ვინ არის თვითნასწავლი დიზაინერი, რომელიც უნიკალურ 3D ნამუშევრებს ქმნის
ახალგაზრდა პროგრამისტების, აიტი სპეციალისტების, ვებ და გეიმდეველოპერების შესახებ არაერთხელ გვიამბია თქვენთვის. ტრადიცია ახლაც გრძელდება – დღეს, თვითნასწავლ დიზაინერს, 24 წლის ლექსო ბიწაძეს გაგაცნობთ, რომლის პერსონაჟებიც, დაწყებული ჯარისკაცებით, დასრულებული ვირტუალური ფიგურებით, არავის დატოვებს გულგრილს. გამორჩეული ნამუშევარი მისთვის პატარა, ხის გემია, რომელიც რიგი მიზეზების მიუხედავად, შეუპოვრად მიიწევს ზღვისკენ. ჩემი დღევანდელი რესპონდენტიც ასეთია. უყვარს თავისი საქმე და წარმატების მისაღწევად არც თავს ზოგავს. სურს, რომ მისი ნამუშევრები, ფართო საზოგადოებამაც იხილოს…
– ლექსო, როდის დაინტერესდი 3D დიზაინით?
-ეს დაახლოებით ხუთი წლის წინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი თამაშისთვის შესაბამისი მოდელის დამზადება დამჭირდა. მას შემდეგ ამ საქმით ვარ დაკავებული. ეს არის ჩემი ჰობიც და ინტერესის სფეროც, რომლის კეთებაც განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. პირველი ნამუშევარიც კი მახსოვს, რომელიც სასწავლო ვიდეოს მეშვეობით შევქმნი. ძალიან მარტივი ფიგურა იყო. მის ასაწყობად 5 წუთი იყო საჭირო, თუმცა, მე, საათზე მეტი დრო მოვანდომე.
– ამბობენ, რომ 3D-ში მუშაობა განსაკუთრებით შრომატევადია. საშუალოდ რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას ?
– გააჩნია რისი გაკეთებაა საჭირო. ჩემს შემთხვევაში, ერთი ნამუშევრისთვის შესაძლოა რამოდენიმე საათიც საკმარისი იყოს მაშინ, როდესაც მეორე ნამუშევრისთვის რამოდენიმე კვირა ან თვე. მაგალითისთვის, ნამუშევარზე – გოგონა ხმლით ხელში, დაახლოებით 55-60 საათი დამჭირდა. https://www.artstation.com/artwork/ZR26R როდესაც 3D-ზე მუშაობ, მნიშვნელოვანია გქონდეს მოთმინება და გიყვარდეს შენი საქმე. სხვაგვარად – შეუძლებელია.
-ვინ არიან შენი დამკვეთები და რისთვის იყენებენ შენს ნამუშევრებს?
– უმეტეს შემთხვევაში, ჩემი დამკვეთები ის ადამიანები არიან, რომლებიც თამაშებს და მულტფილმებს ამზადებენ. ხშირად ცალკეული პირებიც მიკავშირდებიან, რომლებსაც შესაძლოა არქიტექტურული ვიზუალიზაცია სჭირდებოდეთ. თუმცა, ყველაზე ხშირად, ვქმნი პერსონაჟებს, როგორც თამაშებისთვის, ისე ანიმაციებისთვის. ვერც კი წარმოიდგინეთ როგორი სასიამოვნო პროცესია, როდესაც დღეების და ზოგჯერ კვირების განმავლობაში მუშაობ და ბოლოს იმ შედეგს იღებ, რაც რეალურად გინდოდა. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ნამუშევრები ყოველ ჯერზე უკეთესი გავხადო. ამისთვის არც შრომას ვიშურებ და არც დროს.
– რომელია შენი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი და რატომ ?
– ყველაზე გამორჩეული ალბათ პატარა გემია ზღვის პირას. ნამუშევრის იდეა იმაში მდგომარეობს რომ გემის ოცნებაა – ზღვაში ცურვა, შეუძლებელია. თუმცა, ამის მიუხედავად, ის უკან მაინც არ იხევს. ნამუშევარსაც შესაბამისი სახელი ჰქვია – A brave dream, ანუ მამაცი ოცნება.
-საუბრის დასაწყისში მითხარი, რომ თვითნასწავლი ხარ. რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ასევე სურთ, 3D დიზაინში ბედის ცდა. სად მოიძიონ ინფორმაცია, როგორ განვითარდნენ და როგორ მოახდინონ მათი ცოდნის რეალიზება?
