ვასილ მაღლაფერიძე ვანო მერაბიშვილის კაბინეტში თათბირის ჩანაწერს აქვეყნებს (2007 წელი)

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს.მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს.

ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ.

„რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში

2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა, გადავწყვიტე ქაღალდზე გადავიტანო ის, რის შემსწრეც გავხდი გუშინ და რაზეც უკვე თითქმის ოცდაოთხი საათია განუწყვეტლივ ვფიქრობ. ამ თემაზე კიდევ დიდხანს ვიფიქრებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ, სხვასაც მივცე ამ თემაზე დაფიქრების საშუალება. ამისთვის კი მოვყვები მხოლოდ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე.

მხოლოდ ფაქტი.

გუშინ, 4 ნოემბერს, კვირას, დაახლოებით დილის 11 საათზე, მობილურ ტელეფონზე დამირეკეს სამთავრობო ოთხნიშნა ნომრიდან. ავიღე, ქალბატონმა მითხრა, ელაპარაკეთ შს მინისტრის თანაშემწესო. ახალგაზრდა კაცი წარმომიდგა, ესა და ეს ვარო, გვარ-სახელი არ მახსოვს, პირველად გავიგე და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია. ძალიან ზრდილობიანად მაცნობა, დღეს, საღამოს ცხრა საათზე მინისტრმა გთხოვათ გუბერნატორებს მოსვლა და ხომ შეძლებთო? დავეთანხმე, მადლობა გადამიხადა და გავთიშეთ ტელეფონები.

გადავურეკე ჩემს მძღოლს, ვუთხარი, მოსულიყო 20:15 წუთზე, ვიფიქრე მიტინგის გამო გზებზე საცობებს არ შეეშალათ ხელი, თუმცა, უპრობლემოდ მივედით და დაახლოებით ნახევარი საათი შსს-ს შენობის პირდაპირ, გზის გადაღმა მანქანაში ვიჯექი. დრო რომ მოვიდა, შევედი შენობაში, ლიფტთან შემხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედით და პირდაპირ შევედით ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. იქ დაგვხვდნენ ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, ამირან მესხელი(?) (ტანმორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო და ვიფიქრე, მესხელი თუ არის-მეთქი), რომლის თანამდებობაც არ ვიცი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც მეორედ ვნახე და გვარი არ მახსოვს, ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი.

ვანო ჩქარობდა, დავიწყოთო.

ვიღაცამ თქვა, საცაა მიხოც მოვაო და, მართლაც, ორ წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა. აი, ოქრუაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, იხუმრა ვიღაცამ, ეგ, აუცილებლად, გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო (გარკვეული პერიოდის წინ, ივლის-აგვისტოში, მიხოზე საუბრები მიდიოდა და, არც თუ უსაფუძვლოდ, რომ შეიძლება ოქრუაშვილთან სიახლოვის გამო პრობლემები შეექმნასო. პროკურატურამაც დაუწყო ერთ პერიოდში ჩიჩქნა). მიხომ უხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდზე დაჯდა.

