ვინ არიან ლილიპუტები _ გაუზრდელი დიდები თუ ნაადრევად დაბერებული ბავშვები? მსოფლიოში ცნობილი მცირე ზომის ადამიანები

ჯონატან სვიფტის რომანში “გულივერის მოგზაურობა”, რომელსაც მთელს მსოფლიოში უდიდესი წარმატება მოჰყვა, წარმოიშვა ავტორის მიერვე გამოგონილი სიტყვა ლილიპუტი, რომელმაც ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი სხვადასხვა ქვეყნის ენებში და მათ შორის ქართულშიც. ვინ არიან ლილიპუტები _ გაუზრდელი დიდები თუ ნაადრევად დაბერებული ბავშვები? ჩვენ მათ ლილიპუტებს ვუწოდებთ ისე, რომ ვერც კი ვხვდებით, რომ ასეთი მიმართვით მათ უდიდეს ტკივილსა და შეურაცხყოფას ვაყენებთ.

fc237250d6a2f1b0caed232ced356c8f

მცირე ზომების ადამიანის დაბადება დიდი იშვიათობაა, დაახლოვებით 10000 მშობიარობიდან შესაძლოა მხოლოდ ერთი დაიბადოს ასეთი. მათი განაწყენება და შეურაცხყოფის მიყენება ძალიან ადვილია, შესაძლოა ამიტომაც ისინი ხშირად იღუპებიან გულის დაავადებებით. ერთერთი უდიდესი ტრაგედია მათი ცხოვრებისა კი ის გახლავთ, რომ მცირე ნაწილს აქვთ გამრავლების შანსი, გამომდინარე იქიდან, რომ აესთ ადამიანებს ძალიან უჭირთ წყვილის პოვნა და დაქორწინება.
ჩვენ იშვიათად ვხვდებით მათ ქუჩაში, მაღაზიებში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ფაქტობრივად არაფერი ვიცით მათი ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ, ვაფასებთ მათ მხოლოდ ვიზუალურად და გამომდინარე აქედან ხშირად ხდებიან უგულო ადამიანების დაცინვის საგნები, არადა ბევრს ალბათ წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე, რომ ნებისმიერ სტანდარტულ ადამიანს შეიძლება ეყოლოს ე.წ. ლილიპუტი, “ლილიპუტიზმი” არც დაავადებაა და არც რაიმე სენი და ხშირად მსგავსი ადამიანის დაბადებას არანაირი ახსნა არ გააჩნია.

პატარა ადამიანების წარმოშობასა და განვითარებას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. მათი ცხოვრების შესახებ თითქმის ყველა უძველეს მითშია მოთხრობილი. ბერძნები მათ “მირმიდონებს” უწოდებდნენ და ღრმად სწამდათ, რომ ლილიპუტები ჭიანჭველებისგან წარმოიშვნენ და “წმინდა მუხაში” ბუდობდნენ. გომერმა თავისი ნაწარმოებით უკვდავყო ლილიპუტების ერთერთი სახეობა _ “პიგმეები” და მათი ომი რუხ წეროებთან. ეს კლასიკური კონფლიქტი აღწერილია ასევე იუვენალის ნაწარმოებებში. პატარა ადამიანების ცხოვრებაზე ბევრი დაწერილა.
ფილოსტრატი, გეროდოტი და არისტოტელე ამტკიცებდნენ, რომ ლილიპუტები ნილის სანაპიროდან იყვნენ წარმოშობით, ხოლო პომპონი მელა მიიჩნევდა, რომ ისინი ეთიოპიიდან იყვნენ. მოგზაურების, ეთნოლოგებისა და ანთროპოლოგების აღმოჩენები ადასტურებენ მათ უძველეს წარმოშობასა და მათ შესახებ შექმნილი მითებისა და ლეგენდების სინამდვილეს.

ყველაზე პატარა ადამიანების რასა, რომელსაც დედამიწის ზურგზე ოდესმე უცხოვრია “ანგეა” ანდამატის კუნძულებიდან (ინდოეთის ოკეანე). 1970 წელს ბრაზილია-პერუს საზღვარზე აღმოჩენილი იყვნენ ლილიპუტები, რომელთა სიმაღლეც 105 სანტიმეტრს არ აღემატებოდა.
აღორძინების ხანაში ევროპაში ყველა სამეფო კარზე ჰყავდათ ლილიპუტები. ხშირ შემთხვევაში ისინი დიდებულთა გამრთობები იყვნენ, ზოგჯერ კი სხვა სპეციფიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ. მაგალითად გვევლინებოდნენ მეჯინიბეებად, მზვერავებად, პაჟებად, დარაჯებად და ა.შ. ცნობილი ფაქტია, რომ კატერინა მედიჩის სამეფო კარზე 80 ლილიპუტი ჰყავდა, რომლებიც ლუვრში ცხოვრობდნენ. ისლანდიის მეფეს ფილლიპ V ძალიან უყვარდა პატარა ადამიანები და მისი კარის მხატვარმა ველასკემა უკვდავყო ისინი რამდენიმე ცნობილ ტილოზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამეფო კარზეც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ლილიპუტები, ეს ტრადიცია სტალინმაც არ დაარღვია და 1937 წელს ეჟოვი (ძალიან პატარა ადამიანი) “НКВД”-ს შეფად დანიშნა.

