„ვინც კოალიციიდან წავა, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს“

რაზე მოელაპარაკა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს, იქნება თუ არა სპორტსმენების და მსახიობების ბუნტი, წავა თუ არა ვინმე კოალიციიდან? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრება.

– 14 იანვარს საღამოს „ქართული ოცნების” დეპუტატები დახურულ კარს მიღმა, ჭავჭავაძეების მარანში შეხვდით ბიძინა ივანიშვილს. ეს შეხვედრა კოალიციაში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა?

– არა, ამ შეხვედრაზე აღვნიშნეთ ძველით ახალი წელი. მივულოცეთ და მივეფერეთ ერთმანეთს. ძალიან თბილი და ლამაზი საღამო გამოვიდა, რომელსაც სრულიად აპოლიტიკური ხასიათი ჰქონდა.

– პოლიტიკაზე საერთოდ არ გისაუბრიათ?

– პოლიტიკაში ვართ და პოლიტიკაზე საუბარს გვერდს ვერ ავუვლიდით, მაგრამ რაიმე კონკრეტულზე არ ყოფილა საუბარი. ეს საუბრები ალბათ სხვა დროს იქნება.

– მომავალშიც აპირებთ ივანიშვილთან შეხვედრას?

– რა თქმა უნდა. იმ შეხვედრაზე მხოლოდ პოლიტიკაზე იქნება საუბარი. არჩევნები მოდის და რაღაც-რაღაც საკითხები უნდა გადავწყვიტოთ.

– როდის შედგება პოლიტიკური შეხვედრა?

– ჩემი სურვილია, რომ ასეთი შეხვედრა რაც შეიძლება მალე გაიმართოს. დასახელდება თარიღი და შევხვდებით. საგურამოში გამართულ საღამოზე ამაზე არაფერი თქმულა. მე არ მიყვარს რამის დამალვა და გეტყვით, რომ ამ შეხვედრაზე მხოლოდ ის ითქვა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. ეს სიახლე არ ყოფილა, რადგან ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე დაიწყო.

– თუ დასახელდა, ვინ სად იქნება?

– არა, ჯერ ამის შესახებ არაფერი თქმულა.

– ამ შეხვედრაზე სპორტსმენების და მსახიობების საკითხი თუ იქნა განხილული? ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ საარჩევნო სიაში მათი ადგილი აღარ იქნება, ეს ადამიანები ძალიან გააბრაზა…

– ამ თემაზე საუბარს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდით. ჩვენი კოლეგები ძალიან იყვნენ გაცხარებული. ბიძინა ივანიშვილი მათ მოეფერა და დააწყნარა. უთხრა, რომ სიის დაკომპლექტება პროფესიების მიხედვით არ მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ისინი ავტორიტეტები არიან, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, არჩევნებზე ამხელა შედეგს ვერ დავდებდით და ისეთ მონსტრს ვერ მოვერეოდით, როგორიც სააკაშვილია. არჩევნების დროს და მის წინა პერიოდშიც მათ მარტო საკუთარი თავი კი არა, ოჯახების სიცოცხლეც სასწორზე დადეს. ამის დავიწყება არ შეიძლება.

შეიძლება მათთან დაკავშირებით ვიღაცას რაღაცა წასცდა. დარწმუნებული ვარ. ირაკლი კობახიძეს ეს ახალგაზრდობით მოუვიდა, მაგრამ მანაც დაიხია უკან და უნდა ვაპატიოთ. აწი ისწავლის ზომიერად ლაპარაკს. ვიმეორებ, ჩვენი სპორტსმენები და მსახიობები ძალიან ღირსეული ხალხია და მათი დაკარგვა კარგი არ იქნება. ამას ყველანი კარგად ვხვდებით და რამდენადაც მე ვიცი, ისინი ჩვენ გვერდით დარჩებიან.

– აბა, ტყუილად ელოდნენ სხვა პარტიები, რომ ისინი მათთან გადანაწილდებოდნენ?

– ნამდვილად ტყუილად ელოდებიან. ბატონმა ბიძინამ იმ შეხვედრაზე დაბეჯითებით თქვა, რომ გუნდიდან გასაშვებად არავინ ემეტება. ვიღაცა თავად თუ მოინდომებს წასვლას, ცხადია, ძალით არავინ დააკავებს.

