ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აღარ იქნება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აღარ იქნება.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც მარტში გაიმართება, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

კითხვაზე – დატოვებს თუ არა პარტიას მერაბიშვილი, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას მერაბიშვილი წერილობით გაავრცელებს.

სპორტის სასახლეში 20 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ პარტიის გენერალურ მდივნად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი რჩება. მოგვიანებით კი, ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად დარჩენასა და პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით, მას პოზიცია არ გამოუხატავს.

Comments
Loading...