ვარკეთილში, კორპუსის მშენებლობის გაპროტესტების შემდეგ, სამუშაოები შეჩერდა

პარტიზანი მებაღეების ცნობით, თბილისში, ვარკეთილი სამის მე-3 მ/რ-ში, 310-314-315 კორპუსების მიმდებარედ, სკვერში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყეს.

დღეს, 5 იანვარს, პარტიზანებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ტერიტორია არის გამწვანებულ ზოლში და კორპუსის აშენების შემთხვევაში მოიჭრება ხეები, მეზობლებს კი გადაეკეტებათ სადარბაზოებთან მისასვლელი გზა.

პარტიზანული მებაღეობის წევრი, ნატა ფერაძე ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ დღევანდელმა პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო და მედიის ყურადღებისა და მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ, ტრაქტორები, რომლებიც მისი ინფორმაციით, 3 დღე და ღამე მუშაობდნენ, ტერიტორიიდან გაიყვანეს. ნატა ფერაძის თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს აპროტესტებდნენ მშენებლობას, თბილისის მერს, დავით ნარმანიას, ხვალ შეხვდებიან.

დღევანდელ აქციაზე ადგილზე მისულმა სამშენებლო კომპანიის წარმოამდგენელმა განაცხადა, რომ იქ 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს. ნატა ფერაძის გაფრთხილებაზე, რომ იგი ფიზიკურად გააჩერებდა მას, თუკი მშენებლობა დაიწყებოდა, წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ამისთვის მზად იქნება.

პარტიზანების ცნობით, სკვერის ნაწილი გაიყიდა 2011 წელს, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაიცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

 

ON.GE

Leave A Reply

Your email address will not be published.