post-36-1214057546

სამწუხაროა, მაგრამ დღეს ასეთი ადამიანები მხოლოდ შეცოდებას იწვევენ საზოგადოების უდიდეს ნაწილში. როგორც წესი, ლილიპუტები ყველაზე ხშირად კომიკურ ფილმებსა და ცირკებში გვხვდებიან, ეს გახლავთ ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი საკუთარი ნიჭის რეალიზაციას ახდენენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეტი არაფერი შეუძიათ, არამედ იმიტომ, რომ დღევანდელ რეალობაში მათ თავად საზოგადოება არ აძლევს გასაქანს. ტანდაბალი ადამიანები ხშირად ხდებიან დაცინვის საგნები. მათ არასერიოზულად აღიქვამენ და ამითი უდიდეს ტრამვას აყენებენ, სწორედ ამის გამო უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ ყოველივეს ისიც ემატება, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პატარა ადამიანები გონებრივად სუსტები არიან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და ამას უამრავი ისტორიული ფაქტი ადასტურებს. ასეთ ადამიანებს ხშირად განუცვიფრებიათ მსოფლიო განსაკუთრებული ნიჭითა და შესაძლებლობებით.

მაგალითად გავიხსენოთ ყოველმხრივ განვითარებული გიბსონი, ინგლისელი მეფის კარლ მეორეს სამეფო კარის მხატვარი, ასევე მხატვარი დუკორნეტი, რომელსაც ხელები არ ჰქონდა, მაგრამ შედევრებს ქმნიდა.~
Ducornet

გარდა ამისა ლორდი გეი, რომელიც წარმოადგენდა საქსესის დიდგვაროვნებს ბრიტანეთის პარლამენტში და ალექსანდრე პოუპი, XVIII საუკუნის უდავოდ გენიალური პოეტი.

ვინ არიან ისინი რეალურად? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ხანი ცდილობდნენ მეცნიერები და ხშირად უამრავ აბსურდულ ჰიპოთეზას ასახელებდნენ ნანიზმთან (ბერძ. პატარა ადამიანი) დაკავშირებით. დღესდღეობით მიზეზები დადგენილია და ამ საკითხში ღმად გასარკვევად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ექიმ-ენდოკრინოლოგს ბატონ კობა ოპლატაძეს ვესაუბრეთ.

კობა კოპლატაძე: “სიტყვა ლილიპუტი პირველად ჯონათან სვიფტმა შემოიტანა თავის რომანში და აქედან დამკვიდრდა სალაპარაკო ენაში. მე ეს ტერმინი გარკვეულწილად დისკრიმინაციულად და გაუმართლებლად მიმაჩნია. ლილიპუტები, როგორც ამას ხალხი ამბობს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ძალიან ლამაზი სულიერი სამყარო გააჩნიათ. ადამიანები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ფიზიკური სიმაღლის გამო მათი გარიყვა ან დაცინვა სრულიად დაუშვებელია და არ მიმაჩნია გამართლებულად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ სულიერი სამყარო აქვთ ზუსტად ისეთი, როგორიც სტანდარტული ზომის ადამიანებს.

