლებში სამმართველოს დირექტორი უილიამ ქოლბია, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი “დიდი ჯაშუშის” სახელით არის ცნობილი. სამმართველოს წინა დირექტორის, ჰელმსის დროს მისი მთავარი ფუნქცია სააგენტოს იმიჯის დაცვა იყო. ასე რომ, მისი მოტივაცია სრულიად გასაგებია. თუმცა, ეს ვერსია მას შემდეგ გამოირიცხა, რაც იგი 1996 წელს გარდაიცვალა, რადგან ცნობილია, რომ ვუდვორდი ინფორმატორის ვინაობას მისი სიკვდილის შემდეგ გაამხელს.

თეთრი სახლის ვერსიის თანახმად კი, ვუდვორდის ინფორმატორისთვის ხელმისაწვდომი იყო იმდენად საიდუმლო და შიდა ინფორმაცია, რომ ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ე.წ. პრეზიდენტის კაცი უნდა ყოფილიყო. აქ, ძირითადად, ორ პიროვნებაზეა ეჭვი – ალექსანდერ ჰეიგი, ნიქსონის კადრების ხელმძღვანელი, და ჰენრი კისინჯერი, ნიქსონის ჯერ ეროვნული უშიშროების მრჩეველი, შემდეგ – კი სახელმწიფო მდივანი. უოტერგეიტის სკანდალი არც ერთს არ შეეხო. ცნობილია, რომ ჰეიგი და ვუდვორდი ერთმანეთს იცნობდნენ. რაც შეეხება კისინჯერს, იგი პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოებულ პირთაგან ერთ-ერთი იყო და ძალიან უყვარდა მედიის ფოკუსში ყოფნა.

როგორც ჩანს, ვერსიები მხოლოდ ვერსიებად დარჩება, სანამ “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტები “ღრმა ყელის” ვინაობას არ გაამხელენ. ამ სკანდალის ყველა მონაწილესა და მასთან რაიმე კავშირში მყოფ თითქმის ყველა პირს საკუთარი, კარგად დასაბუთებული ვერსია აქვს. თუმცა, წყაროს წარმომავლობა არც ისე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის გახსნა, მისი შედეგები და გაკვეთილები იყო.

უოტერგეიტის შედეგები

NY Times Nixon.jpg
NY Times Nixon.jpg

ამგვარად, უოტერგეიტის საქმის გამოძიება დასრულდა, დამნაშავეთა ვინაობა დადგინდა და ისინი დაისაჯნენ კიდეც. მას შემდეგ უკვე 40 წელი გავიდა, მაგრამ ამერიკელები მას ძველებურად აფასებენ. CNN/USA Today/Gallup Survey გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ ამერიკელთა 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ უოტერგეიტი იყო გადამწყვეტი მომენტი მთავრობისადმი ხალხის ნდობის შეცვლის თვალსაზრისით. ამავე დროს, მხოლოდ 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნიქსონი იმპიჩმენტს იმსახურებდა, მაშინ როდესაც 38 პროცენტი თვლის, რომ იგი სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებულად არ იქცეოდა. გამოკითხულთა მხოლოდ 1/3-მა ამ სკანდალის შესახებ არაფერი იცის.

უოტერგეიტის მთავარ შედეგად, ყველაზე ხშირად, მთავრობისადმი ამერიკელების ნდობის დაკარგვას ასახელებენ. გარდა ამისა, არის საუბარი ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე – შეიცვალა პრესა-ხელისუფლების ურთიერთობა; პრესა პრო-სკანდალური გახდა; ხელისუფლების ავტორიტეტი იმდენად შეილახა, რომ იწყება კორუფციის აღმოფხვრის სისტემატური მცდელობები და სხვა.

სკანდალმა გამოააშკარავა, რომ ამერიკულ პარტიებს არალეგალური, იატაკქვეშა დაფინანსება ჰქონდათ. ორივე პარტიას არალეგალურად 21 დიდი კორპორაცია აფინანსებდა. უოტერგეიტის შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში, არჩევნები მხოლოდ ე.წ. “სუფთა ფულით” ფინანსდებოდა: პრაიმარიზზე ნებადართული იყო მხოლოდ 1000 დოლარის გამოყენება, შეიქმნა ფედერალური საარჩევნო კომისია, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის წესების დადგენა და მათი მონიტორინგი უნდა ეწარმოებინა და სხვ. თუმცა, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა – უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც კვლავ დაიწყო საარჩევნო კამპანიისთვის მილიონობით დოლარის გამოყენების პერიოდი, ოღონდ, 70-იან წლებთან შედარებით, საუბარია უკვე ასობით მილიონ დოლარზე.

უოტერგეიტს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ჰქონდა – ეს იყო ამერიკული პოლიტიკური სისტემის ერთგვარი გამოცდა. უოტერგეიტის მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკული სისტემა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა – მან შეძლო, მოეშორებინა პრეზიდენტი, რომელმაც საზოგადოების ნდობა ბოროტად გამოიყენა და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. სისტემა ერთ პიროვნებასა და ადმინისტრაციაზე ძლიერი აღმოჩნდა. უოტერგეიტმა გვიჩვენა იმ სისტემის ძლიერი მხარეები, რომელიც ერთი პიროვნებისა ან პირთა ჯგუფის ნება-სურვილზე არ არის აგებული – ასეთი სისტემა კიდევ ბევრ “ნიქსონს” გაუძლებს. უოტერგეიტის გაკვეთილი ყურადსაღებია ყველასთვის, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთა ინსტიტუტები ჩამოყალიბების პროცესშია. ჭკვიანი სხვის შეცდომებსა და გაკვეთილებზე უნდა სწავლობდეს.

წყარო: http://www.opentext.org.ge/index.php?m=21&y=2002&art=15513
ავტორი: ლინა პანტელეევა

Comments
Loading...