ვასილ მაღლაფერიძე – თუ ეს მართლაც სისტემური დანაშაილი იყო…

“კასრების ვიდეობი” სინამდვილეში დენთის კასრებია, რომელსაც ვინ როდის წაუკიდებს ცეცხლს და აგვაფეთქებს, არავინ იცის.
არიან ვიღაც ადამიანები, რომელთაც ეს მასალები ნანახი აქვთ, ან იბრალებენ რომ ნანახი აქვთ და საუბარია ათასობით ჩანაწერზე. თუმცა, რეალურად არავინ ვიცით, როგორი და რა მასშტაბის დანაშაულია ჩადენილი.
მანიაკების ჯგუფთან გვაქვს საქმე, თუ სისტემურ დანაშაულთან?!
სისტემურ დანაშაულზე ბევრი ფაქტი მეტყველებს, მაგრამ სისტემურ დანაშაულზე ჰაიჰარად საუბარი არ შეიძლება, ასეთ დასკვნის ოფიციალურად გაკეთებას სათანადო შესწავლა სჭირდება და შემდეგ გარკვეული ქმედებებები – მოვლენის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება შესაბამისი გაგრძელებით.
თუ ეს მართლაც სისტემური დანაშაილი იყო, თუ სახელმწიფო ჩადიოდა დანაშაულს მოქალაქეების წინააღმდეგ, აწამებდა მათ და უთვალთვალებდა მათ პირად ცხოვრებას, ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გვქონდეს.
ამ ინფორმაციის მოქალაქეებისთვის დამალვა ერთხელ უკვე ჩადენილი დანაშაულის დაფარვა და გაგრძელებაა! ამ ინფორმაციის დაფარვა აწყობს მხოლოდ იმას, ვისაც ამ ფაილების ასლები აქვს და პერიოდულად იყენებს საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად, ან ცალკეული პირების დასაშანტაჟებლად!
ამ ვიდეობის მიჩუმათებით რა გამოდის?! პერიოდულად ქვეყნდება საშინელებები და, როგორც ჩანს, ეს დაუსრულებელი პროცესი იქნება. უკვე დაიწყეს საუბარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაზეც.
ამ საქმეს მიჩუმათება კი არა სერიოზული კომისიის შექმნა (საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით) და სერიოზული დასკვნის მომზადება სჭირდება.
ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ კადრები ტელევიზიით უნდა გავიდეს, მაგრამ უნდა გაკეთდეს სრული ანალიზი და დეტალური აღწერა, რა მასშტაბის დანაშაულთან გვაქვს საქმე და რა დონეზე იყო დასნებოვნებული სახელმწიფო. თუ ეს მართლაც სისტემური დანაშაული იყო, მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია უნდა გვქონდეს ამის შესახებ. ამასვე გვეუბნება საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება!
უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირს, რადგან მხოლოდ ინფორმირებული სზოგადოებას შეუძლია ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.
თუ ავარიდებთ სიმართლეს თავს და სირაქლემასავით თავს ქვიშაში ჩავრგავთ, ეს უბედურება მუდმივად ჩვენს კარებთან იქნება მოდარაჯებული.
დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელი, რომ დაგვიანებით მაინც შეიქმნას ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების თვალთვალის ფაქტების შემსწავლელი კომისია.

წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...