მელიქიშვილმა თქვა, გია ნაცვლიშვილმა (კახეთის გუბერნატორი) დამირეკა, სართიჭალას გამოვცდიო. კირკიტაძე ეხუმრა, შენ რას გირეკავს, ვიზას ხომ არ გთხოვს, შენს ტერიტორიაზე გამოვლისთვისო. კაკომ საიდანღაც იაპონური ხმალი აიღო, აქეთ-იქით იქნევდა და, როგორც ყოველთვის, ხმაურობდა. ვიღაცამ უთხრა, დადე, ეგ ხმალი ხომ არ გგონია, ხარაკირის ხანჯალიაო. მაშინ სიცილით ჩემსკენ გამოაცურა მაგიდაზე, მაშინ ეს ვასიკოსთვის დამითმიაო (ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ორი-სამი კვირის წინ მწვავე განცხადებები გააკეთა პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ და ოპოზიციას შეუერთდა და ამაზე მეხუმრებოდა. მანამდეც გამეხუმრნენ ამ თემაზე ერთი-ორჯერ, ვერ ვიტყვი ბოროტად, თუმცა, ორაზროვნად, (როგორც ეს საერთოდ ხელისუფლებაშია მიღებული). ვანომ გაიცინა, მართალი არ გეგონოს, არ შეშინდეო. არც მეშინია, ჩემგან ერთი გადავიდა და რაც მთავრობიდან და უმრავლესობიდან ხალხი გადავიდა ოპოზიციაში, ჩემამდე იმდენს აქვს ხარაკირი გასაკეთებელი, ჩემამდე ვერც მოაღწევს ეს ხანჯალი-მეთქი, ვეხუმრე მეც. ასეთი ორაზროვანი სიამტკბილობით ვიწყებდით თათბირს.

ვანომ, გვეჩქარება, ვეღარავის დაველოდებით, დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით, ზედმეტებმა დაგვტოვონ, ხელს ნუ გვიშლი, ოტიაშვილთან (თუ უტიაშვილთან – კარგად ვერ გავიგე) გადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ღლაბუცობდა, ნუ არღვევ ადამიანის უფლებებსო და სვიტრს ვეძებო თუ რაღაც ესეთი. ეს ერთი სვიტრიც რომ შენ დაგიტოვო, შეირჩენ და მე რაღა ვქნაო. მერე მართლაც იპოვა სავარძელზე მიგდებული სვიტრი და გავიდა. გუშინ არ მიფიქრია, დღეს შთაბეჭდილება მრჩება, წინასწარ შეთანხმებულები იყვნენ, რომ იგი ამ ლაპარაკს არ უნდა დასწრებოდა. ვანომ კიდევ იხუმრასავით (საერთოდ მთელი თათბირი სულ სიცილ-ხითხითით მიმდინარეობდა. ოღონდ მეორე ნაწილში, რომელიც ახლა იწყება, ბევრ გუბერნატორს აღარ გვეღიმებოდა), კიდევ ვინმე ხომ არ არის ზედმეტიო, მერე გოკას შეხედა და, აი, კიდევ ერთი ზედმეტი, მაგრამ რადგან დარჩი, იყავიო. ახლა ამ ეპიზოდს რომ ვიხსენებ, მგონია, რომ გოკა ვერ მიხვდა, რომ უნდა გასულიყო და მას არ მართებდა იქ დარჩენა, რათა უგულავასავით ფორმალურად ”თეთრი ხელთათმანებით” დარჩენილიყო.

ცხადია, მათ ვიწრო წრეში მოლაპარაკებული და დალაგებული ჰქონდათ, რაც შემდგომ გვითხრეს, მაგრამ ამდენ ხალხში, ასეთ საჩოთირო თემასთან დაკავშირებით ზედმეტ მოწმედ ყოფნა, არაფერში სჭირდებოდა. თუმცა, ვიმეორებ, ეს ფიქრი შემდგომ გამიჩნდა, მაშინ კი, სხვა რამ მაინტერესებდა, ჩემი გუბერნატორობის ორწელიწადნახევრის განმავლობაში არ მომხდარა, ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთად შეგვხვედროდა გუბერნატორებს, მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი გენერალურ პროკურორს, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალოვანთა მხრიდან ამგვარი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან რომ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, მაგრამ ოდნავ მაბნევდა კულტურის მინისტრის იქ ყოფნა. ძალოვნების და კულტურის მინისტრის ამგვარი სიმბიოზი საკმაოდ უცნაურად ჩანდა. ზოგადად ვვარაუდობდი, რომ საუბარი იქნებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციის რაიმე პიარკამპანიით გადაფარვაზე.

