“ვაპირებთ, გავზარდოთ დატრყმების ინტენსივობა”

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა, რომელიც პარიზში იმყოფებოდა, დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრეს. დევიდ კემერონმა საფრანგეთს კვიპროსში თავისი სამხედრო ბაზა შესთავაზა. ის დღეს პარიზში იმყოფებოდა.

“კვირის ბოლომდე წარვადგენ პარლამენტში ISIS-ის საწინააღმდეგო ყოვლისმომცველ სტრატეგიას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ იმ ქმედებებს, რომელსაც პრეზიდენტმა ოლანდმა სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ წამოიწყო და ღრმად მწამს, რომ დიდმა ბრიტანეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. ჩვენ საერთო საფრთხის წინაშე ვართ და ვიწყებთ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, რომ უკეთესად დავიცვათ ჩვენი ქვეყნები ტერორისტების სისასტიკისაგან“, – განაცხადა დევიდ კემერონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დღეს ბრიტანეთის პრემიერთან ერთობლივ ბრიფინგზე დარწმუნებით განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს იერიშები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიაში.

„ვაპირებთ, რომ უფრო გავზარდოთ დატრყმების ინტენსივობა, შევარჩევთ სამიზნეებს, რომელთა განადგურებაც მაქსიმალურ ზარალს მიაყენებს ტერორისტების არმიას. ჩვენი ავიამზიდი უმოკლეს ვადაში მიაღწევს დანიშნულების ადგილს და აისისის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩაერთვება“, – აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი რუსეთში გეგმავს ვიზიტებს.

ამ დროისთვის ბელგიის დედაქალაქში ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონე კვლავ შენარჩუნებულია. გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თავდასხმების საფრთხის შესახებ უტყუარი ინფორმაციის არსებობის გამო მიიღეს. დაზვერვის ინფორმაციით, ტერორისტები პარიზის სცენარით აპირებენ ბრიუსელში თავდასხმების მოწყობას. სავარაუდო სამიზნეები კი მასობრივი თავშეყრის ადგილებია.

ქალაქში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მოქმედებს. ქუჩებში ათასზე მეტი შეიარაღებული პოლიციელი და ჯარისკაცი პატრულირებს. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გვიან ღამით დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე პარიზის თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ შემსრულებელს არ დააკავებენ. მინისტრმა სალეხ აბდესალამის გერმანიაში გაქცევის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

წყარო
frontnews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.