ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის “წლის აღმოჩენის” ჯილდოს ნომინანტთა შორისაა

მსოფლიო რაგბმა ახალი ჯილდო, ‘წლის აღმოჩენა’ დააწესა და 2015 წლის მსოფლიო თასის დებიუტანტ მორაგბეთაგან ნომინანტები დაასახელა. ნომინაციაში გამარჯვებული 1 ნოემბერს, თქვიქენჰემზე, მსოფლიო რაგბის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე გამოვლინდება.

წლევანდელ მსოფლიო თასზე ბევრმა ახალგაზრდა მორაგბემ გამოიჩინა თავი და თითოეულ მატჩზე საკუთარი კვალი დატოვა. ამ პრესტიჟულ ნომინაციაზე სამი მორაგბეა წარდგენილი – შოტლანდიელი შუამარბი მარქ ბენეთი, ახალ ზელანდიელი ფრთის მოთამაშე ნეჰე მილნერ-სქადერი და ბორჯღალოსანთა ცხრა ნომერი, ვასილ ლობჟანიძე.

ნომინანტებზე ავსტრალიელთა ლეგენდამ, 1999 მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ჯორჯ გრეგანმა განაცხადა:

“სამივე ნომინანტი წლევანდელ მსოფლიო თასზე სხვადასხვა კუთხით გამოირჩეოდა. მათი დებიუტი არაჩვეულებრივად შედგა და უდიდესია თითოეული მათგანის წვლილი იმაში, თუ როგორ წარდგნენ მათი გუნდები ამ მსოფლიოზე. სამივე მათგანი დაწესებული ჯილდოს ღირსეული კანდიდატია, მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე მორაგბეს ძალიან წარმატებული მომავალი აქვთ – არა მხოლოდ საკუთარ გუნდებში და ქვეყნებში, არამედ ზოგადად მსოფლიო რაგბში. მოუთმენლად ველი მათი კარიერის განვითარებას”.

ამ ახალი ჯილდოს კრიტერიუმების მიხედვით, ნომინანტს უმაღლეს სანაკრებო დონეზე 1 წელზე მეტ ხანს არ უნდა ეთამაშათ. ნომინანტები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრებიც არიან: ვოლაბთა ყოფილი ცხრა ნომერი ჯორჯ გრეგანი, პუმების ყოფილი კაპიტანი ფილიპე კონტიპომი, სპორტული ჟურნალისტები სტეფან ჯოუნზი, სარა მოკფორდი და ჯიმ კეისი.

საქართველოს რაგბის კავშირი

Comments
Loading...