– დღეს, 3D დიზაინის შემსწავლელი უამრავი კურსი არსებობს. როგორც ტრადიციული, ისე ონლაინ გაკვეთილები. პირადად ჩემთვის, ყველაზე ეფექტიანი, უფასო 3D ძრავი Blender 3D-ია – www.blender.org. ამ პლატფორმას ახლაც აქტიურად ვიყენებ. თუმცა, შემიძლია სხვა ვებგვერდებიც დაგისახელოთ, სადაც მსურველები უფასოდ შეძლებენ მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და ამ საქმის შესწავლას. ესენია:
www.cgcookie.com , www.blenderguru.com, www.zbrushtuts.com
– როგორ ფიქრობ, 3დში მუშაობისთვის, რაიმე განსაკუთრებული ნიჭია საჭირო?
– კარგია, თუ ადამიანს ხატვის ან ძერწვის ნიჭი ექნება, თუმცა 3D ნამუშევრის შექმნა ამის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია მოგწონდეს ამ საქმის კეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება, რადგან ეს საკმაოდ შრომატევადი სფეროა.
– როგორ ფიქრობ, რამდენად განვითარებულია დღეს ეს სფერო საქართველოში? პირადად შენ, რა პრობლემების წინაშე მდგარხარ?
– ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ეს სფერო ნაკლებად განვითარებულია. თუმცა, წინა წლებთან შედარებით პროგრესი მაინც არის. კომპიუტერული გრაფიკის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი არასამთავრობო ორგანიზაცია CG Georgia-ს შეაქვს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ამ სფეროს წახალისებას. აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს, სემინარებს, დისკუსიებს და ცდილობს დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. სამწუხაროა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში იშვიათად ქმნიან კომპიუტერულ თამაშებს, რაც იწვევს ამ საქმიანობისადმი დაინტერესების შემცირებას. თუმცა, იმ პირობებში რაც არსებობს, მაინც საკმაოდ ხარისხიანი ნამუშევრები იქმნება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველ 3D ანიმაციურ ფილმზე Geno-ზე მუშობენ. ძალიან კარგი პროექტია და იმედია, რომ წარმატებულიც იქნება. (იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com watch ?v=h8Ge0rQH5p8 )
– როგორც ვიცი, ანიმაციების შექმნის გარდა, სხვა საქმიანობითაც ხარ დაკავებული …
– დიახ, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს რკინიგზამ SAP-ის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო. ეს არის პროექტი, რომელიც საწარმოს ბიზნეს-პროცესების გაკონტროლების საშუალებას იძლევა და შესაბამისად, ამარტივებს ბიზნეს-საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს. საკმაოდ მნიშვენლოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია, რომელიც, დღითი დღე ვითარდება. ამაყი ვარ, რომ მეც იმ გუნდის წევრი ვარ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროექტი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. მე WBS-ის დეპარტამენტში, SAP ანალიტიკოსად ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოზიცია რკინიგზაში საკმაოდ სპეციფიურია, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კომპიუტერული უნარ-ჩვევები ჩემს საქმეში ძალიან მეხმარება.
– შენი მიზნების შესახებ გვიამბე. ალბათ გინდა, რომ მეტმა ადამიანმა გაგიცნოს, რომ შენი შესაძლებლობების მეტად რეალიზების საშუალება მოგეცეს?
– როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ორი მიმართულებით ვმუშაობ. რკინიგზის შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, რომ ეს ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. 3D დიზაინის შემთხვევაში კი, მსურს, რომ ეს სფერო კიდევ უფრო მაღალ დონეზე შევისწავლო. მიღწეული შედეგით არასდროს ვკმაყოფილდები და ვცდილობ, რომ ყოველ ჯერზე უკეთესი ნამუშევრები შევქმნა. სიამოვნებით ვისწავლიდი Gnomon-ის ვიზუალური ეფექტების სკოლაში, რადგან აქ მიღებული ცოდნა, უდავოდ დამეხმარებოდა ჩემს პროფესიაში. ჩემი აზრით, თუ ადამიანს წარმატების მიღწევა და სტანდარტული ზღვარის გადაბიჯება უნდა, უფრო მეტი უნდა გააკეთოს. არ უნდა დაიშუროს ამისთვის არც დრო და ენერგია.
– რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც 3D დიზაინის სფეროში თავის დამკვიდრება სურთ?
– ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად მთავარია გიზიდავდეს ეს საქმე. არ უნდა იჩქარონ, ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლიან. სამწუხაროდ, ბევრი მინახავს, რომელმაც ამ სფეროს შესწავლა, მხოლოდ კომერციულიული თვალსაზრისით გადაწყიტა და შემდეგ, როდესაც მიხვდა, რომ სფერო საკმაოდ შრომატევადი იყო, თავი დაანება. წარმატებას ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუ გულწრფელად ეყვარებათ ეს საქმე.