ვინ არის საპატრიარქოს “რუხი კარდინალი”, ვინ ულოცავს ახალ წელს სააკაშვილს საპატრიარქოდან???
ვინ არის და რას წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი
საქინფორმის საგანგებო განცხადება: კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სააკაშვილისთვის ახალი წელი არ მიულოცავს, ეს მისმა მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა გააკეთა!
ქართული მედია უკვე მეორე დღეა, ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საახალწლო მილოცვას, რომელიც მან თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად ძებნაში მყოფ ბრალდებულს მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა. მედია ასევე აქვეყნებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბლანკზე დაბეჭდილი ამ დოკუმენტის ფერად ფოტოასლს, რომელზეც თითქოსდა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხელმოწერაა.
საქინფორმი აცხადებს, რომ ეს საახალწლო მილოცვა შედგენილია საპატრიარქოს ადმინისტრაციაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის დავალებითა და ხელმძღვანელობით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს 2015 წლის 4 იანვარს სატელეფონო საუბრისას პირადად მიულოცა.
საქინფორმი აცხადებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს არ მიულოცავს მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი წელი, ხოლო საპატრიარქოს ბლანკზე აღბეჭდილია არა პატრიარქის ხელმოწერა, არამედ მისი ფაქსიმილე, რომელიც ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის განკარგულებაშია ისევე, როგორც საპატრიარქოს ბლანკები.
საქინფორმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაცია იძულებული იყო, დაედასტურებინა „საახალწლო მილოცვის“ ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავდა საპატრიარქოში ქაოსისა და ქალბატონი თეთრუაშვილის არაადეკვატურად შეუზღუდავი გავლენის აღიარებას, რაც უარყოფითად მოქმედებს პატრიარქის მაღალ ავტორიტეტზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში.
საქინფორმი
2015 წლის 8 იანვარი
საქართველო, თბილისი
ვინ უწერს ეპისტოლეს უწმინდეს???
გაზეთი „პრაიმტაიმი” საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს.
„ვინ შეადგინა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე და ხომ არ ემსახურებოდა ეს სკანდალი საპატრიარქოსა და უწმინდესის როლის დისკრედიტაციას. გაზეთმა „ალიამ” ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ხელი პატრიარქის მდივან-რეფერენტისკენ, შორენა თეთრუაშვილისკენ გაიშვირა, რომლის უკანაც, როგოც „ალიას” წყარო ირწმუნება, რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესი დგას. აი, რას წერს გაზეთი „ალია” – „შორენა თეთრუაშვილს ეპისტოლეს შედგენასა და რუსეთის „კგბ”-სთან კავშირში ამხელენ”.
„კგბ”-ს მიერ შორენა თეთრუაშვილის „დავერბოვკება” მოხდა 70-იანი წლების ბოლოს, თუმცა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თეთრუაშვილის საქმე მოსკოვში გაიტანეს. ვინ არის პატრიარქის მდივან-რეფერენტი და რატომ ადანაშაულებენ მას რუსეთის მითითებით, უწმინდესის დისკრედიტაციაში?
რისი მიღწევა სურდათ ამ თემის წამოწევით და მართლაც იკვეთება თუ არა რუსული კვალი ეპისტოლეში – კითხვის ავტორი ბევრია, თუმცა პასუხისგამცემი ცოტა. თუ რუსული სპეცსამსახურების მეთოდიკით ვიმსჯელებთ, მათთან კავშირში წარსულს თუ გადავხედავთ, არაერთი სასულიერო პირი უმხელიათ. ერთ-ერთ ინტერვიუში მამა თეოდორე ამბობს: „საბჭოთა კავშირის პერიოდში სპეციალური განყოფილება იყო, რომელიც სასულიერო სემინარიას აკონტროლებდა. მაშინ ძალიან ბევრი აგენტი დანერგეს სამღვდელო პირებს შორის. მათ მიერ დანერგილი აგენტები მოწოდებით მღვდლები და ეკლესიის მსახურნი ვერ იქნებოდნენ. ამ ხალხის მცირე ნაწილი კიდევ შემორჩენილია…”
ვინ არის შემორჩენილი აგენტი და არის თუ არა ეს იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც ქვეყანაში არეულობის შემოტანას ემსახურება, რისთვისაც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ ინსტიტუციას იყენებენ.
კითხვაზე, ვის შეეძლო პატრიარქის ეპისტოლეში სკანდალური პასაჟის ჩასმა, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ რეალურად „ვინ შეადგინა ეპისტოლე ეს იცის მხოლოდ პატრიარქმა და თავად შორენა თეთრუაშვილმა, სხვას ვერაფერს ვიტყვი”.
თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი კი აცხადებს, რომ „ეს არის პატრიარქის ეპისტოლე და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეადგინა ის, მთავარია, რომ საზოგადოების რეაქცია იყო სწორი”, – წერს გამოცემა.