– გუნდიდან არავის გაშვება არ უნდა და ყველას დატოვებს საარჩევნო სიაში?

– ასე არ მოხდება, საარჩევნო სიას გადახალისება სჭირდება. ზოგი პარლამენტში დარჩება, ზოგი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს. ივანიშვილმა გვითხრა, ჩვენ თანამებრძოლები ვართ და ბოლომდე ასე დავრჩებითო. ყველას გვერდში დგომას დაგვპირდა და ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა ადამიანს. შეხვედრით ყველა კმაყოფილი დარჩა. თავისი სათქმელი ყველამ თქვა, თუ ვინმეს გულში ხინჯი ჰქონდა, ამაზეც ითქვა.

– როცა გითხრათ, გასაშვებად არავინ მემეტებითო, მხედველობაში კოალიციის წევრები ჰყავდა თუ მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებზე საუბრობდა?

– ამ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ჩვენს ფრაქციაზე იყო. შეხვედრასაც მხოლოდ ფრაქციის წევრები ვესწრებოდით. ასეთი რამე პირველად მოხდა. სხვა დროს ბატონ ბიძინას მთელი კოალიცია ვხვდებოდით.

– მარტო შეხვედრა რატომ ვერ მოახერხეთ, თუ ამის სურვილი არ გქონიათ?

– სულ გვინდოდა, რომ ცალკე შევხვედროდით ივანიშვილს, ის უფრო ჩვენიანია და მასთან პირისპირ გვინდოდა საუბარი. აქამდე ეს რატომღაც არ გამოვიდა, ახლა მოვახერხეთ და შეხვედრით კმაყოფილები ვართ. გაგვიხარდა, რომ ამ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. იქ იყო მოქმედი პრემიერიც. მოკლედ, სულ ჩვენიანები ვიყავით.

– ახლა მარტო თქვენი ფრაქცია რომ შეხვდით, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს არ ეწყინებოდათ?

– გულისწყვეტა შესაძლოა ყოფილიყო, მაგრამ არა მგონია, ვინმეს სწყენოდა. უნდა თუ არა ვინმეს, უხარიათ თუ არ უხარიათ, ფაქტი ერთია – ამ კოალიციაში წამყვანი ძალა ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. ივანიშვილიც ჩვენიანია და პირველ რიგში ჩვენთან უნდა გარკვეულიყო რაღაც-რაღაც საკითხები. არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ შეხვედრები კვლავ კოალიციურ რეჟიმში გაიმართოს.

– ივანიშვილის გვერდზე ღარიბაშვილის გამოჩენამ ახალი მითქმა-მოთქმები გამოიწვია. ისევ დაიწყო საუბარი, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი. ამ თემაზე თუ იყო საუბარი?

– ძალიან გამიხარდა, ირაკლი ღარიბაშვილი ამ შეხვედრაზე რომ მოვიდა. ეს დასტურია იმისა, რომ ჩვენ კვლავ ერთ გუნდად ვრჩებით. ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, საუბარი მის წასვლაზეც იყო. ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ეფექტური პრემიერი იყო. იმ პერიოდში ამ თანამდებობაზე კვირიკაშვილი რომ ყოფილიყო, ის ასეთი ეფექტური ვერ იქნებოდაო. თქვა, რომ ახლა კვირიკაშვილი უფრო ეფექტური იქნებაო. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის და ყველაფერი ნორმაშია. გული მიგრძნობს, რომ კარგისკენ მივდივართ.

– ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მომავალზე არაფერი თქმულა?

– ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ყველამ ვიცით, რომ მას ძალიან დიდი რესურსი აქვს და პრემიერად ყოფნისას უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა. ის დასაკარგი ადამიანი არაა და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

– სად და რანაირად იტყვის თავის სათქმელს?

– ამას თავად გადაწყვეტს.

– რამდენიმე დღის წინ თქვენი კოლეგა თამაზ მეჭიაური კოალიციის დაშლის ინიციატივით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ კოალიციაში თუ ვინმეს დიდი პოლიტიკური მადა აქვს, შეუძლია ცალკე გავიდეს და ასე დაამტკიცოს თავისი ძალაო. ამაზე თუ იყო ივანიშვილთან საუბარი?

