“ვიდეო არის უნიჭოდ და საკმაოდ უხარისხოდ დამონტაჟებული”

Yellowblog.ge-ს დამფუძნებელი ტატო მახაშვილი სოციალური ქსელებით გავრცელებულ მასალაზე, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „მაესტრომ”ეთერში გაუშვა კადრები, სადაც გია გაჩეჩილაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, განცხადებას ავრცელებს.

„ინტერნეტ პორტალ „Times News”-ზე ვრცელდება მასალა სათაურით -„სასწრაფოდ, სკანდალური ვიდეო გიორგი გაჩეჩილაძეზე”, რომელშიც ვკითხულობთ: „ტელეკომპანია „მაესტრო” ავრცელებს კადრებს, სადაც „უცნობი” ნარკოთრობის მდგომარეობაშია”. ტექსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია კადრები, სადაც გიორგი გაჩეჩილაძე ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არის

ეს არის აბსოლუტური სიცრუე და უნიჭო ფაბრიკაცია, ვიდეო არის უნიჭოდ და საკმაოდ უხარისხოდ დამონტაჟებული, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს…

ხშირად საუბრობენ ჟურნალისტების კოლეგიალობაზე და ამ განცხადების გამო ალბათ ბევრი დამძრახავს და არაკოლეგიალობას დამწამებს, თუმცა მე პირადად მაინტერესებს და ვეკითხები სხვა კოლეგებსაც, რა ჰქვია სააგენტო „Times News”-ის საქციელს?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უხერხულ მდგომარეობაში აგდებს „კოლეგებს” („მაესტროს” ადვოკატად ვერ გამოვდგები, არ ვიქნები ობიექტური, როგორც ყოფილი თანამშრომელი), აღარ არის საუბარი ვიდეოს შინაარსზე, სადაც არავითარი ნარკოტიკული თრობა არ არის ასახული…

საინტერესოა, რას ემსახურება მსგავსი მასალის გავრცელება? ეს არის ტელეკომპანია „მაესტროს” დისკრედიტაციის მცდელობა, გიორგი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ პიარ-კამპანია თუ ელემენტარული უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი?

ამ შემთხვევაში პირადად მე, როგორც ინტერნეტსივრცეში „მწერალი”, ერთ-ერთი ავტორი, ვემიჯნები მსგავსი სახით პოპულარობის და რეიტინგის მოპოვების მცდელობას და მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, გააკეთოს შესაბამისი რეაგირება

სააგენტო „Times News”- ს კი, ალბათ, მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი, როგორც „მაესტროს” ჟურნალისტების წინაშე, ასევე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ…” – ნათქვამია განცხადებაში.

ტატო მახაშვილი გახლავთ ტელეკომპანია „მაესტროს” ყოფილი თანამშრომელი.

Comments
Loading...