გაუხმაურებელი საქმე და გამქრალი მტკიცებულებები – იყო თუ არა დანაშაულის თანამონაწილე პატრიარქის მდივანი
https://www.youtube.com/watch?v=wUYE71of6Ms&feature=youtu.be
ოთარ ზვიადაური პატრიარქის მდივანს შორენა თეთრუაშვილს, მისი დის ნაზი ზვიადაურის გარდაცვალების საქმეში სიმართლის დაფარვაში ადანაშაულებს. ზვიადაური დღემდე გაუხმაურებელ საქმეზე საუბრობს, რომლის გახსნაც ვერ მოხერხდა.
როგორც გარდაცვლილის ძმა news.ge-სთან საუბრისას ჰყვება, შემთხვევა 1980 წლის 2 იანვარს მოხდა, როცა მისი და სალობიედან, მეგობრებთან ერთად გამოვიდა და ავარიაში მოყვა. ზვიადაური ამბობს, რომ ტრადიციულად ბედობას მეგობრები იპოლიტე ხვიჩიას რძალთან აღნიშნავენ, თუმცა იმ წელს ტრადიცია დაირღვა და ნაზი ზვიადაური შორენა თეთრუაშვილთან და რამდენიმე მეგობართან ერთად სალობიეში აღმოჩნდა.
ზვიადაურის ინფორმაციით, გარკვეულ უსიამოვნო ინცდიდენტს სალობიეშიც ჰქონდა ადგილი, დაპირისპირება გარდაცვლილსა და მის მეგობარს მეზობელი სუფრის წევრებთან მოუვიდათ. თუმცა ოთარ ზვიადაური იქვე დასძენს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა და სალობიეში არც არავინ დაუკითხავთ.
გარდაცვლილის ძმას პრეტენზიები იმ დროინდელ გამომძიებლებთან და მაღალჩინოსნებთან აქვს, რომლებმაც მისი თქმით, საქმე გააყალბეს და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ არ გამოძიებულიყო. ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც, მათ შორისაა ნუგზარ საჯაია და ედუარდ შევარდნაძე. როგორც ზვიადაური ამბობს, სამართლის პოვნის მიზნით, მისი დედა რამდენჯერმე პირდადად შეხვდა შევარდნაძესაც.
ზვიადაური ამბობს, რომ საქმის მასალებიდან გაქრა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და ფარის ნამსხვერევები (ფარზე მანქანის ნომერი იყო მითითებული),იგი საუბრობს შეცვლილ ჩვენებებზეც.
გარდაცვლილის ძმა ყურადღებას ამახვილებს, რომ მის დას ჭრილობა ჰქონდ მიყენებული, თუმცა გამოძიების ვერსიით ჭრილობა ავარიის შედეგად ქვაზე დაცემამ გამოიწვია. ზვიადაურს აღნიშნულ ვერსიაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ იმ დროისათვის დიდი თოვლი იყო მოსული და გამორიცხულია, ქვას ასე დაეზიანებინა ცხედარი. იქვე იმასაც დასძენს, რომ ამ კუთხით საქმის მასალებიდან გამქრალი დანაც აჩენს გარკვეულ კითხვებს.
ზვიადაურის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი მისი დის უახლოესი მეგობარი იყო და მისგან სიმართლის გარკვევის დიდი იმედი ჰქონდა, თუმცა, როგორც განმარტავს, ჩვენებები ყველამ შეცვალა, მათ შორის თეთრუაშვილმაც. ავარიიდან მოკლე დროის გასვლის შემდეგ კი თეთრუაშვილმა საპატრიარქოში დაიწყო მუშაობა.
ზვიადაური რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მისი თქმით, იყო ვერსია, რომ მისი და ჯერ დაჭრეს და შემდეგ მანქანით დაარტყეს, იყო ასევე ვერსია, რომ ხელი თავად შორენა თეთრუაშვილმა ჰკრა.
ზვიადაური იხსენებს, რომ მასთან ავარიიდან მოკლე ხნის შემდეგ, მძიმე საუბარი ჰქონდა. როგორც ამბობს, მას შემდეგაც შეეცადა თეთრუაშვილთან შეხვედრას და საპატრიარქოშიც მივიდა, თუმცა დის მეგობარმა არ მიიღო.
გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ხელს ვერავის დაადებს და დამნაშავის პოვნა გამოძიების პრეროგატივაა, საუბრობს იმაზე, რომ არც ის იცის, თანამონაწილეა თუ არა თეთრუაშვილი აღნიშნული დანაშაულის, ასევე ამბობს, რომ შესაძლოა თეთრუაშვილი უბრალოდ დააშინეს და ამიტომაც შეცვალა ჩვენება. თუმცა ეჭვებს უტოვებს ფაქტი, რომ დის საუკეთესო მეგობარმა არ მიიღო.
ზვიდაური საზოგადოებას ჰპირდება, რომ უახლოეს დღეებში მომხდართან დაკავშირებით ახალ დეტალებზე სხვასთან ერთად ისაუბრებს, რომელსაც ასევე წაკითხული აქვს საქმესთან დაკავშირებული ჩვენებები. აღნიშნული პირის სახელსა და გვარს კი ჯერჯერობით არ ასახლებს.
როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, შეეცდება თავიდან გამოიკვლიოს, როტომ და რა ვითარებაში გარდაიცვალა მისი და და ამ მიზნით პროკურატურაში განცხადების შეტანასაც გეგმავს.