ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან უილიამ ლაჰიუსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შედგა და მასზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
სახელმწიფო მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, მან მიმოიხილა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრისა და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომის შედეგები, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის, რიგით მერვე წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებასა და საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობაზე იმსჯელეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან საქართველოს სტრატეგიული განხილვების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ შავ ზღვაზე ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობა მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს შეუწყობს.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების, ასევე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას შეეხო.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.