მერაბიშვილის სამუშაო მაგიდის მარჯვნივ მართკუთხა მაგიდის ერთ თავში იჯდა ზურაბ ადეიშვილი, მისგან მარცხნივ, კედლის მხარეს ზურაბ მელიქიშვილი, ოთარ სირაძე (რაჭის გუბერნატორი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლისას გამორჩა), შიდა ქართლის გუბერნატორი, ამირანი მესხელი(?) და თვითონ ვანო. მაგიდის მეორე თავში ისხდნენ დავით კეზერაშვილი და დათა ახალაია. მეორე მხარეს დავით კირკიტაძე, აკაკი ბობოხიძე, გოგა ხაჩიძე, მე, ვასილ მაღლაფერიძე (მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი) და გოკა გაბაშვილი. ჩვენს უკან სკამზე იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ, ვანოს თანაშემწე.

დაიწყო ვანომ, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. პირველი, უნდა იყოთ ძალიან მხნედ, ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ქუჩაში ხდებაო. ეს მხიარული (ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა!) ნაწილია იმისა, რაც უნდა გითხრათ, ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო და მონოლოგის სახით გვითხრა ის, რაზეც თავშიც ვთქვი, რომ ორი დღეა ვფიქრობ.

”ეს ნაძირლები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ ოთხი წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოდ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არც არცერთი ადამიანი არ უნდა ჩავიდეს უკან გაულახავი. არა სახალხოდ, სათითაოდ. მაგალითად გურიიდან ან ზუგდიდიდან ჩამოსული ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ მაგალითად ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკმელებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას (სიცილით!).”

– მე არაფერი გამიგია, ჩუმად ვარ და რომ მორჩება ყველაფერი მერე გეტყვით, რას ვფიქრობ,- ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემს იქ ყოფნაში თქვა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ შიგადაშიგ ორიოდე წამოძახილს: ”დავიჭიროთ”, ”დედა მოვუ..ნათ”).

”მოკლედ ისე უნდა გაილახოს, რომ დიდ ხანს ვერ დადგეს ფეხზე, სახეზე ერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკმელებში, მუცელში, ვინც არ იცის, როგორ, გაიარეთ კონსულტაციები ახალაიასთან.”

ჩემგან მარჯვნიდან, კეზერაშვილისგან ან ახალაიასგან (ბობოხიძე და კირკიტაძე ნამდვილად არ იყვნენ, მათ ხმას კარგად ვცნობ) ისმის სიცილნარევი რეპლიკა: ”განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეშიც შეიძლება!”

ვანომ განაგრძო: ”განსაკუთრებულში აუცილებელიც კია, ოღონდ განსაკუთრებულში, ასეთებიც ბევრი ვიცით (იცინის!). ვინც ცოტა ”მოშავოა” ან ეგეთი ტიპი, ჯიბეში ნარკოტიკი და ბაჩოსთან. გარეთ ერთი ახალაია მოუვლით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ”. საკუთარ ამ ხუმრობაზე საკმაოდ იცინა.

შემდეგ გააგრძელა: ”ცემა არის აუცილებელი, იმიტომ რომ რაიონებში ჩადიან მიტინგებზე ნამყოფი ადამიანები და იწყებენ იქ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას, გალახული კაცი კიდე არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას.”

– ეს თვითონაც კარგად იციან და იმიტომ უნდოდათ ჩხორუწყუს გამგებლის გალახვა და არ დავანებეთ, – წამოიძახა გოროზიამ.

– არ დაანებე კი არა ისა, თუ რამის თავი გქონდა, ზუგდიდში გექნა, ახალაია რომ არა, მოდიოდნენ ბედნიერად იქიდან, – ჩემგან მარჯვნიდან იყო ვიღაცის რეპლიკა. გოროზიამ ჩაიბურდღუნა რაღაც და გაჩუმდა.

გოგა ხაჩიძემ ითხოვა, რაღაცის თქმა მინდაო.

ვანომ, გისმენთო.

