უსუფაშვილი: მოვა დრო, როდესაც ქართველები ისე ვითამაშებთ ფეხბურთს, როგორც ესპანელები თამაშობენ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ხოსე მანუელ გარსია-მარგალოს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უსუფაშვილმა განაცხადა, ის შეხვედრიდან ძალიან კარგი განწყობით გამოვიდა. მისი თქმით, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტნიორობისთვის ძალიან სერიოზული მზაობა გამოხატა. „ჩვენ სრული გარანტია მივიღეთ იმისა, რომ ესპანეთი იქნება არათუ მხარდამჭერი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების, არამედ, იგი იქნება ევროკავშირის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, რომელიც ზოგადად, საქართველოს ევროპასთან დაახლოებას უჭერს მხარს. ესპანეთი, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ასევე, სერიოზულ როლს ასრულებს ნატო-ს ეგიდით მისაღებ გადაწყვეტილებებში. რაც მთავარია, ორმხირივი ურთიერთობების პერსპექტივებზე, ჩვენ ძალიან ღრმად ვისაუბრეთ. სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების დონეზე მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები მეტი ინვესტიციების მოსაზიდად, მეტი ორმხრივად საინტერესო ბიზნესპროექტების განსახორციელებლად და ეს იდეები ძალიან მალე დაგვირგვინდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ესპანელებიც, ქართველებიც ვართ ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის წარმომადგენლები. ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ შემდეგ ეს შრომა შევირგოთ კარგ დასვენებაში, კარგად დროის გატარებაში. ესპანეთი ამ თვალსაზრისით გამოირჩევა. ესპანეთსა და საქართველოს ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, არა მხოლოდ ისტორიული დასახელებები – იბერია და ა.შ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოვა დრო, როდესაც ქართველები ისე ვითამაშებთ ფეხბურთს, როგორც ესპანელები თამაშობენ და ჩვენ დავამშვიდეთ ესპანელები და ვუთხარით, რომ მოვა დრო, ისინიც ისე ითამაშებენ რაგბის, როგორც ქართველები თამაშობენ დღეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Comments
Loading...