ვინ არიან საპროკურორი საბჭოს წევრები

პროკურორთა კონფერენციაზე 15-წევრიან საპროკურორო საბჭოში აჭარიდან პროკურორი ანზორ უსტიაძე აირჩიეს. საბჭოს კიდევ ერთი წევრი გოჩა ფარულავა გახდა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აჭარის პროკურორი იყო. დანარჩენი 7 წევრი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პარლამენტმა და სამოქალაქო სექტორმა უნდა აირჩიოს. თუმცა, მაგალითად, საია ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან საიას თავმჯდომარის შეფასებით, ახალი მოდელი პრობლემურია და კვოტა, რომელიც სამოქალაქო სექტორსა და აკადემურ წრეს ეკუთვნის, გადაწყვეტლებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. საპროკურორო საბჭოს ძირითადი ფუნქცია მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაა.

საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები არიან: მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი გიგა ძნელაძე, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა, რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე, თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე, თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე. აჭარიდან ანზორ უსტიაძე და სამეგრელო ზემო სვანეთიდან – მამუკა ფიფია.

პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შექმნილი საპროკურორო საბჭოს უფლებაა დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარუდგინოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა. მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი, საბჭო მას ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს მთავრობას, შემდეგ კი – პარლამენტს.

არასამთავრობო სექტორს უფლება აქვს რეკომენდაცია გაუწიოს ან წარადგინოს საბჭოს წევრი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ პროცესში ჩართვას საია არ აპირებს: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ სისტემა ფუნდამეტურ რეფორმას საჭიროებს, შესაცვლელია საქალაქო და რაიონული პროკურორების შერჩევის პრინციპი, დაწინაურებისა და დისიპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურა ან მათი თანამდებობიდან გათავისუფლება. სისტემა არის ცენტრალიზებული და პრაქტიკაში იმის არაერთი მაგალითი არსებობს, რომ პროკურორები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას იმ საქმეზე, რომელსაც უწევენ ზედამხედველობას.

არგუმენტი, რომელსაც ჩვენ გვეუბნება კანონის ავტორი, არის ასეთი: საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო და დავიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანიდან, მთავარი პროკურორის არჩევის წესიდან. ერთბაშად ყველაფრის რეფორმირება მართლაც შეუძლებელია, მაგრამ მე მაქვს ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ არგუმენტი: მოდელი, რომელიც შეიქმნა დიდ ძალაუფლებას აძლევს პროკურორთა კონფერენციაზე არჩეულ რვა პროკურორს, მაგრამ პროკურორები, რომლებიც ამ საბჭოში უნდა იყვნენ, ვერ არიან სათანადოდ დამოუკიდებლები და მათი ავტონომიურობა არ არის განმტკიცებული კანომდებლობით. არ არსებობს ბერკეტი, რომ ეს ადამიანები მიიღებენ თავისუფალ გადაწყვეტილებებს. ეს ახალი მოდელი პრობლემურია მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი შემოდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში – საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები არის მმართველ პოლიტიკური ძალა”.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, კვოტა, რომელიც სამოქალაქო სექტორსა და აკადემიურ წრეს ეკუთვნის, გადაწყვეტლებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს: “ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ საბჭოს წევრების შესარჩევი კრიტერიუმები ყოფილიყო მაღალი, როგორც პროფესიული, ასევე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ესეც არ გაითვალისწინეს~.
კიდევ ერთი დეტალი, რაზეც საიას ხელმძღვანელი „ბათუმელებთან~ ყურადღებას ამახვილებს, არის საპროკურორო საბჭოს წევრი პროკურორების შერჩევის პრინციპი: “შიშები, რაც კანონპროექტის კითხვის დროს გაჩნდა, დადასტურდა კონფერენციის დროს. კონფერენციის გახსნისთანავე დასახელდა საბჭოს წევრობის კანდიდატების 16 გვარი. ჩვენთვის უცნობია ეს ადამიანები ვინ აარჩია, როგორ ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, ამ საინიციატივო ჯგუფებმა რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კანდიდატები. ეს გვარწმუნებს კიდევ ერთხელ, რომ პროცესი და კანონი ვერ ქმნის გარანტიას, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით დაასახელეს ადამიანები საბჭოში თუ სხვა მოტივებით“.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი _ გოჩა ფარულავა იყო აჭარაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების პროკურორი. ის ახალმა მთავრობამ 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა. გოჩა ფარულავა აჭარის პროკურატურის პირველი პირი იყო ორი წლის განმავლობაში. მისი პროკურორად მუშაობის პერიოდში, 2011 წლის 21 მაისს, სამართალდამცავებმა ჯერ დაარბიეს აქცია ბათუმში, შემდეგ კი ნაცემი მოქალაქეები დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ეს დაკავება არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ისინი გაათავისუფლა, როგორც პოლიტპატიმრები.