ადრე არსებობდა ტერმინები ჰიპოფიზური ნანიზმი, რაც ტანდაბლობას ნიშნავს და ასევე ტერმინი დვორფიზმი (დვორფი ანუ ჯუჯა). ორივე მათგანი მხოლოდ საბჭოეთის დროინდელ ლიტერატურაშიღა შემორჩა და დღეს ამ ტერმინების ნაცვლად ენაში დამკვიდრებულია ტერმინი ლილიპუტი.
ეს არ გახლავთ დაავადება, უბრალოდ იშვიათად შეიძლება გაჩნდეს პატარა ადამიანი, იგი არ არის ავადმყოფი და შესაბამისად გარეგნული ნიშნით არ შეიძლება გამოვყოთ ან გავრიყოთ საზოგადოებიდან. ტანდაბლობა შეიძლება გამოწვეული იყოს ზრდის ჰორმონის დეფიციტით (ზრდაში ჩამორჩენა ზრდის ჰორმონის დეფიციტით ან მის გარეშე, სინდრომულად განპირობებული) ან პათოლოგიის ხარჯზე ხრტილის დისპროპორციული განვითარებით, რომელიც გენეტიკურადაა განპირობებული, ასეთ შემთხვევაში გენეტიკური მუტაცია ვითარდება ან ხრტილის მგრძნობელობა ირღვევა ზრდის ჰორმონის მიმართ და არაპროპორციულად იზრდება ადამიანი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს დაავადება არ არის.
რაც შეეხება ზრდის ჰორმონის დეფფიციტს, არც ეს გახლავთ დაავადება ფართო გაგებით. თუ დროულადაა დასმული დიაგნოზი ხდება ზრდის ჰორმონის დეფიციტის ჩანაცვლება და ასეთი მოზარდები სტანდარტულ სიმაღლეს აღწევენ და სხვა თანმხლები პრობლემების მოგვარების პირობებში თქვენ მათ ვერ გაარჩევთ ჩვეულებრივი სტანდარტული ადამიანისაგან. ის ვისაც ლილიპუტებს უწოდებენ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ეს მაშინ ხდება, როდესაც მკურნალობა დაგვიანებულია და ბავშვები ტანდაბლები და ბავშვური გარეგნობისა რჩებიან, თუმცა ასეთი რამ მას შემდეგ, რაც ზრდის ჰორმონით მკურნალობა შესაძლებელი და მისაწვდომი გახდა, ძალიან იშვიათად ხდება. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ხრტილის პათოლოგიას ეს არა თუ ცოტაა, არამედ იმატებს პოპულაციის ზრდის კვალობაზე.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ჩვილებს, რომლებიც მცირე წონით იბადებიან, ნაყოფის გადარჩენის წინაპირობა გახლავთ არა მისი სიგრძე, ჩვილის სასიცოცხლო ძალები მიმართულია სწორედ წონის მატებაზე. თუ მას წონა აკლია დაბადებისას სიმაღლის კომპონენტი ვარდება და ეს სხვაობა საბოლოო ჯამში შეიძლება აღმოჩნდეს 5-8 სანტიმეტრი სამიზნე სიმაღლიდან, ამიტომ აუცილებელია ჩვილის წონის კონტროლი დაბადებიდანვე.
ქართული პოპულაციისათვის არსებობს ზრდის კომპონენტები და როცა ბავშვის ზრდაში ჩამორჩენა აღინიშნება საჭიროა გარკვეული ყურადღების გამახვილება, რადგან შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან აცილება დროული მკურნალობის შემთხვევაში. რაც შეეხება ხრტილის დისპროპორციული განვითარებით გამოწვეულ ტანდაბლობას, მისი განკურნება შეუძლებელია და ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაც შესაბამისად მცირეა. ძირითადად ასეთი შემთხვევები ფერადი რასის ხალხს ახასიათებს.
საბოლოოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტანდაბალი ადამიანები ჩვენი საზოგადოების მცირე მაწილია და მათი დაჩაგვრა, დაცინვა და გაღიზიანება სრულიად დაუშვებელია, რადგან ისინი ავადმყოფები არ არიან, აზროვნებენ, განიცდიან, სტკივათ და უხარიათ სწორედ ისე, როგორც ჩვენ. მათაც ჩვეულებრივ შეუძლიათ შექმნან ოჯახი და ჰყავდეთ შვილები თუ მიაღწიეს სექსუალური სიმწიფის პერიოდს. კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ ჩვილის დაბადებისთანავე ყურადღება მიაქციონ მისი წონის მატებას”.
ე.წ. ლილიპუტები ჩვენგან მხოლდ სიმაღლით განსხვავდებიან. საკუთარ ტანდაბლობაში მათ არავითარი დანაშაული არ მიუძღვით, ამიტომ მათაც ისევე უნდა მოვეპყროთ, როგორც სტანდარტული ზომის ადამიანებს და უფრო მეტიც, მათზე ჩვენი ზრუნვით უნდა ვეცადოთ კომპენსირება მოვახდინოთ იმ უსამართლობისა, რომელიც ბუნებამ არგუნათ. გავუფრთხილდეთ მათ, რადგან ისინი ჩვენი საზოგადოების იმ მცირე ნაწილს წარმოადგენენ, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა.
მეგი მარაბდელი
წყარო:FACEBOOK.COM

Comments
Loading...