ვინ და როგორ შექმნა გრიპის მომაკვდინებელი ვირუსი რომელმაც უამრავ ადამიანი გაანადგურა

6971

1960 წლის 10 თებერვალს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, საბჭოთა საელჩოს წინ, 39 წლის ჯეიმს მეისონი „ცეერუს“ სპეცაგენტებმა ჩაცხრილეს და მიიმალნენ. თუმცა, მან მოასწრო და საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა: „მე, ჯეიმს მორტონ მეისონი, 39 წლის, ბიოლოგიის მაგისტრი ვარ და ვმუშაობ ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო-ბიოლოგიური ცენტრის ლაბორატორიაში, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს. იქ არაადამიანურ ექსპერიმენტებს ახორციელებენ და მინდა, რომ ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყოს. ვირუსი „ოპეესი“ საშინელი რამეა და მის გამოყენებას საბჭოთა კავშირში გეგმავენ. დროზე ჩაერიეთ, რომ ხვალ გვიან არ იყოს“.

მეისონის წერილი კაგებეს შეფს მიუტანეს და უთხრეს, რომ სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო. შესაბამისი სანქციის მიღების შემდეგ, სპეცოპერაციის ჩატარება პოლკოვნიკ ბადრი ლაღიძეს დაავალეს. გენერალმა კორობნიკოვმა მას უთხრა:

– ჩემო ბადრი, უაღრესად საპასუხისმგებლო მისია გეკისრება და ყველაფერი „ხუთიანზე“ უნდა შეასრულო. დადგენილია, რომ ამერიკელთა სამედიცინო-ბიოლოგიური ლაბორატორია ამაზონის ჯუნგლებში, ქალაქ ტაფეს მახლობლად მდებარეობს. იმ მიდამოებში კაციჭამიათა ტომები სახლობენ, შუაგულ ტყეში კი ნიანგებით სავსე ტბებია. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ეს უზარმაზარი ტერიტორია ამერიკულ კონცერნ „ნეიშენალ კოფი კომპანის“ აქვს აღებული ასწლიანი იჯარით, სინამდვილეში კი, ის „ცეერუს“ ფილიალია. მოკლედ, შენ იცი და შენებმა, მიდით, იმოქმედეთ!

1960 წლის 14 თებერვალს, ანუ მეხიკოში მომხდარი შემთხვევიდან მეოთხე დღეს, საბჭოთა სპეცაგენტების ექვსკაციანი ჯგუფი უკვე მდინარე ამაზონის გაუვალ ჯუნგლებში მიიკვლევდა გზას, საიდუმლო სამედიცინო-ბიოლოგიური ლაბორატორიისკენ. ოთხი დღის განმავლობაში საბჭოთა მზვერავ-დივერსანტებმა 120-კილომეტრიანი ურთულესი გზა გაიარეს და კომნა დე-ნაის ტბას მიადგნენ. მათ თან 30-კილოგრამიანი პლასტიკური ასაფეთქებელი მასალა ჰქონდათ წაღებული.

– სიბნელეს დაველოდოთ და, როგორც კი ბინდი ჩამოწვება, ოპერაციას ვიწყებთ, – უთხრა ხელქვეითებს პოლკოვნიკმა ლაღიძემ, რომელიც პირადად მონაწილეობდა სპეცოპერაციაში.

საბჭოთა სპეცაგენტებმა სამედიცინო-ბიოლოგიური ლაბორატორიის შუაგულში ნიანგებით სავსე ტბიდან შეაღწიეს და საამისოდ სპეციალური სკაფანდრები გამოიყენეს. ეს ტბა ხელოვნურად იყო შექმნილი და სწორედ მის ქვეშ მოაწყვეს ამერიკელებმა ის სამედიცინო-ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელშიც ვირუსი „ოპეესი“ გამოიგონეს და წარმატებით გამოსცადეს ადამიანებზე. ეს იყო გრიპის ვირუსი, რომელიც ორი კვირის შემდეგ ვითარდებოდა ადამიანის ორგანიზმში და სამ დღეში უეჭველ სიკვდილს იწვევდა. ჩატარებული ცდების შედეგად, დანამდვილებით იყო ცნობილი, რომ „ოპეეს“ ვირუსის გავრცელების შედეგად ერთი თვის განმავლობაში მილიონი ადამიანი განადგურდებოდა. ამერიკელებს 10 ასეთი ინფიცირებული ჰყავდათ კომნა დე-ნაის ლაბორატორიაში. საბჭოთა მზვერავებმა სწორედ ამ ინფიცირებული ხალხის საბჭოეთში გადმოგზავნის წინა დღეს შეაღწიეს ლაბორატორიაში და მისი აფეთქება მოახერხეს. საბჭოთა აგენტებმა ლაბორატორიის სახურავის (რომელიც ტბის ფსკერი იყო) 10-მეტრიანი რადიუსი ააფეთქეს, რაც სრულიად საკმარისი იყო, რომ უზარმაზარი ლაბორატორია ხელოვნური ტბის ქვეშ აღმოჩენილიყო და 560 ადამიანი და მთელი ლაბორატორია წყალს დაეფარა. ამ ოპერაციას 4 საბჭოთა სპეცაგენტის სიცოცხლე შეეწირა, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ გმირობა მიანიჭეს. გმირები გახდნენ ბადრი ლაღიძე და თემურ ჯუღელიც, რომლებმაც მომაკვდინებელი ვაქცინით სავსე კაფსულა საბჭოთა კავშირში ჩამოიტანეს.

P. S. „ოპეესის“ ისტორიას საკმაოდ ტრაგიკული გაგრძელება და დასასრული ჰქონდა, რადგან საბჭოეთმა ეს ვაქცინა იმდენად საშიში და სწრაფგავრცელებადი გახადა, რომ ვიეტნამის ომში მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში 85 ათასი ადამიანი დაიღუპა უცნობი დაავადებისგან.

1973 წლის მაისში, ციმბირში, ქალაქ ირკუტსკის მახლობლად, ღრმა ტაიგაში მდებარე გასაიდუმლოებულ სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, მიწის ქვეშ რომელიც 40 მეტრ სიღრმეზე მდებარეობდა, პოლკოვნიკი იური სერიოგინი შეიჭრა, „ოპეეს 2-ით“ სავსე კაფსულა გაიტაცა და ტაიგაში ააფეთქა, რასაც 500 კილომეტრის რადიუსში ყველა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება და შემდგომში სიკვდილი მოჰყვა. სწორედ ამის შედეგი იყო ციმბირის ეგრეთ წოდებული „დიდი კარანტინი“, რომლის დროსაც ირკუტსკი და ახლომდებარე რაიონები დახურულ ზონად გამოცხადდა და იქ კაციშვილს არ უშვებდნენ…

ლევან გიორგაძე

Comments
Loading...