პირადად გოჩა ფარულავას „ბათუმელებმა“ მიმართა თხოვნით, გამოეძიებინა გაზეთის რედაქტორის მიმართ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი. უცნობია გოჩა ფარულავამ რა ძალისხმევა გაიღო ამ დანაშაულის გამოსაძიებლად. „ბათუმელებმა“ ორწლიანი ძიების შემდეგ თავად დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც აშანტაჟებდა ჟურნალისტს. გოჩა ფარულავასადმი გაგზავნილ მორიგ წერილში მითითებული იყო იმ პირის სახელი და გვარი, ვინც ხელმძღვანელობდა ჟურნალისტის დაშანტაჟებას. არც ამ შემთხვევაში ჩაუთვლია თავი ვალდებულად გოჩა ფარულავას უწყებას, დაეკითხა ამ საქმეზე ინფორმირებული პირები. ყოველ შემთხვევაში, უწყებას, რომელსაც გოჩა ფარულავა ხელმძღვანელობდა, საზოგადოებისთვის ამ საკითხზე ინფორმაცია არ მიუწოდებია.

პროკურორი ანზორ უსტიაძე აჭარის პროკურორის, შოთა ტყეშელაშვილის მოადგილეა. ამ თანამდებობაზე ის გასულ წელს დანიშნეს. ანზორ უსტიაძე წინა ხელისუფლების დროს ძირითადად ფინანსურ საქმეებს იძიებდა. სახელმწიფომ მისი პროკურორობით 2010 წელს გაასამართლა ბიზნესმენი ზურაბ ლობჟანიძე იმ ქონების გაყიდვისთვის, რომლითაც ახალი ხელისუფლების გამოძიების ვერსიით, ივანე მერაბიშვილი უკანონოდ სარგებლობდა, როცა ის შს მინისტრი იყო. სწორედ ამ აგარაკის უკანონო სარგებლობისთვის წარუდგინეს ბრალი 2013 წელს ვანო მერაბიშვილს.
ანზორ უსტიაძესვე ახალმა ხელისუფლებამ დაავალა ივანე მერაბიშვილის მეგობრის, ლუხუმ კაპანაძისთვის ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის მიყიდვის კანონიერების შესწავლა.

რა კრიტერიუმებით შეარჩიეს და დაასახელეს პროკურორები საპროკურორო საბჭოს წევრებად? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვის დასმა იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მთავარი პროკურატურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი „ბათუმელების“ ზარებს ორი დღის განმავლობაში არ პასუხობდა.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საბჭოს წევრები 4 წლის ვადით აირჩიეს, რომლის თავმჯდომარეც იქნება იუსტიციის მინისტრი. საბჭო მთავარი პროკურორის კანდიდატურას მთავრობას 29 ნომებრისთვის წარუდგენს. კანონის თანახმად, პროკურორის ექვსი წლის ვადით დამტკიცებაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, დეკემბერში იმსჯელებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.