”მე ბევრი ვიფიქრე შექმნილ ვითარებაზე და მგონი არ იქნება ცუდი, თუ გავუშვებთ კლიპებს, სადაც მითითებული იქნება, თუ ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხლს არღვევენ.”

კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვანომ გააწყვეტინა: ”არ არის ახლა ამ სისულელეების დრო, ახლა თეორიების და ჰაერში ფრენის დრო არ არის, ლაპარაკია, ამ ბოზების ბოლომდე ჩატ…აზე. შექმნით ჯგუფებს, პირველად რომ დაბეთქავენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარტში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოვცადეთ. ორი საქმე კეთდება, ბოზები იტ……ან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება, ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ, ასე გადავჭამთ ერთმანეთს. ამიტომ ვინც ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ კეზერაშვილს უთხარით და მიხედავს. ეპარქიებთან იმუშავეთ, იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ, ყველას გვყავს ნაცნობი სპორტსმენი, მსახიობი, ეგეთი ტიპები, დაურეკეთ, გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ მოისყიდეთ, ოღონდ ფული არ მომთხოვოთ (იცინის). ამაზე გამახსენდა, ონაშვილზე რა ქენით?

– ჩემთან მყავდა და მივხედე, ყველაფერი წესრიგშია, – უპასუხა ახალაიამ.

”აი, ასე სხვებთანაც. ეს სასწრაოდ გასატარებელი ღონისძიებებია, დანარჩენს მერე მოვ….ავთ დედებს, ერთი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. მთავარია, მიტინგზე წასვლის შეეშინდეთ, ცემა არის ამის წამალი. გაიგეთ, ვინ არიან, მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი, ზოგზე ასე ვიმოქმედებთ, ზოგზე ისე, ზოგი გაილახება, ზოგთან ფინანსური შევა, ზოგს ჯიბეში ნარკოტიკი. ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე, დედებს მოვ…..ვთ, უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ, როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. ამათ გავუნახევრებთ, იმათ შევყრით. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარია სიმტკიცე. დალაქიშვილს ყოფა აქვს სატირებელი ”დვურუშნიკობისთვის”. დაურეკეს და ბლოკების დალაგება უთხრეს, ვითომ დაალაგა. ჯერ ერთი, თუ დებ, ისეთი დადე, ხელით ვერ გაწიონ, თან ორმოცდაათ ადგილას დარეკა და ატეხა პანიკა. ეს არის ჩათლახობა.”

მერე ისევ სიცილით გააგრძელა:

”სულ წუხდა ბობოხიძე და დანარჩენებიც, გუბერნატორებს ფუნქცია და უფლებები არ გვაქვსო. აჰა, უფლებებიც გაქვთ და ფუნქციაც, გამოიყენეთ. რა დრო დაგვიდგა კაკო, შენი დახმარება რომ გვჭირდება?”

”კაკო”, სიტყვის მასალად თქვა, ადრესატი ყველა გუბერნატორი იყო. ”ხვალიდანვე შეუდექით საქმეს, დაუძახეთ კონსტიტუციურს, პოლიციის უფროსებს და გააკეთეთ შტაბები. თბილისს ჩვენ მივხედავთ. ახლა მოვრჩით, სხვა საქმეები გვაქვს”.

შეხვედრის დასარულს, შემოვიდა უგულავაც, მაგიდასთან არ მოსულა, ვანოს მაგიდასთან იჯდა და იქიდან გვისმენდა. უკვე ვიშლებოდით, როცა მოვიდა გია ნაცვლიშვილი და იკითხა, რაზე საუბრობდითო. ახლა შენი გულისთვის თავიდან ვერ დავიწყებ, დარჩი და მიხვდებიო.

წამოვედით, დარჩნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ახალაია, გაბაშვილი, კირკიტაძე, ნაცვლიშვილი, შეიძლება სხვა ვინმე სხვაც.

ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერი“,-წერია მაღლაფერიძის ჩანაწერში.

Comments
Loading...