“ვერ ვიტყვი, რატომ არ ახსენა მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდია”

კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“„გიორგი მარგველაშვილზე შესაძლოა იმოქმედა ქართველ ლიბერალთა ულტრა და ნეოლიბერალური ფრაქციის სამმა მითმა ზვიად გამსახურდიას შესახებ. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის გამოსვლას დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რატომ არ ახსენა გ. მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდია, მიუხედავად იმისა, რომ მან მაინც მოახდინა ისტორიულ პირთა თემატიზირება.

მასზე შესაძლოა იმოქმედა ქართველ ლიბერალთა ულტრა და ნეოლიბერალური ფრაქციის 3 მითმა ზვიად გამსახურდიას შესახებ.

მითი პირველი: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში საქართველოში არნახული ძალით მძვინვარებდა „ეთნიკური ნაციონალიზმი” (რაც არის ფაშიზმის შედარებით ევფემისტური მეტსახელი), რუსთაველზე დიდი კოცონი ენთო, მას შემოსხდომოდნენ ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები, პირდაპირ ბრაწავდნენ და ჭამდნენ არაქართველებს.

მითი მეორე: ზვიად გამსახურდია არ ყოფილა განმანთავისუფლებელი. სსრკ ისედაც დაინგრეოდა.

მითი მესამე: ზვიად გამსახურდიამ და მისმა ეთნონაციონალიზმმა დისტანციურად მოკლა სამჯერ თუ ოთხჯერ ნაინფარქტალი მერაბ მამარდაშვილი (რომლის პიროვნებაზეც და მემკვიდრეობაზეც დაახლოებით 2 წლის წინ ამ სივრცეში საკმაოდ პოზიტიურად ვისაუბრე და აღარ განვმეორდები, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ფილოსოფოსის წინა ინფარქტებშიც აღნიშნულ პირთ არ დაედებათ ბრალი).

ეს მითოსური თეორია, ულტრა და ნეოლიბერალური ფრაქციის მიერ თითქოს ბროლის ჭურჭელზეა სერვირებული. მას „ბელას ტორტის” დახვეწილი ჩუქურთმებიანი ფორმები აქვს, რამდენადაც მისი გამტარებლები მაინც განათლებული ადამიანები არიან, რომლებიც ქართულის გარდა, სულ ცოტა 2 ან 3 ენაზე მეტყველებენ.

რაც შეეხება იმავე ნარატივს, ოღონდ უკვე როგორც იორღა ავტომატიანი გადამტრიალებლების, ნასუკარ-ნაკომუნისტარი რევანშისტების, ასევე ლავროვ-მედვედევის პროდუქტს, იგი ჟანგიანი რუსული სიმითაა სერვირებული, როგორც უფორმო და მყრალი მასა.

ახლაც წინ მიდევს გიორგი კეკელიძის და ემზარ ჯგერენაიას მიერ პარლამენტის ბიბლიოთეკაში გამოცემული 4-ტომეული, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გამოსვლები, განცხადებები, ინტერვიუები. სად, რომელ გვერდზე არის ეს ეთნიკური ნაციონალიზმი, ხომ ვერ მიმითითებდით?” – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

Comments
Loading...