ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც სოსო ჯოხაძის მკვლელობა დამალეს – შსს ახალ დეტალებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. საქმე ეხება 2 სექტემბერს მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა, სოსო ჯოხაძე მოკლეს.


“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ. – ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. – თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით)”, – ნათქვამია განცხადებაში.

სოსო ჯოხაძე რამდენიმე დღის წინ ფალიაშვილისა და რიგის კუთხეში მოკლეს. იგი ავტომობილით ადვოკატ ზაქარია ჩიბუხაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ნიღბიანი მამაკაცი მიუხლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი ადვოკატი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს.

წყარო: AMBEBI.GE

Comments
Loading...