ვინ დგას რეალურად „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ უკან?

როგორც სტატიის ავტორი წერს გავლენის გარეშე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა მაქსიმალურადაა გადასული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიების მოწყობაზე.

“ამისთვის კი, ეს ორგანიზაცია, მის ხელთ არსებულ ძირითად რესურსებს – მედია საშუალებებს, კონტროლირებად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. საზოგადოებრივი აზრების კვლევებს, რომელთა შედეგებით ახდენს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.
ამგვარი მანიპულირების სქემა მარტივია: „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ე.წ. კვლევას, რომელიც ძირითადად, გამოხატავს პარტიის ინტერესებს და არა რეალობას. შემდეგ ამ კვლევის ლეგიტიმაციისთვის პოულობს რომელიმე საერთაშორისო ფონდს, როგორც პარტნიორს, შემდეგ შეფუთავს პროდუქტს და მიაწვდის ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მყოფ მედიასაშუალებებს, პირველ რიგში, რასაკვირველია, „რუსთავი 2“-ს.
მედია საზოგადოებას აცნობებს, რომ კვლევა ჩაატარა საერთაშორისო ორგანიზაციამ და რასაკვირველია არ ახსენებს, რეალურად ვინ და როგორ ჩაატარა გამოკითხვა. და დახატავს სურათს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მაღალია. ამის შემდეგ, „ნაციონალების“ მიერ კონტროლირებადი მედია კვლევის შესაფასებლად აკითხავს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თავის ექსპერტებს. ეს უკანასკნელები, ადასტურებენ – კვლევა ნამდვილად წარმოაჩენს რეალობასო და მხოლოდ ამის შემდეგ, სთხოვს „ნაციონალების“ ჟურნალისტი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხზე კომენტარს.
ხელისუფლების წარმომადგენელს კი სხვა გზა არ დარჩენია, ასე თუ ისე, თავის მართლება უწევს. საბოლოოდ კი, ასეთი ვითარება იქმნება – მთელი პოლიტიკური სპექტრი არჩევს კვლევას, რომლის ნამდვილობა არავის შეუმოწმებია. ზუსტად ამ სქემით ქვეყნდებოდა NDI-ს ანეკდოტადქცეული კვლევები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოჩენილი იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ორგანიზაცია მაშინ, როცა ამ პარტიას უჭირს შეკრიბოს 5000 კაციანი მხარდამჭერთა ჯგუფიც კი.
NDI-მ კვლევა დაუკვეთა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს“ (CRRC). იგივე სქემას მიჰყვება „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, რომელმაც კვლევა დაუკვეთა იმავე „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს“. ეს ცენტრი აფილირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთ სახეებთან, როგორიცაა ლევან თარხნიშვილი და თინათინ ბოკუჩავა, რომელიც 2009-2011 წლებში NDI-ში სოციოლოგიური კვლევების მიმართულებას კურირებდა.
ამავე ორგანიზაციასთან აფილირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ექსპერტი გია ნოდია. საკვირველია, რატომ ვერ შეამჩნია თავად NDI-მ ან „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“, რომ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევები, რბილად რომ ითქვას, ძალიან განსხვავდება რეალობისგან. ამის დასტურად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული კვლევაც გამოდგება, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწერეს 37%, „ქართულ ოცნებას“, მხოლოდ 12%, რამდენიმე დღეში კი არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო.
ანუ, NDI-ს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა მინიმუმ 42%-იანი ცდომილება! სოციოლოგიური კვლევები უშვებენ მაქსიმუმ 2%-იან ცდომილებებს, მაგრამ 42%-იანი შეცდომა შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთგვარად – კვლევები უნამუსოდ იყო გაყალბებული.
ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისე ახდენს მოსახლეობის მანიპულირებას, რომ ამას ვერ ან არ ამჩნევენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამგვარი დამოკიდებულება კვლევებისადმი კი ძალიან საშიშია როგორც პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც, რადგან ყოველი დამახინჯებული კვლევა სულ უფრო ამცირებს ხალხის ნდობას არა მხოლოდ კვლევების, არამედ ამ კვლევების დამკვეთი ორგანიზაციების მიმართაც”, – წერს გაზეთი “ვერსია”.

წყარო: ვერსია

Leave A Reply

Your email address will not be published.