– ამაზე შეხვედრაზე არ გვისაუბრია. თამაზის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რაც დიდად გამართლებულად არ მიმაჩნია. მან თქვა სრული სიმართლე, თუ ვინმეს მომატებული მადა გაუჩნდება, ლოგიკურიც იქნება, თუ დამოუკიდებლად მოსინჯავს საკუთარ ძალებს.

– მივა აქამდე საქმე?

– არა მგონია, არჩევნებამდე მივალთ, როგორც კოალიცია. პარტიები თუ შემოგვემატებიან, თორემ წასვლით არავინ წავა.

– რატომ გგონიათ, რომ არავინ წავა?

– იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის საკუთარი შესაძლებლობები. თამაზ მეჭიაურის განცხადებამ ყველამ ისე აღიქვა, რომ რესპუბლიკელების მისამართით იყო გაკეთებული. დამიჯერეთ, ეს მარტო რესპუბლიკელებს არ ეხება. ნებისმიერი პარტია, რომელიც კოალიციიდან გავა, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.

– პარტია „ქართულ ოცნებასაც“ გულისხმობთ?

– ჩვენი საქმე ცოტა სხვანაირად არის. თუ ცალკე გავალთ, ეს შესაძლოა წაგვადგეს კიდეც და ხალხში უფრო მეტი სიმპათიები დავიმსახუროთ. მოსახლეობის ერთი ნაწილი ჩვენს კოალიციაში შემავალ რამდენიმე სუბიექტს ვერ იტანს და თუ ცალკე ვიქნებით, გაიხარებენ. სამომავლოდ რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში კოალიციას არავინ დატოვებს. როგორც უკვე გითხარით, კოალიციაში შემომატებას აპირებენ.

– მწვანეთა პარტიას და სოციალ-დემოკრატებს გულისხმობთ?

– მათზე მოგახსენებთ.

– დაიმატებთ ამ პარტიებს?

– დასაკარგი ხალხი არ არის. „ქართულ ოცნებას“ სოციალ-დემოკრატიული მიმართულება გვაქვს აღებული და რატომ არ უნდა მივიღოთ სოციალ-დემოკრატები? თუ ლიბერალებთან ვახერხებთ თანამშრომლობას, მათთან რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ? მგონია, რომ მათთან ძალიან კარგად ვითანამშრომლებთ.

– მათ გარდა კიდევ თუ დაგემატებათ ვინმე? ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კოალიციაში ალასანიას პარტიის შესაძლო დაბრუნებაზე…

– არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ ამ თემაზე რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ქვეყანაში დიდი პოლიტიკური დუღილი იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თავად თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, რომ ოპოზიციაში არიან და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ცალკე ყოფნა თუ უნდათ, ძალით ნამდვილად არ ვაპირებთ მათ შეყვანას კოალიციაში.

– ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე. ის იმიტომ არ მოვიდა, რომ მხოლოდ ფრაქციის წევრებთან იყო შეხვედრა თუ არის სხვა რაიმე მიზეზი?

– არანაირი სხვა მიზეზი არ არის. დავით უსუფაშვილი რესპუბლიკელია. ივანიშვილს მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრები ვხვდებოდით. ფრაქციის წევრების გარდა, იქ უცხო არავინ არ ყოფილა თუ მხედველობაში ანსამბლ „ქართულ ხმებს“ არ მივიღებთ.

– ისინი რა სტატუსით ესწრებოდნენ შეხვედრას, მუსიკალურად გააფორმეს თუ რაიმე პოლიტიკური ამბავია აქაც?

– „ქართული ხმების“ წევრები ბიძინა ივანიშვილის მეგობრები არიან. ისინი იქ მოვიდნენ და რამდენიმე ლამაზი სიმღერა გვიმღერეს. ეს იყო და ეს.

– კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე რატომ არ მოვიდნენ? ერთი პარტიის გენერალური მდივანია, მეორე – აღმასრულებელი…

– ისინი იმ მარტივი მიზეზით არ მოვიდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ დეპუტატებს ხვდებოდა. გამონაკლისები მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი იყვნენ.

– იმის თქმა თუ შეგიძლიათ, რომ გუნდში არსებული დაპირისპირება დასრულდა?

– ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ გაუგებრობას ადგილი აღარ აქვს. ბიძინა ივანიშვილმა თავისი დიპლომატიურობით ეს დაპირისპირება თითქმის გააქრო. დღეს ყველაფერი გარკვეულია.

Leave A Reply

Your email address will not be published.